Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავება


საოკუპაციო გამყოფი ხაზი
საოკუპაციო გამყოფი ხაზი

გასული ორი დღის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის განაპირას რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. წითელუბნის მცხოვრებლები ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯიროვი საქონელს მწყემსავდნენ, ამ დროს მათთან შეიარაღებული პირები მივიდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებულები ჯერ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წინაგარის მიმართულებით წაიყვანეს, მოგვიანებით კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. წითელუბანი გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე მრავალფეროვანი სოფელია - აქ ცხოვრობენ აჭარელი ეკომიგრანტები, რეპატრირებული მესხები, ეთნიკურად ოსი ეროვნების წარმომადგენლები. ბოლოთაევი და კაჯიროვი ოსები არიან. ოჯახის წევრები და თანასოფლელები ახლა ცხინვალში სასამართლოს გამართვას ელოდებიან, დაკავებულებს 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

62 წლის აბესალომ კოკოლაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის სიახლოვეს დააკავეს. კოკოლაშვილი საქონელს საოკუპაციო ზოლზე ცოტა ხნის წინ გავლებული ახალი ხნულების მიმდებარე ტერიტორიაზე აძოვებდა. მასთან ერთად სხვა ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გამოჩენისთანავე თავს გაქცევით უშველეს. თვითმხილველების გადმოცემით, მწყემსებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთიათ და რუსეთის მესაზღვრეები ავლევის ტერიტორიაზე იყვნენ ჩასაფრებულნი. ავლევშიც ცხინვალში გასამართ სასამართლოს ელოდებიან.

უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ქართველი სამართალდამცავები ოსურ მხარესთან დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებას აწარმოებენ.

ბოლო კვირებში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები გახშირდა. გასული ერთი თვის განმავლობაში ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 15 მოქალაქე იყო დაკავებული. ეს ინფორმაცია ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. დაკავებების პარალელურად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ავლევის, კნოლევის, ცერონისის მიმართულებით ახალ ხნულებს ავლებენ, სოფელ ბერშუეთთან კი ადგილობრივი ფერმერის მიწის ნაკვეთში ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გადმოსწიეს.

XS
SM
MD
LG