Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებში ვიზიტორთა რიცხვი გაორმაგდა


სათაფლიის მღვიმე
სათაფლიის მღვიმე
მესამე თვეა ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებს საინფორმაციო მომსახურების მისაღებად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში განთავსებულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში უწევთ მისვლა. ქალაქის ცენტრში სპეციალურად საინფორმაციო ცენტრისთვის აგებული შუშის კონსტრუქცია გახსნიდან ორ წელიწადში ამორტიზებულია და უფუნქციოდაა დარჩენილი. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ზაფხულის თვეებში ცენტრს მხოლოდ 500- მდე უცხოელმა ვიზიტორმა მიმართა. ცენტრში შესულ ვიზიტორთა რაოდენობა ყველაზე მეტი - 2 ათასამდე ტურისტი - გასულ წელს დაფიქსირდა, რაც 2011 წელს ვიზიტორთა რაოდენობას თითქმის ორჯერ აღემატებოდა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტის ნინო თორთლაძის თქმით, მიმართვიანობის სიმცირე ტურისტული სააგენტოების მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია და არა ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლამ. ნინო თორთლაძის განმარტებით, წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მეტი ტურისტი ქალაქს ორგანიზებული ტურის მეშვეობით ეწვია, 2011 -2012 წლებში კი ინდივიდუალურად ვიზიტორები ჭარბობდნენ.

ნინო თორთლაძის განმარტებით, საინფორმაციო ცენტრში ძირითადად ინდივიდუალურად მოგზაურები მიდიან, რომლებიც ინფორმაციას იღებენ სასტუმროების კვების ობიექტებისა და გადაადგილების საშუალებების შესახებ. ტურისტების მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქში გაიზარდა საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კვების ობიექტების რაოდენობა. საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ზაფხულის თვეებში უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს, აეროპორტის გახსნის შემდეგ კი, გასული წლის შემოდგომიდან, უცხოელი ტურისტების რაოდენობამ ზამთრის სეზონზეც მოიმატა.

ბაგრატის ტაძარი, გელათისა და მოწამეთას მონასტრები, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ვანის ანტიკური კულტურის არქეოლოგიური მუზეუმები, კაცხის სვეტი - ეს ის ადგილებია, რომლებსაც ქუთაისში ჩასული ტურისტები ყველაზე ხშირად ათვალიერებენ. სტატისტიკური მონაცემებით, იმერეთის მღვიმეების დამთვალიერებელთა რიცხვი, შარშანდელთან შედარებით, თითქმის ორჯერაა გაზრდილი - მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, მღვიმეები 105 ათასმა ვიზიტორმა მოინახულა, რაც გასული წლის დამთვალიერებელთა მთლიანი რიცხვის ტოლია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის ზაალ კვანტალიანის ინფორმაციით, ვიზიტორთა რიცხვი სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეთა კომპლექსში მაისსა და ივნისში განსაკუთრებით იმატებს, რაც სასკოლო და შიდატურების აქტუალურობითაა გამოწვეული, ივლისსა და აგვისტოში კი უცხოელი ვიზიტორები ჭარბობენ და მათი რიცხვი დამთვალიერებელთა მთლიანი რაოდენობის 10 %-ს შეადგენს. ზაალ კვანტალიანი იმ სერვისებზე საუბრობს, რომლებსაც ვიზიტორებს მღვიმეთა კომპლექსი სთავაზობს.

უცხოელ ვიზიტორთა და შიდატურებით დაინტერესებულთა მომსახურებას ქუთაისში ხუთი ტუროპერატორი უზრუნველყოფს. ტუროპერატორთა მონაცემებით, მიმდინარე წელს გაიზარდა ქუთაისში რამდენიმე დღით ვიზიტორთა რაოდენობა, რაც სხვადასხვა კომბინირებული ტურების სერვისებმა განაპირობა. საფეხმავლო, ექსტრემალური, კულტურული და შემეცნებითი ტურები და გეოგრაფიული მდებარეობა ქუთაისს ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის.
XS
SM
MD
LG