Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სოფლების მოსახლეობა ხნულების გავლების მოლოდინში


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

ოკუპირებული არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა არ გამოჩენილა. ორი დღის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 3 აგვისტოდან 18 აგვისტომდე უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური სოფელ არცევის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს გაავლებს. ოკუპირებულ სოფელ არცევს ქართული სოფლები ქვეში, ჯარიაშენი და აძვი ესაზღვრება. მსგავსი ხნულები ჯარიაშენის მინდვრებში შარშანაც გაავლეს და ადგილობრივი ფერმერების მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს. ოსური მხარის ახალ ინიციატივას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ეს არის „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა ბარიკადებისა, რომელიც წლების განმავლობაში ივლება. ციხელაშვილის თქმით, ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები.

გადმოწერა

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს. სოფელ ფლავისმანთან 72 წლის გივი ეცადაშვილი და 65 წლის გივი მამისბედიშვილი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდნენ, როცა მათთან რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. თვითმხილველები და დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მწყემსებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთიათ. ისინი უკვე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს და ახლა სასამართლოს გამართვას ელოდებიან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკება მიმდინარეობს. სოფლების აძვის, ქვეშისა და ჯარიაშენის მცხოვრებნი კი დილიდან აკვირდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, მათ აინტერესებთ ოკუპირებული არცევიდან ხნულების გასავლებად ტექნიკა რომელი სოფლის მიმართულებით დაიძვრება.

XS
SM
MD
LG