Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ნაბიჯით წინ - უვიზოდ მიმოსვლისკენ


საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების თარიღს. 12 იანვარს სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიემხრო ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE). კენჭისყრაში მონაწილე 45 დეპუტატიდან საკითხს 42-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა 2-მა დეპუტატმა, ხოლო 1-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, თებერვალში დააყენებენ. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე ევროკავშირთან საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის განხილვის თარიღად 2 თებერვალია მითითებული. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროცესს ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

გადმოწერა

საბოლოო კენჭისყრა ევროპარლამენტში, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში, შემდეგ რამდენიმე აუცილებელი ტექნიკური პროცედურა და არაერთგზის მხარდაჭერილი გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილების შესახებ ძალაში შევა. საქართველოს ხელისუფლებაში დღეებს ითვლიან. 12 იანვარს ლიბეს კომიტეტში გამართული კენჭისყრის დადებითად დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც ამ ფაქტს მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს „კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად“. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი, დავით ზალკალიანმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთხელ შეაფასა ამ გადაწყვეტილების და, ზოგადად, სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს საქართველოსათვის განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთავა აქვს:

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

„ეს არის ხალხთა შორის ურთიერთობის, დაახლოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ქვეყნების ბიზნესებს შორის ურთიერთობის კუთხით გადადგმული ნაბიჯი. ბიზნესს სჭირდება სწრაფი მოქმედება და ბიზნესმენებსაც მიეცემათ შესაძლებლობა უფრო სწრაფად განავითარონ ეს ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან, ჩვენი პროდუქცია გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველომ მიიღოს ის სიკეთე, რასაც ჰქვია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია ეს ამბავი ტერიტორული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში, რადგანაც ეს არის ძალიან კარგი მესიჯი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ოკუპირებული ხაზის იქითა მხარეს ცხოვრობს. ეს მათთვისაც შესაძლებლობაა ისარგებლონ ამ სიკეთეებით“.

ახლა წინ ევროპარლამენტში კენჭისყრაა. საგარეო უწყების თანახმად, ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. შემდეგ კი, როგორც სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძეც განმარტავს, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩება:

„ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მალე ამ ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას“.

მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისათვის მტკიცე მხარდაჭერას...
იოჰანეს ჰანი

იმედიანადაა განწყობილი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავაც - ის ელის, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზოდ გადაადგილების შესახებ კენჭისყრა თებერვლის თვეს არ გასცდება, ხოლო კომიტეტის 12 იანვრის გადაწყვეტილება ევროპარლამენტში კენჭისყრამდე სავიზო ლიბერალიზაციის გზაზე პრაქტიკულად ბოლო დადებითი გადაწყვეტილებაა:

„ჩვენ ძალიან დადებითი მოლოდინის რეჟიმში ვართ, არ ველით არანაირ გართულებას. ყველა ჩვენს პარტნიორს ღიად აქვს გამოხატული თავისი მხარდაჭერა საქართველოსათვის. ასე რომ, საბოლოო დადებითი გადაწყვეტილების არსებობაში დარწმუნებულები ვართ“.

აქვე გავიხსენოთ, რომ ლიბეს კომიტეტის 12 იანვრის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (Coreper) დასტური საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმების თაობაზე.

მორიგი ნაბიჯი უვიზო მიმოსვლისკენ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00

12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთ კომიტეტის (LIBE) გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც გამოეხმაურა: მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისათვის მტკიცე მხარდაჭერას“, - წერს ჰანი.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ რადიო თავისუფლებას უფრო დეტალურად განუმარტა, თუ რა ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი. კერძოდ, მისი თქმით, ევროპარლამენტში 751 დეპუტატიდან გადაწყვეტილებას მხარი მინიმუმ 376-მა უნდა დაუჭიროს. ამის პარალელურად კენჭისყრა ჩატარდება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოშიც, კერძოდ, გადაწყვეტილებას კენჭს უყრის, როგორც წესი, იუსტიციის მინისტრთა საბჭო, თუმცა ვანო ჩხიკვაძე არ გამორიცხავს, რომ ეს კონფიგურაცია შეიცვალოს. საკითხის ჩავარდნა მოსალოდნელი არ არის. ამ კენჭისყრებისა და ევროკავშირის ჟურნალში დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ სტანდარტული პროცედურა ასეთია:

„დოკუმენტი, როგორც წესი, გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს შედის ძალაში, თუმცა მათ ასევე აქვთ უფლება, მიუთითონ მისი ამოქმედების რომელიმე კონკრეტული თარიღი. თუმცა კი, თუ მოლდავეთის მაგალითს მოვიშველიებთ, იქ უვიზო რეჟიმი, სტანდარტული პროცედურის თანახმად, სწორედ 21-ე დღეს ამოქმედდა“.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში) სარგებლობას შეძლებენ.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელ კორესპონდენტთან ინტერვიუში კი ევროპარლამენტარი, სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ საქართველოსა და უკრაინის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად მარტის თვეს ასახელებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG