Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აწყურის, ხერთვისისა და ბებრისის ციხეების რეაბილიტაცია დაიწყო


სამ უძველეს ნაგებობაზე – აწყურის, ხერთვისისა და ბებრისის ციხეებზე - სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლებზე ისეთი უბნების გამაგრება ხდება, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე ავარიულია. როგორ მიმდინარეობს უბნებზე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები და როდის დასრულდება აწყურისა და ხერთვისის ციხეების რეაბილიტაცია?
სამცხე-ჯავახეთის ორ უძველეს ნაგებობაზე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. აწყურის ციხეზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფიზიკურ სამუშაოებს იმ უბნებზე ახორციელებს, სადაც მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. არქიტექტორთა განმარტებით, სიტუაცია ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო მწვავდება. აწყურის ციხეზე რესტავრატორები, მოსალოდნელი სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, განმარტავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხარისხის კონტორილისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნინო კორძახია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები იუნესკოს წინასწარ ნუსხაში შეყვანილ ხერთვისის ციხეზეც მიმდინარეობს. რესტავრატორთა განმარტებით, ამ დროისათვის დასავლეთის მრუდწახნაგოვანი კოშკისა და ციტადელის გალავნის აღდგენა ხდება. არქიტექტორ- რესტავრატორი შალვა მელიქიძე ამბობს, რომ სამუშაოებს ადგილობრივი ჯიშის ქვითა და კირის დუღაბის გამოყენებით ახორციელებენ.

უძველეს ნაგებობებზე მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური მუშაობს, ხოლო ციხეების რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აფინანსებს. „სიძველეები მხოლოდ საკულტო ნაგებობები არ არის, მას მოვლა სჭირდება“, – ამბობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი.

სამცხე-ჯავახეთში არსებული ციხე-ნაგებობების გარდა, სარესტავრაციო სამუშაოები მცხეთაში ბებრისის ციხეზეც მიმდინარეობს, რომელიც, 2009 წელს სამშენებლო წესების მიხედვით ჩატარებული კვლევით, ყველაზე მძიმე დაზიანების მე-3 კატეგორიადაა შეფასებული. აღნიშნულ ციხე-სიმაგრეებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპის დასრულება დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG