3 ათასი ლარი ჯარიმა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ძმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის ყადაღის მოხსნა – ათთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ბესიკ ბლიაძე დამნაშავედ ცნო.
ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, ბესიკ ბლიაძეს, ათთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ გამოუტანა. მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას ბრალდებული არ ელოდა. ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომგანაჩენი გასაჩივრდება და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ზემო ინსტანციებს მიმართავს.
განაჩენის საფუძველზე გაუქმდა აღმკვეთი ღონისძიებით შეფარდებული გირაოც. შესაბამისად, ყოფილი გამგებლის ძმის, ზაზა ბლიაძის, საკუთრებაში არსებულ 5-ათასლარიან უძრავ ქონებას განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში ყადაღა მოეხსნება. გოჩა ჯეირანაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენსა და განმარტებაზე ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე საუბრობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბოლო სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ საკუთარი არგუმენტები კიდევ ერთხელ წარმოადგინა. პროკურორმა პეტრე მანველიშვილმა, რომელიც საქმეში მეოთხე ბრალმდებელი იყო, მოსამართლისგან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ითხოვა და მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.
ბესიკ ბლიაძით გამოძიება 24 მარტიდან დაინტერესდა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ყოფილი გამგებელი ახალციხის სასამართლომ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში დაადანაშაულა.