ხულოს პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა პრემია „დურუჯზე“ განაცხადი შეიტანა სპექტაკლით „გაუმარჯოს ბუშონს“, რომელიც, ჯერარდ სიბლეირასის პიესის ქართული თარგმანისმიხედვით, რეჟისორმა როინ სურმანიძემ დადგა. „დურუჯის“ ჟიურის წევრები გასულ კვირას ხულოს მუნიციპალიტეტში სპექტაკლის სანახავად იმყოფებოდნენ. ხულოს თეატრის დასმა პიესა ერთ მოქმედებად, სამი მსახიობის შემადგენლობით, ითამაშა. სპექტაკლის მიხედვით, ამბავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხდება, სადაც ორი პაციენტი წამოიწყებს თამაშს, თითქოს ისინი საფრანგეთის სოფელ ბუშონის ხელმძღვანელები არიან, რომლებიც სოფლის ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობენ. სპექტაკლში მესამე პერსონაჟი ექიმი ფსიქიატრია, რომელიც პაციენტების თამაშში ერთვება.
ერთ-ერთ როლს სპექტაკლში ხულოს თეატრის მსახიობი, ლაშა აბულაძე, ასრულებს:
“სიუჟეტი ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ჩემი პერსონაჟი არის სოფლის მერი, რომელიც ცდილობს სხვა პაციენტებიც აიყოლიოს, ავანტიურისტია და ცდილობს ყველაფერი არიოს...“ - ამბობს მსახიობი ლაშა აბულაძე.
სპექტაკლში ქალაქის მერის პერსონაჟი მიზნის მისაღწევად ყველა მეთოდს იყენებს - ბუშონის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, შემდეგ კი ომსაცწამოიწყებს. მსახიობი გურამ თავართქილაძე ქალაქის მერის ძმას თამაშობს. ამბობს, რომ მისი პერსონაჟი გარემოების მსხვერპლია:
„სახელმწიფოს ქმნიან, რომელსაც ჰქვია „ბუშონი“. სხვადასხვა საწარმოც აქვთ და აკლიათ ერთი რამ მხოლოდ, ევროკავშირში შესვლა. სამი პერსონაჟია: ორი ძმა და ერთი ექიმი, რომელიც ძალაუნებურად თამაშში ერთვება.. ჩემი პერსონაჟი კი ერთ-ერთი ძმაა, სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების წარუმატებელი მცდელობის მსხვერპლია. რადგან ძმები წინასწარ არ ფიქრობენ, როგორ გამოუვათ ეს მცდელობა, ამიტომ, როგორც ხდება,მოუმზადებელ თემას კრახი ახლავს თან და ასე მთავრდება წარუმატებლად ამბავიც“, - ამბობს გურამ თავართქილაძე.
ექიმი ფსიქიატრი სპექტაკლში, ამავე დროს, ევროკავშირის წარმომადგენელია, რომელიც პაციენტების თამაშს მაშინ წყვეტს, როდესაც ისინი არასწორი მიმართულებით, დესტრუქციულად მიდიან. რეჟისორი როინ სურმანიძე ამბობს რომ, სპექტაკლში რამდენიმე მეტაფორა გამოიყენა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს სიუჟეტი:
„ბოლოს აღმოჩნდება, რომ მათ არასწორად დაამთავრეს სპექტაკლი და, აი, ამ დროს ერევა ექიმი, იგივე ევროკავშირის წარმომადგენელი, და წყვეტს თამაშს. ამ სპექტაკლში არ არის ერთი მინიშნება ან კონკრეტული რეჟისორული გადაწყვეტა, აქ ბევრი ელემენტია ჩადებული იმისთვის, რომ,როგორც უნდა, ისე გაიგოს მაყურებელმა. ეს სპექტაკლი ხვალ შეიძლება სხვანაირად დამთავრდეს, ზეგ კი -განსხვავებულად. გააჩნია განწყობას, გააჩნია შემოქმედებით სიტუაციას და გააჩნია მაყურებელს“, - ამბობს რეჟისორი როინ სურმანიძე.
