Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაურკვეველი დროით განსახლების მოლოდინში


ქუთაისი
ქუთაისი

წყალტუბოში, 1937 წელს აშენებული სანატორიუმის, „მეგობრობის“, შენობაში 25 წელია ცხოვრობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 18 ოჯახი. როგორც დევნილები იხსენებენ, მათ ჯერ კიდევ შესახლებისას უთხრეს, რომ შენობა ეგრეთ წოდებულ წითელ ზოლშია, რაც მის ავარიულობაზე მიუთითებდა. თუმცა, მათივე თქმით, შენობას ნგრევადის სტატუსი სამი წლის წინაც არ მიენიჭა, როცა მას ექსპერტიზა ჩაუტარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკვეთით. ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები მურმან გურჩიანი ექსპერტიზის ამ დასკვნას არ ეთანხმება, მაგრამ დევნილებს, მისი თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად თანხა არ გააჩნიათ. მურმან გურჩიანის ინფორმაციით, ბოლო წლებში შენობის სხვადასხვა ნაწილი ჩამოიშალა, რაც ისედაც გაუსაძლის პირობებში მცხოვრებთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის:

გადმოწერა

„პირადად ვესაუბრე მინისტრს. მინისტრმა მითხრა, რომ დაახლოებით სამი წლის წინ ჩატარდა ესპერტიზა, არანაირი პრობლემა არა აქვს ამ შენობას, ანუ ნგრევადი არ არის სანატორიუმიო. როგორ არ არის?! - ამ სამ წელიწადში ჩამოინგრა კიბეების ქვედა ფენა მთლიანად, საპირფარეშოში ჩამოვარდა ჭერი და მეზობლის ბიჭს დაეცა, ოთახში ჩავარდა იატაკი. საშინელი სიტუაციაა: გველი, ქვეწარმავლები, ბაყაყი ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, იმიტომ რომ ოთახებში შემოდიან“,–აცხადებს მურმან გურჩიანი.

ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობის“ შენობაში ოც წელზე მეტია ცხოვრობს 79 წლის დინარა მანაგაძე, რომლის საცხოვრებელი ოთახის იატაკი ოთხი საყრდენითაა გამაგრებული. მარტოხელა ხანდაზმული ქალი ამბობს, რომ, იატაკის ჩანგრევის საფრთხის მიუხედავად, ახალი საცხოვრებლით ამ დრომდე არ დააკმაყოფილეს:

„ოთხი ბოძია დაყენებული, მათზე გადებულია ფიცარი და იმას უჭირავს იატაკი. აქ რომ დადის კაცი, იატაკი ირყევა. ერთი ბოძიც რომ გამოვარდეს, ჩავარდება ყველაფერი“.

ყოფილი სანატორიუმის შენობის კიდევ ერთი მცხოვრები, ჩიტო მანაგაძე, ამბობს, რომ განსახლებაზე უარი უთხრეს, თუმცა მიზეზები არ განუმარტავთ და ჯერჯერობით ვერ გაარკვია, რატომ ვერ დააკმაყოფილა მისმა ოჯახმა ახალი ბინის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები:

„დღესაც შეტანილი მაქვს სამინისტროში საბუთი და ვითხოვ პასუხს, რის საფუძველზე მეთქვა უარი. მაგრამ ბევრია საჩივარი შემოსულიო და ჯერჯერობით არ გვცალიაო. კრიტერიუმები რაც იყო ჩამოთვლილი, ყველაფერს ვაკმაყოფილებდი, მეგონა, მაგრამ პირველად მივიღე 10 ქულა და სიმართლეს, არ ვიცი, როდის გავიგებ“.

ამ დრომდე ელოდება პასუხს დევნილი თამილა ქარდავა. მისი თქმით, წერილი, ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თხოვნით, პირადად გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს:

„სოზარ სუბარსაც წერილი გადავეცი. ვუთხარი, რომ როგორმე დამაკმაყოფილე, გამომიყავი საცხოვრებელი ფართი, ერთი სამოთახიანი ბინით მაინც-თქო და ჯერ არაფერი პასუხი არ მაქვს“.

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობის“ შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ნგრევის პირას მისულ ოთახებში 20-მდე ბავშვი იზრდება და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. იძულებით გადაადგილებული პირები ითხოვენ განმარტებასაც, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ქუთაისის ახლად აშენებულ კორპუსებში ახლახან შესახლებულ 430–მდე ოჯახს შორის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე პასუხად განმარტავს, რომ მონიტორინგის ჯგუფმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა და ადგილზე შეამოწმა ყველა ოჯახი, რომელსაც განსახლების განაცხადი ჰქონდა წარმოდგენილი. გიორგი სანთელაძის ინფორმაციით, იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებიც ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა, დამატებით განიხილა სპეციალურმა კომისიამაც:

„დამატებით კომისია შეიქმნა, სადაც სამინისტროდან იყვნენ ჩამოსული ხელმძღვანელი პირები. ისინი კონკრეტულ განმარტებებს აძლევდნენ დევნილებს, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ბინებში ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, სამინისტრო არ ჩერდება, ისევ ვაშენებთ კორპუსებს, დაწყებული გვაქვს ექვსი თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა, ასევე ვაპირებთ გამოვისყიდოთ კიდევ რამოდენიმე მშენებარე კორპუსი. ასე რომ, ის ხალხი, ვინც ამ ეტაპზე ვერ მოხვდა ბინებში, თუ ექნათ მათ შესაბამისი ქულები და კომისია გადაწყვეტს, მომავალ ეტაპზე უმრავლესი მათგანი მოხვდება ამ ბინებში“,– განმარტავს გიორგი სანთელაძე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელის, გიორგი სანთელაძის, ინფორმაციით, იმერეთის მასშტაბით განსახლებას ითხოვდა 3 737 დევნილი ოჯახი, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი კომისიამ შეარჩია 429 და მათ ბინები სექტემბერში მიიღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და აღმაშენებლის გამზირზე აშენებულ კორპუსებში.

XS
SM
MD
LG