Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან დაკავებულების გათავისუფლება დაიწყეს


ოსურმა მხარემ დღის მეორე ნახევარში საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებსაც ბრალი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებოდათ. დიმიტრი გინტური სოფელ მეჯვრისხევთან დააკავეს, არსენ ლაფაჩი და გაიოზ ელიკაშვილი კი სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოსური სოფლის კორკულას სიახლოვეს დაიჭირეს. ლაფაჩი და ელიკაშვილი საქონელს მწყემსავდნენ. ერთ-ერთი დაკავებულის შვილი, მამუკა ელიკაშვილი, აცხადებს, რომ სოფლის მცხოვრებლებმა არ იციან, სად გადის ეგრეთ წოდებული საზღვარი, მეზობელ სოფელთან არც მავთულხლართებია, იქ მხოლოდ ტრაფარეტია, წარწერით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“.

სოფელ კირბალში ხვალისთვის ელოდებიან, რომ გაათავისუფლებენ 74 წლის გიორგი დოთიაშვილს, რომელიც სოფლის ტყის სიახლოვეს რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. დოთიაშვილი 2 თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა, როცა დაიჭირეს. კონფლიქტის ზონის სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი აზრით, აუცილებელია იცოდნენ, სად გადის ეგრეთ წოდებული საზღვარი.

შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა, ზურაბ ჩხეიძემ, პირველი სამუშაო დღე ქერეში ჩასვლით დაიწყო და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. მისი აზრით, კონფლიქტის ზონის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო ცნობები უნდა მიეწოდოს და უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს.

გუბერნატორის განცხადებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი გიორგი დვალიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მზად არის გუბერნატორს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს ხოლმე, თუ მას ამის სურვილი ექნება.

დაკავებულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობის ოსურ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ გათავისუფლდნენ.
XS
SM
MD
LG