Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ზოლის სამოქალაქო პატრულირება და საფრთხეები


ფოტო: #ძალაერთობაშია
ფოტო: #ძალაერთობაშია

#ძალა ერთობაშია - სოციალურ ქსელ ფეისბუქში ასეთი ჰეშთეგით გავრცელებული მოწოდება, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო პატრულის პირველი ჯგუფი 25 ივლისს შიდა ქართლში ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე გავიდა. წარმომადგენლები სამოქალაქო მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“ გეგმავენ, ოკუპანტების დესტრუქციულ ქმედებებს ყოველდღიურ რეჟიმში მიადევნონ თვალყური და განგაში ატეხონ თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს საზოგადოების ასეთმა აქტიურობამ და რამდენად უსაფრთხო იქნება ეს პროცესი? შს სამინისტრო რისკებზე ლაპარაკობს, ხოლო სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პოლიციასთან შეთანხმებული მოქმედების პირობას დებენ.​

გადმოწერა

კასპის რაიონის სოფელი ყარაფილა და გორის რაიონის სოფელი ბერშუეთი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სწორედ ის ადგილებია, სადაც ახლო წარსულში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა არაერთი აქცია გამართა რუსი ოკუპანტების მიერ დამატებითი ტერიტორიების მიტაცებისა და საოკუპაციო ბანერების დამონტაჟების გასაპროტესტებლად, 25 ივლისს კი ამ აქციებში მონაწილე ადამიანები ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე უკვე სამოქალაქო პატრულის სტატუსით გამოჩნდნენ. აწი ამ პროცესის გაგრძელება უწყვეტად არის ჩაფიქრებული - ყოველდღე სამკაციანი ჯგუფი იმორიგევებს და, შესაძლებლობების ფარგლებში, ყურადღებით დააკვირდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამოხდომებს.

პირველ ნაკადში იყო სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა, რომელმაც სამოქალაქო პატრულის მიზნები ასე განმარტა:

დავით ქაცარავა
დავით ქაცარავა

“ძალოვან სტრუქტურებთან შეთანხმებით დააკვირდებიან ოკუპანტების მოქმედებებს, დააფიქსირებენ მათ არაკანონიერ და მავნებლურ მოქმედებებს და, შესაბამისად, განგაშის რეჟიმში შეატყობინებენ, თამამად ვიტყვი, მთელ მსოფლიოს იმის შესახებ, თუ რა ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები დღის პირველ ნახევარში შს სამინისტროსთან მიღწეულ თანხმობაზე ლაპარაკობდნენ, დღის მეორე ნახევარში თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გვამცნობს, რომ უწყება მაინცდამაინც არ იწონებს სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივას და რისკების არსებობაზე აკეთებს აქცენტს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, რომლებიც გეგმავენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას. ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.

საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და, ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“.

საოკუპაციო ზოლის სამოქალაქო პატრულირება და საფრთხეები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:46 0:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოხატულ სიფრთხილეს ადეკვატურად მიიჩნევს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი, ირაკლი მჭედლიშვილი. მისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ხელშესახები შედეგი შეიძლება მოჰყვეს სამოქალაქო პატრულირების პროცესს, მაშინ როცა შეუცვლელია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის როლი კონფლიქტის ზოლის მიმდებარე ტერიტორიების გაკონტროლების საქმეში, მაგრამ ექსპერტისთვის უდავოა, რომ რისკები არსებობს და გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ფიქრობენ:

ირაკლი მჭედლიშვილი
ირაკლი მჭედლიშვილი

„თუ რამე მოხდება, ეს იქნება ოფიციალური სტრუქტურების პასუხისმგებლობა, ასევე ეს საფრთხეს შეუქმნის მთლიანად საზოგადოებას, გაართულებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას და ასე შემდეგ... როდესაც ეს დაძაბულობის ზონაში ხდება, რისკები ყოველთვის მაღალია... ჩვენ, საბოლოო ჯამში, არ ვიცით, ვინ და როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს აქცია“.

და მაინც, არის თუ არა მიღწეული შეთანხმება და რა სახის შეთანხმებაა მიღწეული პოლიციელებსა და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამოქალაქო პატრულირების პროცესთან დაკავშირებით? როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ლაშა ბერულავამ, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სრულად დაემორჩილება პოლიციის მითითებებს, კოორდინირებულად იმოქმედებს და გარკვეული კომპრომისი თითქმის უკვე მიღწეულია:

„ვითვალისწინებთ შს სამინისტროს პოზიციას და პატივს ვცემთ მათ პოზიციას, ხაზს ვუსვამ... ჩვენ თავიდან გვქონდა განსაზღვრული 24-საათიან რეჟიმში პატრულირება, მაგრამ გავივლით დეტალებს და ღამის საათებში პატრულირებას მოვხსნით იმის გამო, რომ ამას სჭირდება სათანადო გამოცდილება, სპეციფიკური აღჭურვილობა... შესაბამისად, ამ შემთხვევაში რისკის საფრთხე უფრო დიდია, პროვოკაციის მოწყობის საშუალება მათი მხრიდან უფრო ხელმოსაჭიდი ხდება და, შესაბამისად, ამაზე, ალბათ, უარის თქმა მოგვიწევს“.

ლაშა ბერულავას განმარტებით, სამოქალაქო პატრულირების ორგანიზატორები კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მუშაობის ეფექტიანობას და სამოქალაქო პროცესი უნდა განვიხილოთ დამატებით, შემავსებელ კომპონენტად, რომელიც საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებასა და ოკუპაციის თემის წინა პლანზე წამოწევას ისახავს მიზნად.

სამოქალაქო მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა. ისინი გამოხატავენ სრულ მზადყოფნას სამოქალაქო პატრულირებისთვის. საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, პროცესს შესაძლებელია შეუერთდეს ყველა მსურველი და, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებიც, თუმცა არა პარტიის სახელით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG