Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში მოგებული საქმეები რუსეთის წინააღმდეგ


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2016 წლის 20 დეკემბერს გამოიტანა რუსეთის გამამტყუნებელი ვერდიქტი საქმეზე, რომელიც 2006-2007 წლებში რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება. რუსეთს დაეკისრა 21 მოსარჩელიდან 2-ის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდაც: ლია შიოშვილს რუსეთის ფედერაციამ 30 000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო დეპორტაციის დროს გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის ოჯახს - 40 000 ევრო.

გადმოწერა

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ სხვა ასობით ქართველთან ერთად იმ 21 ადამიანის დეპორტაციის გადაწყვეტილებაც მიიღო, ვინც მოგვიანებით საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოში იჩივლა. დეპორტაციის პროცესს მაშინ სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 48 წლის თენგიზ ტოგონიძეც, რომელიც რუსმა სამართალდამცველებმა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 2006 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს და, დაახლოებით, 15 დღე ამყოფეს იზოლატორის გაუსაძლის პირობებში. როდესაც ბრონქიალური ასთმით დაავადებული ტოგონიძე დეპორტაციისთვის მომზადებულ სხვა არაერთ ქართველთან ერთად სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გადაჰყავდათ, ის გზაში - ავტობუსში - გარდაიცვალა. აი, როგორ იხსენებდა მისი მეუღლე, ნინო ძიძავა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ ამბავს, რომელიც თავადაც უშუალო თვითმხილველებისგან შეიტყო:

სასამართლომ დაადგინა, რომ ხდებოდა ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაცია, ისიც, რომ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლომ უნდა აღიაროს ბავშვის, ანუ ემბრიონის, სიცოცხლის უფლებაც (რომელიც შიოშვილმა დაკარგა), მაგრამ ეს ასე არ მოხდა...
ნიკოლოზ ლეგაშვილი

”ხალხი აჯანყდა, იხრჩობა ადამიანი და კარი გაუღეთო... არავის არ გაუკეთებია, ალბათ, ასეთი რამ, რომ ადამიანს ჟანგბადი არ მიაწოდეს. რომ აჯანყდა ხალხი, მათ წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენეს. ადამიანი, რომელიც იხრჩობოდა და შველას ითხოვდა, ელექტროშოკით გათიშეს. მოკვდა ადამიანი, გადაეკეტა სასუნთქი... ისინი კი იგდებდნენ - ვოტ, გრუზინსკაია სვინიაო (вот грузинская свинья), - იძახოდნენ...”

2007 წლის 26 მარტს სწორედ ამ საქმეზე შეიტანეს სასამართლოში 21 დაზარალებული ქართველის სარჩელი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, პირველი საჯარო მოსმენა კი სტრასბურგის სასამართლოში 2009 წლის 16 აპრილს გაიმართა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა რადიო თავისუფლების დილის ეთერში განაცხადა, რომ დეპორტაციის პროცესში ყველა სამართლებრივი პროცედურა იყო დარღვეული - ქართველებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. თუმცა ლეგაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისათვის ლია შიოშვილის საქმეზე მხოლოდ 30 000 ევროს დაკისრება კომპენსაციის სახით ძალიან სიმბოლური თანხაა, მით უფრო, თუ ამ ადამიანის ტრაგიკულ ამბავს გავეცნობით. კითხვაზე, თუ რა დაადგინა ევროსასამართლომ ლია შიოშვილის საქმეზე, ნიკოლოზ ლეგაშვილი პასუხობს:

„სასამართლომ დაადგინა, რომ ხდებოდა ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაცია, ისიც, რომ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლომ უნდა აღიაროს ბავშვის, ანუ ემბრიონის, სიცოცხლის უფლებაც (რომელიც შიოშვილმა დაკარგა), მაგრამ ეს ასე არ მოხდა“.

სასამართლომ სხვა მოსარჩელეების შემთხვევაში დაადგინა, ასევე, რომ დაკავების დროს პროცედურები დაცული არ იყო, თუმცა რუსეთის ფედერაციას არ დააკისრა რაიმე ფინანსური ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რუსეთში ჰქონდა საოჯახო მეურნეობები, რომლებიც ამ დეპორტაციის შედეგად დაიკარგა. ლეგაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტაციის არარსებობის გამო ადვოკატები ისედაც მხოლოდ მორალურ კომპენსაციას ითხოვდნენ და არა მატერიალურს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ აბაზაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, საქართველოსთვის წარმატებულ შედეგად მიიჩნევს, რადგან, მისი სიტყვებით, სასამართლომ რუსეთის ფედერაცია ცნო ადამიანის უფლებების დამრღვევ სახელმწიფოდ და მას დააკისრა კიდეც კომპენსაციის გადახდა საქმეზე „ძიძავა რუსეთის წინააღმდეგ“. რაც შეეხება მეორე საქმეს - „ჩოხელი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“:

თამარ აბაზაძე
თამარ აბაზაძე

„ეს საკითხი გადასაწყვეტად მზად არ არის, ასე განმარტა ევროპულმა სასამართლომ და მიუთითა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე, რომელიც საქართველოს ასევე აქვს წარდგენილი, და ამ საჩივრის შემთხვევაში კომპენსაციის საკითხი ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი და ამჟამადაც მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა. სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ამ საქმეზე, მანამდე ინდივიდუალურ საჩივრებში კომპენსაციის საკითხის განხილვა არის შეჩერებული“.

თამარ აბაზაძე შენიშნავს, ასევე, რომ მიუხედავად ხანგრძლივი პროცედურის და ათი წლის განმავლობაში გაწელილი პროცესისა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია იურიდიულ ძალაში შევიდეს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილი იქნება, რომელ სახელმწიფოს მიუძღვის ბრალი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და გამოიკვეთოს მექანიზმი, რომლითაც ნაწილობრივ მაინც აღდგება ეს დარღვეული უფლებები.

რაც შეეხება შიოშვილისა და ტოგონიძის ოჯახისათვის კომპენსაციის გადახდის ვადებს, იურისტები განმარტავენ, რომ მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აქვთ სამი თვე, შემდეგ კი აღსრულების პროცედურა უნდა დაიწყოს, თუმცა, რადგანაც მხარე რუსეთია, ჩნდება კითხვა, რამდენად შეასრულებს ის დაკისრებულ ვალდებულებას და არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტი, საერთოდ. ამ კითხვის პასუხად ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობათა დეპარტამენტის უფროსი, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ევროსასამართლოს განაჩენის აღსასრულებლად.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG