Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენი, დოლარი და გაუგებარი 10 პროცენტი


გაიზრდება თუ არა ფასები ელექტროენერგიაზე და რას ნიშნავს სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯების ათი პროცენტით შემცირება, ასევე, გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ მიიღო - ეს იყო კვირის ძირითადი თემები, რომელთაც რადიო თავისუფლება მიმოიხილავს.

დენი, დოლარი და გაუგებარი 10 პროცენტი
please wait

No media source currently available

0:00 0:07:41 0:00
გადმოწერა

20 დეკემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა რუსეთის გამამტყუნებელი ვერდიქტი საქმეზე, რომელიც 2006-2007 წლებში რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება. რუსეთს დაეკისრა 21 მოსარჩელიდან ორის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდაც: ლია შიოშვილს რუსეთის ფედერაციამ 30 000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო დეპორტაციის დროს გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის ოჯახს - 40 000 ევრო.

48 წლის თენგიზ ტოგონიძე რუსმა სამართალდამცველებმა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 2006 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს და, დაახლოებით, 15 დღე ამყოფეს იზოლატორის გაუსაძლის პირობებში. როდესაც ბრონქიალური ასთმით დაავადებული ტოგონიძე დეპორტაციისთვის მომზადებულ სხვა არაერთ ქართველთან ერთად სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გადაჰყავდათ, ის გზაში - ავტობუსში - გარდაიცვალა.

ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების - მაგალითად, არ არის აუცილებელი მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და კიდევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება, რომ ყველანაირი მტკივნეული გადაწყვეტილების გარეშე მივიღოთ...
გიორგი კვირიკაშვილი

აი, როგორ იხსენებდა მისი მეუღლე, ნინო ძიძავა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ ამბავს, რომელიც თავადაც უშუალო თვითმხილველებისგან შეიტყო:

​”ხალხი აჯანყდა, იხრჩობა ადამიანი და კარი გაუღეთო... არავის არ გაუკეთებია, ალბათ, ასეთი რამ, რომ ადამიანს ჟანგბადი არ მიაწოდეს. რომ აჯანყდა ხალხი, მათ წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენეს. ადამიანი, რომელიც იხრჩობოდა და შველას ითხოვდა, ელექტროშოკით გათიშეს. მოკვდა ადამიანი, გადაეკეტა სასუნთქი... ისინი კი იგდებდნენ - ვოტ, გრუზინსკაია სვინიაო (вот грузинская свинья), - იძახოდნენ...”

2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა აპირებს 10 პროცენტით შეამციროს სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დასაქმებულთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების შემცირებაც. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს მთავრობას საბიუჯეტო სახსრების შემცირებისას არ მიმართოს შტატების ოპტიმიზაციის პრაქტიკას და თავი აარიდოს თანამშრომელთა მასობრივ შემცირებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად მიიღეს. იგი ამბობს, რომ საბიუჯეტო სახსრების შემცირება, პირველ რიგში, შეეხება საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გაბერილი და არაფრის მომცემია:

„ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების - მაგალითად, არ არის აუცილებელი მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და კიდევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება, რომ ყველანაირი მტკივნეული გადაწყვეტილების გარეშე მივიღოთ და, სხვათა შორის, იმის გარეშე, რომ, პროპორციულად, ათი პროცენტით ადამიანები შევამციროთ“.

თუმცა, როგორც ირკვევა, სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები მაინც აპირებენ შტატების ოპტიმიზაციას, ანუ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას. ზოგიერთმა მინისტრმა - მაგალითად, გარემოს დაცვისამ - ღიად განაცხადა, რომ აპირებს ფინანსური და ადამიანური რესურსების ათპროცენტიან შემცირებას, რასაც ასევე ღიად ეწინააღმდეგება საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირი, რომლის თავმჯდომარის, ნუგზარ ჭინჭარაულის, თქმით, ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს ძვირად ღირებული ავტომობილების, ფეშენებელური ოფისების, მივლინებების, დანამატებისა და პრემიების შემცირების ხარჯზე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ამბობს:

„მაშინ როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტებით არის სავსე რაიონული გამგეობები, ისინი ახლა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ახლა დაერივნენ სამინისტროების ქვედა რგოლის თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობენ და რომელთა ზურგზეც გადადიოდა ძირითადი საქმე. ამიტომ ამ ტიპის ოპტიმიზაცია სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას უფრო გამოიწვევს, ვიდრე შეღავათს მისცემს ბიუჯეტს“.

თანამშრომელთა დათხოვნას არა, მაგრამ მათი შრომის შეფასებას გეგმავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. 22 დეკემბრის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან განმარტა, რომ სამინისტროში ახალი სამსახური შეიქმნება, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი. მინისტრების უმრავლესობას საერთოდ არ განუმარტავს, რა წესით აპირებს უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნინო ცუხიშვილი ამბობს, არ არსებობს საკადრო ოპტიმიზაციის ერთიანი ხედვა და თითოეული სამინისტრო ინდივიდუალურად წყვეტს, როგორ მიუდგეს საკითხს, რაც, მთლიანობაში, დისკრიმინაციასაც არ გამორიცხავს.

ორიოდე დღეში გაირკვევა, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის გაძვირება. 22 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ - არა, მაგრამ მის განცხადებაში გარკვეული დათქმები მაინც გამოჩნდა:

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. ეს განცხადება მოვისმინეთ, გუშინ განიხილეს თბოსადგურის ტარიფები, გარკვეული მიმართულებით მოხდა მატება თბოსადგურების ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფები, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს. თუ იქნება იმის აუცილებლობა, კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, მე გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას“.

