Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოცირების შეთანხმება, ტენდერები და წამების ფაქტები საქართველოში


ხელმოწერის ცერემონია
ხელმოწერის ცერემონია

ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კვირის ბოლოს მოხდა: 27 ივნისს ბრუსელში ხელი მოეწერა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რითაც ქვეყანამ, უკრაინასა და მოლდავეთთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში შესასვლელად. კვირის განმავლობაში მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მედიკამენტებზე 60%-იანი ფასდაკლება შესთავაზოს C ჰეპატიტით ინფიცირებულ 1 300-მდე პაციენტს. თებერვლიდან მოყოლებული, კომისიას სულ 1500-მა პაციენტმა მიმართა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 ათასს აღწევს.

სახელმწიფო შესყიდვებში ისეთივე სიბნელეა, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს. ტენდერები ფორმალურია. იმარჯვებს ის, ვინც ახლოა ხელისუფლებასთან და, ბუნებრივია, ეს წარმოქმნის ვალდებულებებს. არაფერი ახალი არ ხდება...
დემურ გიორხელიძე

26 ივნისს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: „წამება, სტამბოლის პროტოკოლი და ბრძოლა დაუსჯელობასთან“. სწორედ დაუსჯელობას ასახელებდნენ კონფერენციის მონაწილე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოსთვის მთავარ მოსაგვარებელ პრობლემად.

გამოძიების ეფექტურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში ბესო ბოხაშვილმა:

„თითქმის ყოველი მეოთხე გადაწყვეტილება, რომელიც გამოდის საქართველოსთან მიმართებაში, უკავშირდება სწორედ რომ არაეფექტიანი გამოძიების გამო სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების დარღვევას. დაახლოებით 58 გადაწყვეტილებიდან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს, სულ მცირე, 13 გადაწყვეტილებაში აქვს ნათქვამი, რომ პოზიტიური ვალდებულების დარღვევას ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში“.

ერთი დღით ადრე კი, 25 ივნისს, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ციხეებში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში 2013 წელსა და 2014 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში პატიმართა მდგომარეობის ამსახველი მასალა შევიდა. წარმოდგენილ მასალებში ხაზგასმულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემური დანაშაული აღარ არის, თუმცა, გატარებული რეფორმების მიუხედავად, კვლავაც რჩება პრობლემები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ პატიმრებს ყველაზე მეტად სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ:

„გვიანდება ხოლმე რეაგირება პატიმრების განცხადებებზე მაშინ, როდესაც ისინი ითხოვენ მკურნალობას ან ოპერაციას. ზოგჯერ ამ ადამიანების გაუსაძლისი ყოფა წამებასაც კი უახლოვდება. თუმცა ჩვენ, ცხადია, ვხედავთ, რომ გაზრდილია ამ სფეროს დაფინანსებაც და რეაგირებაც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ანგარიშს სამოყვარულოს უწოდებს და ამბობს, რომ მასში ბევრი უზუსტობაა და, რაც მთავარია, მიღწეული პროგრესის მიჩქმალვას ისახავს მიზნად. მისი თქმით, არასერიოზულია მხოლოდ 17 მაგალითით მსჯელობა, მაშინ როდესაც ბოლო ორ წელიწადში 49 000 პატიმარს გაეწია სამედიცინო მომსახურება.

კიდევ ერთი ანგარიში წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. გამოკვლევის თანახმად, რომელიც 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 მაისამდე პერიოდს მოიცავს, სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს უმეტეს შემთხვევაში იღებდნენ სახელისუფლებო პარტიის დონორებთან კავშირში მყოფი შემომწირველები. წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისგან შემოწირულებები მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმაც, თუმცა, მმართველ პარტიასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები რაოდენობის.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებასა და მმართველი პარტიის დაფინანსებას შორის პირდაპირი კავშირი წლებია არსებობს და ხელისუფლების შეცვლით ეს ურთიერთობა არ დარღვეულა:

„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესია ხელისუფლებაში ყოფნა და, შესაბამისად, შენი მეგობრებისათვის და ვასალი ბიზნესმენებისათვის იმ შეკვეთების მიცემა, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სახით კეთდება. სახელმწიფო შესყიდვებში ისეთივე სიბნელეა, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს. ტენდერები ფორმალურია. იმარჯვებს ის, ვინც ახლოა ხელისუფლებასთან და, ბუნებრივია, ეს წარმოქმნის ვალდებულებებს. არაფერი ახალი არ ხდება“.

ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებები მიესადაგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მთლიან სტრუქტურას. ასე რომ, ამ სამ ქვეყანას შეუძლია თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთანაც იმდენად, რამდენადაც ისინი ასევე ერთიანდებიან იმ უფრო დიდი ქოლგის ქვეშ, რასაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰქვია...
დმიტრატ ბეჩევი

მნიშვნელოვანი სიახლეები იყო საგარეო პოლიტიკის კუთხით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე საქართველო MAP-ის მიღებას აღარ უნდა მოელოდეს - განცხადება ამის თაობაზე 25 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა. ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ასევე ითქვა, რომ საქართველო ”არსებით პაკეტს” მიიღებს, თუმცა რა იგულისხმება ამაში, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ალიანსი საქართველოს მასთან დასაახლოებელ არსებით მექანიზმს სთავაზობს:

”ალბათ, ძალიან მალე იქნება განხილული და, ალბათ, ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა კონკრეტული ქმედითი ინსტრუმენტები იქნება შემუშავებული ამ პაკეტის შიგნით. ეს ემსახურება იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო დააკავშიროს ნატოს და კიდევ უფრო დააახლოოს თავის მიზანთან - გახდეს ნატოს წევრი”.

რაც შეეხება ევროკავშირს, 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, საქართველოსთან ერთად ხელი მოაწერა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულმა კიდევ ორმა ქვეყანამ - უკრაინამ და მოლდავეთმა.

ეს შეთანხმება საშუალებას იძლევა, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში წარმოებული პროდუქცია სამომავლოდ ევროკავშირის 500-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე გავიდეს, თუმცა ამისათვის ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი - იქნება ეს პროდუქციის წარმოების ხარისხის გაზრდა თუ კონტროლის მექანიზმების დახვეწა. უმთავრეს საკითხად რჩება სურსათის უვნებლობის საკითხი.

ტარიფების შემცირების გარდა, ევროკავშირი ახალ ასოცირებულ პარტნიორებს დაეხმარება, რომ ამ სამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ ამ პროცესში შესაძლებელი იქნება ინვესტიციების მოზიდვა, წახალისება ახალი საწარმოებისა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

რაც შეეხება საფრთხეს რუსეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს ოფისის დირექტორი დმიტრატ ბეჩევი ამბობს:

”ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებები მიესადაგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მთლიან სტრუქტურას. ასე რომ, ამ სამ ქვეყანას შეუძლია თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთანაც იმდენად, რამდენადაც ისინი ასევე ერთიანდებიან იმ უფრო დიდი ქოლგის ქვეშ, რასაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰქვია”.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ, ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში, რუსეთისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალდება საქართველო, რადგანაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანა თითქმის მთლიანად ჩამოეხსნა რუსეთს და მხოლოდ ახლახან დაიწყო რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ამას ემატება ის ფაქტი, რომ საქართველო აღარ იღებს ბუნებრივ აირს რუსეთისგან.

რას უნდა მოელოდეს საქართველო, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების თვალსაზრისით, და რას სთავაზობს ეს შეთანხმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს? 27 ივნისს ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აფხაზეთსა და ცხონვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს საგანგებოდ მიმართა:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

"ევროკავშირთან დაახლოება ახალ შესაძლებლობას უხსნის მთელ საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს. ამიტომ, მინდა აქედან მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! თქვენ დღეიდან ჩვენთან ერთად ამ პროცესის თანაზიარი ხართ! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს - ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის თუ მრავალი სხვა".

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია. სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე განმარტავს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება კონფლიქტებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ შექმნის სივრცეს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ თანამოქალაქეებს ესაუბროს:

„მაგალითად, ვიზების ლიბერალიზაციის თემა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი კოზირია, რადგან ქართული პასპორტი ხდება უპირატესი, ვიდრე ყველაფერი ის, რაც შეიძლება წარმოედგინა ყველა იქ მცხოვრებს. ეს ქმნის ბიძგს, რომ მათ აიღონ ეს პასპორტი. თავის დროზე ნეიტრალური პასპორტის მიმართაც ასეთი სკეპტიციზმი იყო, მაგრამ ხალხი მაინც იღებდა ამ დოკუმენტს, ანუ ხალხი მაინც ილტვის უკეთესი შესაძლებლობებისაკენ“.

ირაკლი ფორჩხიძე საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რაც შეიძლება ინტენსიურად ისაუბროს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ხალხთან ამ თემაზე და, რაც მთავარია, ხშირად შეახსენოს, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ასოცირების შეთანხმების შედეგად მიღებული სიკეთეების მომხმარებლები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG