მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არ აპირებს მასთან დათმობაზე წასვლას ხუდონჰესის საკითხთან მიმართებით. სვანებმა ხაიშის გამგეობის შენობაში 4 ოტომბერს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ ჰესის მშენებლობას დღეს არსებული პროექტით. მათი თქმით, სახელმწიფო, კერძო კომპანიის დახმარებით, მხოლოდ ფინანსური სარგებლის მისაღებად საფრთხეში აგდებს მოქალაქეების სიცოცხლეს, რადგან ხაიშს პროექტის განხორციელების შემთხვევაში დატბორვის საფრთხე ემუქრება. სვანებმა პროექტისადმი საკუთარი დამოკიდებულება ადრე გამართულ არაერთ საპროტესტო აქციაზე, მათ შორის, ხატზე დაფიცებითაც დაადასტურეს, ამჯერად კი ექვსპუნქტიანი მიმართვა შეიმუშავეს.
„ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“ კონტრაქტის გაწყვეტას, სააკაშვილის დროს ერთ დოლარად უკანონოდ წართმეული მიწების უკან დაბრუნებას, მიეცეს ხაიშის მოსახლეობას შესაძლებლობა დაირეგისტრიროს როგორც საკუთარი, ასევე სათემო მიწები“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. მან შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხუდონჰესის თემაზე სასაუბროდ შეხვდა მესტიის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანსა და მაჟორიტარ დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს, მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ ვიცე-პრემიერს და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს სურს მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვა. მისი ცნობით, შეხვედრის თარიღი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუმცა ცნობილია, რომ ვიცე-პრემიერს შეხვედრის მოწყობა მესტიაში სურს, რამაც ხაიშელების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, შეხვედრა შედგება მხოლოდ ხაიშში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული წინადადების განხილვა მოხდება:
„არავითარი შეხვედრა მესტიაში. თუ უნდა, ბატონი კალაძე მოვიდეს აქ, ხაიშში. სხვა სოფლებიდანაც მოვა ხალხი და აქ შეგვხვდეს, აქ გავცემთ მას პასუხს“, ამბობს შეხვედრაზე სოფელ ნაკრადან ჩასული გიონ ცინდელიანი.
„კიდევ ერთხელ ვთხოვთ ხელისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ შეაჩეროს ეს ხუდონჰესის პროექტი და გადავიდეს ალტერნატიული ჰესების მშენებლობაზე“, თქვა ხაიშელმა ჯამბულ ჭკადუამ.
„შეხვედრის წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, მაგრამ იქ აუცილებლად უნდა იყოს ალტერნატივაზეც ლაპარაკი. ნუ ჩამოვეკიდებით 50 წლის წინანდელ, საბჭოთა კავშირის პროექტს. ვიფიქროთ ალტერნატივაზე“, აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
სვანების თქმით, თუ კახა კალაძესთან მათი შეხვედრა შედგება, დეტალურად აუხსნიან, რა მიზეზითაც არ სურთ სოფელში ჰესის მშენებლობა. მანამდე კი ისინი საგანგებოდ შემუშავებულ მიმართვას, ხელმოწერების თანხლებით, წერილობით გაუგზავნიან საქართველოს მთავრობას.
ბოლო საპროტესტო აქცია ხაიშელებმა 15 დღის წინ გამართეს, სადაც, სოციალური შინაარსის მოთხოვნებთან ერთად, ხუდონჰესის მშენებლობაზე უარყოფითი დამოკიდებულებაც დააფიქსირეს. აქციას მაშინ გარემოს დაცვის მინისტრი გამოეხმაურა. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ჰესის მშენებლობის დაწყების ნებართვა ჯერ არ გაცემულა:
„ნებართვა გაცემული იქნება მას შემდეგ, რაც დაინტერესებული ორგანიზაციები წარმოადგენენ შენიშვნებს. შენიშვნების გადამუშავების შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ გავცეთ ნებართვა იმის მიხედვით, თუ როგორი ვითარება გვექნება. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები", - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.
ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ ინდურ-ინგლისური კომპანიის „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ პროექტი მდინარე ენგურზე 700-მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს.