ქუთაისში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ხუთქიმიანი ვარსკვლავი და ნამგალი და ურო დღემდეა გამოსახული საჯარო და სხვა დაწესებულებების ფასადებზე, კულტურულ ძეგლებსა თუ ხიდებზე. ქალაქის 300-მდე ქუჩიდან დაახლოებით 20-ს საბჭოთა ლიდერების სახელები ჰქვია. მათ შორისაა საბჭოთა კავშირის გმირების, საბჭოთა გენერლების, ბოლშევიკ რევოლუციონერებისა და კომუნისტური პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნების სახელები. საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებულ „თავისუფლების ქარტიას“, თავის მხრივ, უნდა მიეღო ზომები საბჭოთა და ფაშისტურ იდეოლოგიათა საფუძვლების გაღრმავების წინააღმდეგ, მათ შორის, უნდა აეღო საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლოები, საკულტო ნაგებობები, ძეგლები, მონუმენტები, ბარელიეფები, გაეუქმებინა წარწერები, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებები და აეკრძალა საბჭოთა და ფაშისტურ იდეოლოგიათა პროპაგანდის სხვა საშუალებები. მიუხედავად ამისა, ქუთაისში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.
ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში დღემდე დგას საბჭოთა არმიის გენერლის, ვასილ კიკვიძის, ძეგლი და სკვერსაც მისი სახელი ეწოდება. რამდენიმე წელია, ძეგლის აღებას მოითხოვს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და რამდენიმე საზოგადოებრივი ჯგუფი. გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ქალაქის ერთ- ერთ ცენტრალურ უბანში განთავსებული ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას ჯერ კიდევ 2015 წელს საკუთარი ხარჯით გეგმავდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“, თუმცა მერიამ ძეგლის დემონტაჟის ნებართვა არ გასცა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვახტანგ სიხარულიძის, განცხადებით, ორგანიზაციამ თითქმის სამი თვის წინ არჩეულ ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას, ახლახან მიმართა ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟისა და „თავისუფლების ქარტიის“ აღსრულებისთვის:
„’თავისუფლების ქარტია’ გულისხმობს საბჭოთა, ბოლშევიკური და ფაშისტური სიმბოლიკების აკრძალვას და გატანას საჯარო სივრციდან და, ამ კუთხით, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ დღეს ქუთაისში. ქალაქში გვაქვს თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის ჯალათის, ვასილ კიკვიძის, ძეგლი და გვაქვს 1924 წლის აჯანყების წინააღმდეგ საარტილერიო ნაღმების დამშენი წითელი გენერლის სახელობის ქუჩა. გვაქვს, ასევე, ქალაქის საჯარო სივრცეში საბჭოთა სიმბოლიკების შემცველი დეტალები, წარწერების, ხუთქიმიანი ვარსკვლავისა და ნამგალი და უროს სახით, როგორც მერიის შენობაზე, ასევე, მის გვერდით არსებულ კულტურულ- არქიტექტურულ კომპლექსზე და მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის კარის ზემოთ“.
როგორც ვახტანგ სიხარულიძე, წევრი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, ამბობს, ქალაქის არქიტექტურაში მრავლად არსებული საბჭოთა სიმბოლოები ახალგაზრდებს უზღუდავს უფლებას იცხოვრონ საბჭოთა სიმბოლიკისგან თავსუფალ გარემოში. საბჭოთა სიმბოლიკის ეროვნულით შეცვლის პრეცედენტს ქუთაისი უკვე იცნობს: 2014 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ, ბალახვნის ხიდის მოაჯირზე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ვარსკვლავები ბორჯღალოს სიმბოლოთი შეცვალეს. უფრო ადრე კი, 90-იანი წლების დასაწყისში, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მონდომებით ქალაქის რამდენიმე ქუჩას შეეცვალა სახელი. როგორც ეროვნული მოძრაობის ვეტერანი გიორგი აფრიდონიძე იხსენებს, ქუთაისში 60-მდე ქუჩას ერქვა საბჭოთა ლიდერების, გმირების, გენერლებისა და კომუნისტური პარტიის სხვა წარმომადგენელთა სახელები და მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინა და რამდენიმე მათგანს სახელი გადაარქვა:
„ვცხოვრობ საფიჩხიის უბანში და ჩემს ქუჩას ერქვა დიდი კომისრის, ჯაფარიძის, სახელი. ამ ქუჩას კვეთდა ილია ჭავჭავაძის მკვლელის, ფილიპე მახარაძის სახელობის ქუჩა. გადავამოწმე, თუ იყო ასეთი „დამსახურების“ მქონე ხალხის სახელობის ქუჩები და 60-მდე აღმოჩნდა 90-იანი წლების ქუთაისში. სია დავურთე წერილს და კატეგორიულად მოვითხოვე თემურ შაშიაშვილისგან, ქალაქის პირველი პირისგან, რომ 26 მაისის დღესასწაულისთვის, რომელიც მალე მოდიოდა, ქუჩებს სახელები შეცვლოდა“.
როგორც გიორგი აფრიდონიძე იხსენებს, მისი განცხადებიდან ერთ კვირაში ქუჩას, რომელზეც თავად ცხოვრობდა „26 მაისის“ ეწოდა, „ფილიპე მახარაძის“ ქუჩას კი მერაბ კოსტავას სახელი მიენიჭა. აღნიშნული ქუჩები ამ დრომდე ამ სახელებს ატარებს, თუმცა გიორგი აფრიდონიძე მიიჩნევს, რომ 26 მაისისა და მერაბ კოსტავას სახელები ქალაქში უფრო დიდ და ცენტრალურ ქუჩებს უნდა ერქვას. ქუთაისში საბჭოთა პერიოდთან ასოცირებული 20-მდე ქუჩის სახელების შეცვლას აუცილებლად მიიჩნევს თორნიკე ბარათაშვილი, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“:
„უხერხულია, როცა ქალაქში არ არის ამბროსი ხელაიას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩები და არის კიკვიძის, ლესელიძის, ძნელაძის, ვოლგოგრადის, მოსკოვის და ა.შ. დასახელების ქუჩები. რას დაარქმევენ შემდეგში, ეს კონსენსუსის და ფართო საზოგადოების გადასაწყვეტი არის და არა ჩვენი ორგანიზაციის ან რამდენიმე ადამიანის, თუმცა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კომენტარს საკითხის შესწავლის შემდეგ გააკეთებენ, რადგან ადგილობრივმა თვითმმართველობამ „თავისუფლების ქარტიასთან“ შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს მთელი რიგი დოკუმენტები. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერს ახლახან მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ „მომძლავრებული რუსული გავლენისა და მომეტებული პროპაგანდის ფონზე, კომუნისტური იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლოების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერებისა და სახელწოდებების აღმოფხვრა და არსებული პოლიტიკის გადახედვა ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრისა და კომუნისტური იდეოლოგიის ადამიანთა სახელების შეცვლისკენ მოუწოდებენ.