მაყურებელი კი ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალგაზრდა ჰყავს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი როინ სურმანიძე ამბობს, რომ სწორედ ამის გამო თეატრში თანამედროვე პიესებს დგამენ, რაც, მისივე თქმით, სწორედ არსებულ პრობლემებს ეხმაურება:
„თბილისში რა პრობლემაცაა ან ბათუმში, რატომ არ უნდა იყოს ის პრობლემა ხულოშიც? ეს ხომ ადგილის პრობლემა არ არის, ეს ხომ ქვეყნის პრობლემაა, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ, ვართ ინდივიდები და მოქალაქეები... ამიტომ ლოკალური კუთხით არ განვიხილავ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თეატრის ორიენტაცია.მაყურებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან, ამიტომ მათთვის ყოველთვის საინტერესოა ის პროცესი, რაც დღეს მიდის. მე ვფიქრობ, მაყურებელს ყოველთვის უნდა რაღაც სიახლე, ამის საშუალებას კი სწორედ თანამედროვე დრამატურგია იძლევა. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ მიმართულებით და თეატრი ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას“, - ამბობს როინ სურმანიძე.
ხულოს დრამატული თეატრის სპექტაკლებს ხშირად თვალს ადევნებს ვიდეოოპერატორი ალეკო აბაშიძე, რომელიც სპექტაკლების ვიდეოჩანაწერს საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისთვის“ აკეთებს:
„ამ თეატრს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, რომელსაც თავისი ისტორია აქვს და, რაც მთავარია, იგი არსებობს გეოგრაფიულად ამ მაღალმთიან რაიონში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩევა. ამ თეატრს ჰყავს ყველა ასაკის მაყურებელი და ყოველთვის ახერხებდა ხულოს თეატრი, რომ საინტერესო ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ, ბევრი სხვა თეატრისგან განსხვავებით, მაყურებლის გარეშე არასდროს დარჩენილა. რომ დავფიქრდეთ, რა მნიშვნელოვანია, როდესაც მაყურებელი მოდის შორეული სოფლებიდან, ხშირად ფეხით, იმიტომ რომ ტრანსპორტი არ არის და ხშირად ეს ხდება ძალიან ცუდი ამინდის პირობებშიც“, - ამბობს ალეკო აბაშიძე.
ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ზღვის დონიდან 960 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და, როგორც ადგილობრივები სიამაყით ამბობენ, იგი ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ წერტილშია მსოფლიო პროფესიულ თეატრებს შორის. ხულოს რაიონის ცენტრში თეატრმა არსებობა 80 წლის წინ დაიწყო, თუმცა პირველი სპექტაკლი ხულოში კიდევ უფრო ადრე, 1925 წელს, დაიდგა. ამ დროს ცნობილი ქართველი რეჟისორის, სიკო დოლიძის, მამა, მღვდელი ბესარიონ დოლიძე, თავის მეუღლესთან ერთად ხულოს რაიონში პედაგოგიური საქმიანობისთვის ჩავიდა. სწორედ მათი შვილის, სიკო დოლიძის სახელთანაა დაკავშირებული ხულოს რაიონში 1925 წელს დრამატული წრის შექმნა, რასაც მოგვიანებით თეატრის დაარსება მოჰყვა:
„... და დადგეს ორი სპექტაკლი, ესენია: „ორი მშიერი“ და „ტიმოთეს ლეღვი“. ამ პირველ სპექტაკლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, აჭარა საუკუნეების განმავლობაში თურქეთის შემადგენლობაში იყო. ამ დროის მანძილზე რელიგიამ მყარად მოიკიდა ფეხი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ როდესაც რეგიონი საქართველოს იურისდიქციას დაუბრუნდა, საჭირო იყო ადგილობრივი მოსახლეობის ადაპტირება, ანუ ინტეგრაცია, იმიტომ რომ თურქეთში აბსოლუტურად განსხვავებული წეს-ჩვეულებები და კანონმდებლობა იყო და აქ - სხვანაირი. ამას ისიც ემატება, რომ აქ, ჩვენთან, კომუნიზმიც დახვდათ. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდებოდა შეგუება, ადაპტაცია და აქ, მე ვფიქრობ, თეატრს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თეატრი მოწადინებულია, რომ მეტი განათლება შეიტანოს“, - ამბობს ინგა ხალვაში, ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დოქტორი.
დღეს ხულოს პროფესიული დრამატული თეატრის ერთადერთი შემოსავალი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ყოველწლიური 215 000 ლარია. ამ ფინანსური რესურსით თეატრის დასი წელიწადში სამ სპექტაკლს დგამს. ხულოს სახელმწიფო თეატრს 34 თანამშრომელი ჰყავს -10 მსახიობი, დანარჩენი კი ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალია. როგორც თეატრის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, ეს თანხა ძალიან მცირეა, რადგან დაბალია ხელფასები და არასაკმარისია სადადგმო ხარჯებიც.