საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2006–2012 წლებში საქართველოში 166 ათას ჰექტარ ტყის ფართობზე ხე-ტყის მოპოვებისთვის 70-ზე მეტი ლიცენზია გაიცა, რითაც არაეფექტურად იქნა გამოყენებული რესურსები, შემცირდა სახელმწიფო სარგებელი და გაუარესდა ტყეების მდგომარეობა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა ტყეების ინვენტარიზაციამ კი აჩვენა, რომ მერქნის კლება და დეფიციტია. სატყეო პოლიტიკის სამსახურისავე ინფორმაციით, ტყის პრობლემებს ქვეყნის მასშტაბით ისიც ქმნის, რომ 600 ათასი ოჯახი სათბობად და საწვავად საშეშე მერქანს მოიხმარს. ამ დროისთვის სახელმწიფო ნებართვებს გასცემს 200 ათასი კუბმეტრი მერქნის მოჭრისთვის, თუმცა მოხმარება რეალურად გაცილებით მეტია. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სოფლების გაზიფიცირება, რაც შეშის მოხმარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. რადგან მოსახლეობას ტყისადმი არასწორი დამოკიდებულება აქვს და მას მხოლოდ საშეშე მერქნად აღიქვამს, რეგიონში 250 ათას ჰექტარზე არსებული ტყის მასივები არასახარბიელო მდგომარეობაშია.
მიმდინარე წელს ამოქმედებული ტყის კოდექსის ახალი კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს მისაღებად მიიჩნევს ლალი გამყრელიძე, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ეკოლოგიური პროგრამების ხელმძღვანელი. ეკოლოგის განცხადებით, ტყის რესურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს რეგიონების მოსახლეობის ალტერნატიული საწვავით მომარაგებას.
ქუთაისთან ახლოს ტყის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასივი მუხნარის ტყე-პარკია, სადაც, სამთავრობო გეგმის მიხედვით, საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა აშენდეს. სამოქალაქო აქტივისტი, მწერალი ლია გვენეტაძე პროექტის განხორციელების წინააღმდეგია, რადგან ფიქრობს, რომ ქალაქის მიმდებარედ მუხრანის ტყე-პარკში 140 ჰექტარზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ბუნებრივ მწვანე საფარს დიდ ზიანს მიაყენებს.
ლია გვენეტაძის პასუხად, ქუთაისის მერი შოთა მურღულია განმარტავს, რომ მუხრანის ტყე-პარკში 100 ჰექტარზე მშენებლობა იმ ადგილზე იგეგმება, სადაც მრავალწლოვანი ნარგავები არ არის და მშენებლობის შედეგად მწვანე საფარი მხოლოდ გაუმჯობესდება.
ქუთაისის მერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა უახლოეს მომავალში შეიმუშავებს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებისა და ზონირების გეგმას, რომლის მიხედვითაც მშენებლობისას ფართის 20 % მწვანე საფარს უნდა დაეთმოს.