Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კარგი დედობის“ ცნება პატრიარქალურ საზოგადოებაში


გენდერის მკვლევარი, თამთა თათარაშვილი
გენდერის მკვლევარი, თამთა თათარაშვილი

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით ქუთაისში გაიმართა დისკუსია, სახელწოდებით „დედობა, როგორც პოლიტიკური აქტი: მასკულინური ჩარჩოები და ფემინისტური წინააღმდეგობა “. დედობის ცნების ფემინისტური გააზრების შესახებ საუბრისას გენდერის მკვლევარმა თამთა თათარაშვილმა აღნიშნა, რომ „კარგი დედობის“ ცნება სხვადასხვა ისტორიულ თუ კულტურულ გარემოში სხვადასხვაგვარია. თამთა თათარაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ფემინისტი დედის დღიურები“, რომლისთვისაც გამოკითხა სხვადასხვა კულტურულ სივრცეში მცხოვრები 18 ქალი. მათ ნაამბობზე დაყრდნობით, გენდერის მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში დედებს არ ეძლევათ შვილების თავისი შეხედულების მიხედვით გაზრდის საშუალება და ამ საქმეში ოჯახის წევრები უხეშად ერევიან. თამთა თათარაშვილის შეფასებით, საზოგადოება დედის მიმართ უფრო მეტად მომთხოვნია, ვიდრე მამის:

მამაკაცები იქნევენ თითს ქალების წინააღმდეგ, რომ აბორტიც ქალის პასუხისმგებლობაა და ბევრი შვილების გაჩენა და მათი მოვლაც...
თამთა თათარაშვილი

„თითქოს დედობა მორალური ტვირთი არის - შენ რომ დედა ხარ, უნდა დაივიწყო საკუთარი თავი. იმ ქალებს, რომლებიც სამუშაოდ გადიან და ბავშვებს ტოვებენ ძალიან პატარებს ან ხმამაღლა იტყვიან, რომ იცით, მეც ადამიანი ვარ და სამუშაოდ შეიძლება არ გავიდე, მაგრამ დასვენება მინდა, ამ შემთხვევაში საკუთარი სივრცის, თავის ფლობის პრობლემა უდგებათ ქალებს“.

თამთა თათარაშვილისავე განცხადებით, საჯარო პოლიტიკა არ ითვალისწინებს ბავშვთა და დედათა საჭიროებებს და საკანონმდებლო ბაზა მოუწესრიგებელია. ამასთან, პატრიარქალური საზოგადოება ქალს მრავალგვარ პასუხისმგებლობას აკისრებს:

„მამაკაცები იქნევენ თითს ქალების წინააღმდეგ, რომ აბორტიც ქალის პასუხისმგებლობაა და ბევრი შვილების გაჩენა და მათი მოვლაც. ერთი მხრივ, ეს რიტორიკა და, მეორე მხრივ, პრაქტიკულად არ ხორციელდება დახმარება, მხოლოდ რამდენიმე შვილის შემდეგ იწყება სოციალური შემწეობა. რამდენიმე შვილამდე ხომ უნდა მივიდეს ოჯახი“.

მგონია, რომ დედის და მამის განათლების პრობლემა არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა. ამას ემატება ის პატრიარქალური საზოგადოება, რომელშიც ბავშვს უწევს ცხოვრება სკოლაში, ქუჩაში...
ქრისტინე რობაქიძე

საჯარო შეხვედრის მონაწილე ნანა ნებიერიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში“ მთავარი სპეციალისტია, ამბობს, რომ დღესაც არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდა ქალები ოჯახის უფროსი თაობის წევრების ზეგავლენის ქვეშ არიან და შვილის გაჩენას ან მათთვის არასასურველი სქესის ნაყოფის მოცილებას აიძულებენ:

„ძალიან მაღალი არის სელექციური აბორტების რიცხვი, თუმცა კანონით აკრძალულია, მაგრამ მაინც პოულობენ გზებს, შემოუარონ კანონს და სხვადასხვა მიზეზით გააკეთონ ეს“.

დისკუსიის მონაწილე მხატვარი ქრისტინე რობაქიძე, რომელიც მალე პირველ შვილს ელოდება, მიიჩნევს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებასა და დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან დაპირისპირება მხოლოდ განათლებითაა შესაძლებელი:

„მგონია, რომ დედის და მამის განათლების პრობლემა არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა. ამას ემატება ის პატრიარქალური საზოგადოება, რომელშიც ბავშვს უწევს ცხოვრება სკოლაში, ქუჩაში. პარტიარქალურ საზოგადოებაში ხშირად დამახინჯებული აღქმა არსებობს როგორც ქალის მიმართ, ისე კაცის მიმართ დამოკიდებულების“.

ქუთაისში გამართული საჯარო დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით, იმისთვის, რომ დედებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ აღზარდონ შვილები და თავადაც შეინარჩუნონ პირადი ინტერესები, საჭიროა ხშირად საუბარი და თემისთვის ტაბუს მოხსნა, დედების საშინაო სივრცეში ჩაკეტვა კი მათ ერთმანეთისგან იზოლირებულს ხდის, რაც სოლიდარობის შესაძლებლობას ზღუდავს.

XS
SM
MD
LG