როგორც სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი შენიშნავს, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა, დაახლოებით, 1,5- 2 თეთრითაა მოსალოდნელი.

პაატა შეშელიძე
პაატა შეშელიძე

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ადასტურებს, რომ დღევანდელი ვითარებით რამდენიმე კომპონენტი, რომლისგანაც სემეკი ფასს ადგენს, შეიცვალა, თუმცა არა ისე დრამატულად, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა გარდაუვალი და აუცილებელი იყოს:

​„საქმე ისაა, რომ, მართალია, კურსი დაეცა ლარის, მაგრამ, სამაგიეროდ, ნავთობპროდუქტებზე ფასი შედარებით ნაკლებია, ვიდრე მაშინ, როდესაც ეს ტარიფი დადგინდა. ამიტომ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საერთო ფონიდან შეწონილი მონაცემები გამოიყვანონ. მოკლედ რომ ვთქვა, მაინც ვფიქრობ, რომ რადგან გუშინ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება გარკვეული ტარიფების გადახედვის შესახებ, შეიძლება ორშაბათს დადგეს საკითხი სამომხმარებლო ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით და ლოგიკური იქნება, რომ ის ოდნავ გაიზარდოს“.

ლარის გაუფასურების მიმართ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით უკმაყოფილონი არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ბაქრაძემ 20 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მესვეურებს მოუწოდა, პარლამენტში სამოქმედო გეგმით გამოვიდნენ:

„დღეს ლარის გაუფასურება, გარდა ცხოვრების ზოგადი გაძვირებისა, ქმნის ორ კონკრეტულ საფრთხეს. პირველი ისაა, რომ, თუ ლარის კურსი იქნება მიმდინარე ნიშნულზე ან კიდევ უფრო გაუფასურდება, ჩნდება იმის რეალური რისკი, რომ სახელმწიფო იძულებული იქნება გააძვიროს ტარიფები ელექტროენერგიაზე და გაზზე. ეს კი იქნება გაძვირების ძალიან სერიოზული ტალღის დასაწყისი“.

24 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, საკონსტიტუციო კომისიაში 73 წევრია - მათ შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. მათ კონსტიტუციის გადასინჯვაზე უნდა იმუშაონ. კომისიის ერთ-ერთი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იმ ძირეულ ცვლილებებზე ლაპარაკობს, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყნის მთავარ კანონში უნდა შევიდეს:

„პირველ რიგში, უნდა გაიმართოს ხელისუფლების გადანაწილების სისტემა იმგვარად, რომ პარლამენტის უფლებამოსილებები გაძლიერდეს და ძალაუფლებისგან განიტვირთოს მთავრობის კაბინეტი, რეგიონები გამოიკვეთოს კონსტიტუციაში და უნდა გადაიდგას ნაბიჯები სასამართლო დამოუკიდებლობის და ძალაუფლების გაზრდის თვალსაზრისით“.

ბავშვები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას ვერც ბაღისა და ვერც სკოლის პერიოდში. ეს არის ჩვენი გამაფრთხილებელი აქცია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, მივმართავთ შსს-ს, რომ კანონში ჩანაწერი, რომ სამ წლამდე ბავშვი შეიძლება კალთაში ჩაისვათ, არის პირდაპირ მკვლელი მუხლი ჩვენი შვილების...
დავით მესხიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ცვლილებების შეტანას მოითხოვენ. მათი მოთხოვნა იმ საგანგაშო სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 70-მდე ბავშვი ემსხვერპლა და 2 500-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ საქართველოში არსებული მონაცემები ევროპის საშუალო მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება. სიკვდილიანობისა და ტრავმების მიზეზების ჩამონათვალი ვრცელია. მათ შორისაა, მაგალითად, ის, რომ ბავშვები ტრანსპორტში ფეხზე დგანან, მძღოლების უმრავლესობამ არ იცის, რომელ წლამდე არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება გაჩერებულ ავტომობილში. არის შემთხვევები, როდესაც მძღოლს საჭის მართვის დროს ბავშვი კალთაში უზის. ხშირია შემთხვევა, როდესაც 12 წლამდე ბავშვი ზის წინა სავარძელზე. ამ ფაქტორებს შორის ერთ-ერთ უმთავრესად დავით მესხიშვილი მგზავრობისას ბავშვთა სავარძლების უქონლობას ასახელებს, თუმცა - არამხოლოდ ამას:

„დამნაშავეები ვართ ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, რომლებიც არ ვიყენებთ ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეცსავარძლებს, და ადამიანები, რომლებსაც გადაგვყავს ბავშვები შუა გზაზე ინტენსიურ საგზაო მოძრაობაში. გარდა ამისა, ბავშვები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას ვერც ბაღისა და ვერც სკოლის პერიოდში. ეს არის ჩვენი გამაფრთხილებელი აქცია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, მივმართავთ შსს-ს, რომ კანონში ჩანაწერი, რომ სამ წლამდე ბავშვი შეიძლება კალთაში ჩაისვათ, არის პირდაპირ მკვლელი მუხლი ჩვენი შვილების. ასეთი რამ არ წერია არც ერთ ევროპულ კანონში და ეს არის არაჰუმანური მუხლი. ამიტომ მოვითხოვთ სპეცსავარძლების დაკანონებას, ბაღებსა და სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას..."

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის მიმდინარე წელს თბილისის მერიამ 50 ათასი ლარი გამოყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG