ოსურ საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, მურატ ცხოვრებოვის, განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ახალგორთან საბაჟო პუნქტის შესაძლო ამოქმედებას ეხება. მან სამომავლოდ არც ის გამორიცხა, რომ კავკასიური ტვირთებისთვის ტრანსკავკასიური მაგისტრალიც გაიხსნას.
სოციალურ ქსელებში ცხინვალის მოქალაქეების ერთი ნაწილი ამ მოსაზრებას იწონებს, რადგან, მათი აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის საბიუჯეტო შემოსავლები ამით გაიზრდება, მეორე ნაწილი კი საბაჟო კომიტეტის უფროსის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ საქართველოსთან საომარ მდგომარეობაში მყოფი რესპუბლიკა ამ სახელმწიფოსგან პროდუქციას არ უნდა იღებდეს - ეს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ აწერს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ გზები ჩაკეტა და მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა. გამონაკლისი მხოლოდ ახალგორისთვის დაუშვა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები სპეციალური საშვებით გადაადგილდებიან. გამარტივებულ გამშვებ პუნქტზე თბილისიდან ახალგორის მიმართულებით მოგვიანებით ტვირთის გადატანაც დაიწყეს, რაც ლიმიტირებული იყო - ერთ ადამიანს 50 კილოგრამ ტვირთზე მეტის გადატანა არ შეეძლო, თუმცა ცხინვალის ბაზარზე ქართული პროდუქციის წილი სულ უფრო იზრდებოდა. გარდა ამისა, თბილისიდან შეტანილი პროდუქცია რუსეთის პროდუქტებზე უფრო იაფია. დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივ ბაზარზე „ქართული კონტრაბანდის“ არსებობას აღიარებდა, მაგრამ მის წინააღმდეგ არ იბრძოდა, ტვირთების რაოდენობა კი იზრდებოდა და სავაჭრო ინტერესი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდებოდა. მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ ოსმა მოვაჭრეებმა ქართული ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია უკვე რუსეთის ბაზრებზე დაიწყეს, ოღონდ ამ პროდუქციას ცხინვალში მოყვანილად ასაღებდნენ. ახალგორის მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალი წლის დღეებში ახალგორიდან ცხინვალის მიმართულებით ათეულობით მანქანა მოძრაობდა. მისი თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებამ აღიარა, რომ თბილისიდან ცხინვალისკენ ათეულობით ტონა ტვირთი გადაადგილდებოდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის უფროსის განცხადება ნათელყოფს, რომ, რუსეთთან ინტეგრაციული პროცესების მიუხედავად, არაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკა მაინც ქართულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ცნობილი არ არის საბაჟო პუნქტის შესაძლო ამოქმედების დეტალები - რა გადასახადები დაწესდება, როგორი იქნება განბაჟების პროცედურები და ასე შემდეგ. ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა ამ საკითხის კომენტირება არ ისურვა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ თუ სამომავლოდ ქართულ მხარესთან აუცილებელი გახდება ამ საკითხის განხილვა, მას დღის წესრიგში შეიტანენ.
რა შეიცვლება თბილისისთვის ოკუპირებულ ტერიტირიაზე საბაჟო პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი უწყების მოქმედება არალეგიტიმური იქნება, საქართველოს ხელისუფლებისთვის კი მთავარი ის არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
ახალგორთან საბაჟო პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება: ცხინვალის ბაზარზე ქართული პროდუქცია გაძვირდება, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტისა და მოხელეების შემოსავლებიც გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ დე ფაქტო რესპუბლიკაში კორუფციის მაღალ დონეს. ახალგორელებისთვის კი მთავარი ისაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთი უპრობლემოდ შეიტანონ. ომის დამთავრებიდან ცოტა ხანში ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თემურ ცხურბათიმ, ჩაკეტილი გზებისა და ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ტვირთების გადაადგილების იდეა წამოჭრა. მისი აზრით, კავკასიური ტვირთების ტრანზიტისთვის სამხრეთ ოსეთი დიდ შემოსავალს მიიღებდა. მაშინ ცხურბათი მოღალატედ და ოსური ინტერესების მოწინააღმდეგედ გამოაცხადეს, ომის დასრულებიდან 8 წლის შემდეგ კი ამავე იდეაზე თვითონ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ალაპარაკდნენ. ისიც ცხადია, რომ ისინი ამას კრემლთან შეუთანხმებლად არ აკეთებენ.