Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაური მიღებული კომპენსაციის გამო


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთში კომპენსაციების განაწილებამ ხმაური გამოიწვია. მცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტების არასწორად განაწილებას ედავებიან. 2014 წლის 14 სექტემბერს ადიგენში მოსული ძლიერი სეტყვისგან მუნიციპალიტეტში 8 სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. ხელისუფლებისგან მათ ზარალის საკომპენსაციოდ სურსათის პაკეტი გადაეცათ.

მთავრობისგან მიღებული კომპენსაციით კმაყოფილები არიან სოფელ იმერთუბნის მცხოვრებლები, თუმცა ამბობენ, რომ კონპენსაციების არათანაბრად განაწილებამ მოსახლეობაში დაძაბულობა გააჩინა.

გასული წლის 14 სექტემბერს სტიქიამ ადიგენის დასახლებებში არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, არამედ ინფრასტრუქტურაც დააზიანა. მუნიციპალიტეტში პროდუქციის ზარალმა მილიონ 57 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ინფრასტრუქტურის კუთხით 35 ათასს მიაღწია. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული განმარტავს, რომ მოსახლეობისათვის კომპენსაციის ნატურალური სახით ანაზღაურება თავად მთავრობის გადაწყვეტილება იყო.

იმის შესახებ, რომ ადიგენის სოფლებში კომპენსაცია არასათანადოდ განაწილდა, დღეს, 18 მარტს, პარლამენტის სხდომაზე ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმაც ილაპარაკა. ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხაზე ტენდერი არ გამოაცხადა და ის ერთ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაანაწილა. მისივე თქმით, პროდუქტები მოსახლეობამ დაგვიანებით და არათანაბრად მიიღო.

ჩილინგარაშვილის ბრალდებებს უარყოფს ადიგენის მუნციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ თანხა, მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 29 იანვარს გამოიყო. მისივე განმარტებით, მთავრობის ფონდიდან გამოყოფილი თანხა ტენდერის გამოცხადებას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, მოსახლეობას ზარალი 30%-ით აუნაზღაურდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქია მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაფიქსირდა, რა დროსაც 8 სოფელმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ნახევარსაათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ზარალის საერთო ოდენობამ მუნიციპალიტეტში 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა.

XS
SM
MD
LG