Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების” ლიდერები სოფელ-სოფელ შეხვედრებს მართავენ


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები გორის რაიონის სოფლებში დადიან და მოსახლეობას 15 ივლისს გორში დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟებიან. ნინელი ჭანკვეტაძე, მანანა კობახიძე, შოთა ხაბარელი, კახი კალაძე, სოზარ სუბარი და ადგილობრივი ლიდერები რამდენიმე ჯგუფში არიან განაწილებულები და დღის განმავლობაში არაერთ სოფელში ასწრებენ შეხვედრების ჩატარებას.

შეხვედრები ძირითადად სოფლების ცენტრში, მთავარ თავშეყრის ადგილებში იმართება. ასეთ შეხვედრებს სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრება, რადგან ახლა გლეხების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით არის დაკავებული და პოლიტიკისთვის არ სცალია. შეხვედრებზე მისული ადამიანები კი სტუმრებს სოფლის გაჭირვებაზე, მძიმე სოციალურ-ეკომომიკურ პრობლემებზე ესაუბრებიან.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნინელი ჭანკვეტაძე აცხადებს, რომ ხალხს მათთან გამოსვლა უნდა, მაგრამ ისინი დაშინებულები არიან.

კოალიციის ლიდერების შეხვედრებს მუდმივად თვალს ადევნებენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც საკუთარი აზრის დაფიქსირებას არ ერიდებიან და ოპოზიციის კრიტიკით გამოირჩევიან. მერეთის ინციდენტისგან განსხვავებით, ასეთი დაპირისპირება კამათის ჩარჩოს არ სცდება.

კოალიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მომხრეები ადგილობრივ მოსახლეობას აშინებენ. სოზარ სუბარის თქმით, ამ საქმეში პოლიცია ხშირად ნასამართლეობის მქონე პირებს იყენებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები სოფლებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. კვირას კი კულტურის ცენტრის მიმდებარე მოედანზე მიტინგი გაიმართება. კოალიციის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, აქციაზე ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.

გარდა ამისა, ფანჯიკიძის თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში კოალიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს თბილისის საარჩევნო ოლქებშიც დაასახელებს.
XS
SM
MD
LG