Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნებართვოდ რეკონსტრუირებული კულტურული მემკვიდრეობა


უნებართვოდ გარემონტებული შენობა
უნებართვოდ გარემონტებული შენობა

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 266 შენობიდან ერთ-ერთის ფასადი ქალაქის მერიამ უნებართვოდ გაარემონტა. ქუთაისის ცენტრალურ ისტორიულ უბანში, თამარ მეფის ქუჩის ცხრა ნომერში, ე.წ. „საგრენაჟო ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარე 4 შენობიდან ერთის ფასადი ვარდისფრად შეიღება და ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასით შეიცვალა. როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოები შესრულდა „თამარ მეფის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტის“ ფარგლებში რეგიონების განვითარების ფონდიდან 2017 წელს გამოყოფილი თანხით. ყოფილი საგრენაჟო ქარხნის ტერიტორია და იქ მდებარე ოთხი შენობა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა, იმ შენობაში კი, რომელსაც ფასადი და ორი გვერდი გაურემონტეს, თვითნებურად ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი. შენობის მახლობლად ჯიხურში მცხოვრები ჟუჟუნა ჩუბინიძის ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა და ახლახან შენობაზე გარეგანათება დაამონტაჟეს:

გადმოწერა

„ერთი თვის უკან გარემონტდა ეს შენობა, შიგნით არავითარი სამუშაო არ ჩატარებულა, მხოლოდ გარედან შეალამაზეს და განათება გაუკეთეს. მხოლოდ ფასადი და ორი გვერდი მოაწესრიგეს. თქვეს, რომ გასუფთავდება ეზოც“.

რეკონსტრუირებული შენობის უკანა მხარე
რეკონსტრუირებული შენობის უკანა მხარე

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩის ისტორიულ ნაწილში განთავსებული შენობების რეკონსტრუქციის მიზანი იყო მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნება და, თანადაფინანსების ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ნაგებობათა ფასადების აღსადგენად დაიხარჯა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. ამასთან, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილის, მირზა ხიდაშელის, განცხადებით, ამ ეტაპზე იკვლევენ, რამდენად კანონიერი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ფასადის რეკონსტრუირება:

შენობის ინტერიერი რემონტის შემდეგ
შენობის ინტერიერი რემონტის შემდეგ

„დამატებით მოკვლევას აუცილებლად გავაკეთებთ. თუ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, შესაბამისი შეთანხმება პროექტის საწყის ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო. ამჟამად ინფორმაცია ამის თაობაზე არ მაქვს. 2017 წელს რეგიონების განვითარების ფონდიდან თანადაფინანსებით განხორციელდა ფასადების რეაბილიტაციის პროექტი თამარ მეფის ქუჩაზე და დაახლოებით პროექტის ღირებულება 530 ათასი ლარია. პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა როგორც მუნიციპალურ ქონებაზე, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ სახლებზე“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველის, როლანდ ისაკაძის, განმარტებით, გასულ წელს ქუთაისის მერიამ ვერ მიიღო ნებართვა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადების რეკონსტრუქციისთვის. ისაკაძის განცხადებით, მერიამ მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ურბანული განვითარების საბჭო, რომლის შეფასებით, გამოყოფილი თანხა არასაკმარისი იყო ძეგლების რეკონსტრუქციისთვის:

შენობის გარემონტებული ფასადი
შენობის გარემონტებული ფასადი

„ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა მოიწვია კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული განვითარების საბჭო, გაიმართა ერთობლივი სხდომა, ადგილზე დაათვალიერეს ყველაფერი და გადაწყდა, რომ იმ თანხით, რისი გამოყოფაც ხდებოდა 2017 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია არ იქნებოდა სრულფასოვანი და სამომავლოდ გადაიდო“.

როლანდ ისაკაძის განმარტებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოს წარმოებისთვის პროექტზე ნებართვის გაცემა მერიის პრეროგატივაა. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარემონტო სამუშაოებისთვის მერიამ პროექტი უნდა შეათანხმოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. როლანდ ისაკაძის ინფორმაციით, თამარ მეფის 9 ნომერში მდებარე შენობის უნებართვო რეკონსტრუქციის ფაქტს ის რეაგირებისთვის აცნობებს სააგენტოს ინსპექტირების სამსახურს. ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი ამბობს, რომ შენობის ფასადის ვარდისფერი შეფერილობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის შეუსაბამოა. თამარ მეფის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ქუთაისის მერიამ შენობების ფასადების რეკონსტრუქცია განახორციელა, 26 შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია და მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა. შენობათა ფასადების აღდგენის ნებართვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ამ დრომდე არ გაუცია.

XS
SM
MD
LG