Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირთა გაეროს კონვენციის შესრულების მონიტორინგი იწყება


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლიმენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო მუშაობას შეუდგა. საბჭო, 14 წევრის შემადგენლობით, სახალხო დამცველის აპარატში სახალხო დამცველის წარმომადგენლებითა და მიწვეული წევრებით დაკომპლექტდა. საბჭოს მიერ მომზადებული პირველი ანგარიში გაეროს შესაბამის კომიტეტში 2016 წლის აპრილში გადაიგზავნება.

სახალხო დამცველის აპარატი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს მთავრობამ გასულ წელს, ოქტომბერში, დაასახელა. კონვენციას, რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობას წარმოაჩენს არა პიროვნების ნაკლად, არამედ საზოგადოების პრობლემად, ყოფა-ცხოვრებისა და თვითრეალიზების თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას, განსხვავებულობის მიუხედავად, საქართველო 2013 წლის დეკემბერში მიუერთდა. კონვეცია რატიფიცირების შემდეგ, 2014 წლის აპრილში, შევიდა ძალაში.

“გაეროს კონვენცია ჩემთვის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, ისეთივე რამაა, რაც მორწმუნე ქრისტიანისათვის ბიბლია და ქართველისთვის „ვეფხისტყაოსანი“ და მისი რეალური განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესი რაცაა, მონიტორინგის ორგანოს გამართული ფუნქციონირება. როდესაც დასახელდა სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ, მივესალმე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩემში, როგორც საქართველოს მოქალაქესა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირში, მაღალია სახალხო დამცველის ნდობის ხარისხი“, განაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის შესრულების მონიტორინგის საბჭოს პრეზენტაციაზე საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირის წარმომადგენელმა, გიორგი გოგატიშვილმა. იგი ფიქრობს, რომ, ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილების უქონლობის მიუხედავად, საბჭო სწორ ნაბიჯებს გადადგამს და რეგიონების ჩართულობაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

საბჭოს ეფექტურობისა და, შესაბამისად, კონვენციის ცხოვრებაში გატარების იმედით იწყებს მუშაობას მის რიგებში მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანების, ქსელის „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი ლელა ტაბატაძე:

“ძირითადად ვმუშაობთ ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა პრობლემების გარშემო და, მოგეხსენებათ, რომ ეს თემი შედარებით სუსტი თემია, იმიტომ რომ ნაკლებად ხდება თვითადვოკატირება მათ მიერ. ამიტომ მშობლებს გვიწევს ჩვენი შვილების უფლებების დაცვა და, პირადად ჩემი დაკვირვებით, მას შემდეგ, რაც კონვენციის რატიფიცირება მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მთავარი ცვლილება ის არის, რომ ჩვენ მივიღეთ კუთვნილი უფლებები და თამამად შეგვიძლია დავიცვათ სასამართლოს გზით“.

ლელა ტაბატაძის შეფასებით, ჯერჯერობით დიდი ცვლილება კონვენციის ცხოვრებაში გატარების მხრივ არ შეინიშნება. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლიმენტაციის ორგანო პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოა, რომლის მიმართ კრიტიკული შენიშვნები ისმის როგორც იმპლიმენტაციის პროცესის შენელებული ტემპების, ისე სამოქმედო გეგმაში საჭირო ცვლილებების განუხორციელებლობის გამო. შესაბამისად, რაც მონიტორინგის საბჭოს მუშაობის სასტარტო ეტაპზე უკვე შეიძლება ითქვას, არის ის, რომ კონვენციის აღსრულება სათანადოდ ვერ ხდება. გარკვეული ძვრები არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, - გვითხრა საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა ირინე ობოლაძემ:

“პილოტური პროგრამის ფარგლებში, დღეს უკვე ყველა სკოლას შეუძლია, ყველა სკოლამ უნდა მიიღოს ინკლუზიური მოსწავლე, მაგრამ როგორია იქ ხარისხი, როგორაა თუნდაც მშობლების ჩართულობა, მათი მხრიდან მხარდაჭერა ამ პროცესებისა და ასე შემდეგ? იგივე ჯანდაცვის მიმართულება - გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ ამ პირთა განსაკუთრებული საჭიროებები უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, იმიტომ რომ სხვაგვარად არ მოხდება, ვერანაირი წინსვლა ვერ გვექნება, თუ არ დავარეგულირეთ საკანონმდებლო დონეზე ესა თუ ის მიმართულება. ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაო გველოდება წინ“.

თავად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კი იმ ფონზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოში არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ:

“დისკრიმინაციაა, ზოგადად. შეიძლება ითქვას, რომ არის სისტემური ხასიათის. დღეს ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის უჩინარი, საზოგადოება მათ ვერ ხედავს, ისინი არიან რეალურად ყველასგან მივიწყებულნი და შეიძლება ითქვას, რომ დისკრიმინაცია ამ მხრივ არის საკმაოდ სერიოზული“.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დღის წესრიგში დგას მონიტორინგის საბჭოს საქმიანობის ისე დაგეგმვა, რომ კონვენციის ყველა მუხლის შესრულების მონიტორინგი იყოს შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG