აშშ-ის სენატში, დაზვერვის კომიტეტში, მიმდინარეობს სხდომა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს მთელ მსოფლიოში: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აცნობს ამერიკელ კანონმდებლებს, რომლებიც იძიებენ ბრალდებებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და რუსეთთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წევრების კავშირის თაობაზე. ტრამპმა ჯეიმს კომი ამ ერთი თვის წინ მოხსნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტიდან.
ჯეიმს კომიმ, სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, სიცრუეში დაადანაშაულა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როცა მან გამოძიების ფედერალურ ბიუროზე თქვა, რომ ამ უწყებას ცუდი ხელმძღვანელობა ჰყავს და დიდი პრობლემები აქვს.
ზოგადად, რაც უნდა თქვას ჯეიმს კომიმ სენატის დაზვერვის კომიტეტში, დიდი ინტერესი გარანტირებული აქვს თუნდაც იმიტომ, რომ 7 ივნისს გაავრცელა წერილობითი ჩვენება, რომელმაც მთელი ვაშინგტონში და, ზოგადად, პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები აალაპარაკა. როგორც კომი წერს, პრეზიდენტი ტრამპი მასზე, როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორზე, ახდენდა ზეწოლას მოთხოვნით, შეეწყვიტა გამოძიება, რომელიც ეხებოდა ეროვნული უშიშროების საკითხებში ტრამპის მაშინდელი მრჩევლის, მაიკლ ფლინის, რუსეთთან კავშირებს. კომი იმასაც წერს, რომ ტრამპმა მისგან ერთგულება მოითხოვა ვახშმის დროს, 27 იანვარს, თეთრ სახლში პირისპირ საუბრისას.
კომის განმარტებით, ტრამპთან ყოველი შეხვედრის შემდეგ ის აკეთებდა დეტალურ ჩანაწერებს, რომლებსაც ეყრდნობა მისი გუშინ გამოქვეყნებული ჩვენება.
სწორედ ამ წერილობით ჩვენებაზე მითითებით, ჯეიმს კომიმ სენატში გამოსვლის დასაწყისშივე თქვა, რომ აღარ გაიმეორებდა წერილობით ასახულ ფაქტებს, მხოლოდ მოკლე მიმართვით გამოვიდოდა და შემდეგ უკვე შეკითხვებს უპასუხებდა. კომიმ თქვა ის, რომ ყოველთვის იცოდა: პრეზიდენტს - ვინც უნდა ყოფილიყო ის - შეეძლო მისი მოხსნა, მაგრამ გაუკვირდა მიზეზი, რომლის გამოც მოხსნეს! კომის თქმით, მისთვის ტრამპს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ ძალიან კმაყოფილი იყო მისი მუშაობით, მოხსნის შემდეგ კი გაირკვა, რომ ტრამპს კომი არაკომპეტენტურად მიაჩნდა, ხოლო მისი უწყება - არეულად.
კომის ამ მოკლე შესავლის შემდეგ, კონგრესმენებისათვის შეკითხვების დასმის დრო დადგა. დაიწყო დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა რობერტ ბერმა. ერთი ნაწყვეტი:
„რობერტ ბერი: გეპარებათ თუ არა ეჭვი, რომ რუსეთმა სცადა 2016 წლის არჩევნებში ჩარევა?
ჯეიმს კომი: არა.
რობერტ ბერი: გეპარებათ თუ არა ეჭვი, რომ რუსეთის მთავრობა იდგა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სისტემის (...) გატეხისა და მოგვიანებით ინფორმაციის გაჟონვის უკან?“
ჯეიმს კომი: არა.
რობერტ ბერი: გეპარებათ თუ არა ეჭვი, რომ რუსეთის მთავრობა იდგა ამომრჩეველთა სიებზე კიბერთავდასხმის უკან?
ჯეიმს კომი: არა.
რობერტ ბერი: გეპარებათ თუ არა ეჭვი, რომ რუსეთის მთავრობას სრული ინფორმაცია ჰქონდა ამ ზომების შესახებ?
ჯეიმს კომი: არ მეპარება“.
საკომიტეტო მოსმენაზე ჯეიმს კომის გამოსვლა ახლაც გრძელდება და როგორც უნდა დასრულდეს, უკვე ცნობილია შემდეგი რამ: გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ენდრიუ მაკკეიბის, განცხადებით, მისი უწყება გააგრძელებს გამოძიებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და რუსეთთან ტრამპის გუნდის კავშირის ბრალდებებთან დაკავშირებით.
„გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებდა გამოძიებას და გააგრძელებს გამოძიებას. და ახლა საგანგებო მრჩევლის, რობერტ მულერის, ხელმძღვანელობით, რუსეთის შესახებ გამოძიება სათანადოდ და შეუფერხებლად მიმდინარეობს, როგორც ეს ხდებოდა ჯეიმს კომის მოხსნამდე და მისი წასვლის შემდეგ“ - ეს სიტყვები გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ენდრიუ მაკკეიბმა, წარმოთქვა სენატში 7 ივნისს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.