Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლო კაჭარავას ჩანაწერები ჯოჯოხეთიდან


30 წლის ასაკში გარდაცვლილი კარლო კაჭარავას დაუჯერებლად ვრცელი და მრავალსახოვანი არქივი უკვე 20 წელზე მეტია, რაც წესრიგდება და თანდათანობით ქვეყნდება სხვადასხვა ფორმით - პუბლიკაციებად ჟურნალ-გაზეთებში, კატალოგებად, წიგნებად...

გადმოწერა

მისი პოეზია და ესეისტიკა ასე თუ ისე ადეკვატურად უკვე იცის დაინტერესებულმა მკითხველმა, რადგან კარგადაა თავმოყრილი 2006 წელს „ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობის“ მიერ დაბეჭდილ ორტომეულში. გარდა ამისა, კარლო კაჭარავა მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში რეგულარულად აწარმოებდა დღიურებს და მათში ერთი თვალის ჩაკვრაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს დღიურები საუკეთესო საშუალებაა როგორც მისი შინაგანი ბუნების ბოლომდე შესაგრძნობად, ასევე იმ პერიოდის სოციალურ-კულტურული გარემოს დასანახად, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ამ ტიპის საარქივო მასალით ჯერჯერობით ერთი წიგნია დაბეჭდილი და ახლა მასზე ვისაუბრებთ. „მგზავრობის ანგელოსი“ „გია ქარჩხაძის გამომცემლობამ“ 2014 წელს დასტამბა, ანუ 3 წლის წინ, რაც ნიშნავს, რომ მასზე რეაგირება დავაგვიანეთ, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მითუმეტეს, რომ ეს წიგნი ბევრი ნიშნითაა უნიკალური და, ამასთანავე, სამწუხაროდ, არის ნეგატიური ფაქტორებიც, რაზე მკაცრად მითითება აუცილებელია, რათა დარჩენილ საარქივო მასალებზე მუშაობა სწორად გაგრძელდეს. ყოველივე ამაზე ვისაუბრებთ წიგნის რედაქტორთან, ხელოვნებათმცოდნე სოფიკო ქებურიასთან. თუმცა, სანამ პრობლემებზე გადავსულვართ, ჯერ მოვისმინოთ, თუ რა სახის დღიურებია ამ წიგნში თავმოყრილი.

სოფიკო ქებურია
სოფიკო ქებურია

სოფიკო ქებურია: კარლოს არქივში არის 17 ასეთი უბის წიგნაკი. ეს დღიური, კონკრეტულად, ჯარის პერიოდს ასახავს და მოიცავს, დაახლოებით, 7 თვეს, იმიტომ რომ 11 თვით ადრე გააკომისიავეს და დაიხსნა თავი საჯარისო სამსახურიდან. განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ იმ საშინელების შესახებ, რაც ხდებოდა საბჭოთა ჯარში, მე მგონი, არ დაწერილა არაფერი. კანტიკუნტად, გაბნეულად, შეიძლება რაღაც იყოს, მაგრამ დოკუმენტი არ დადებულა. მოწერილი წერილებით ვიცი მე, იქ რაც ხდებოდა, ან ვინც იქ მსახურობდა. შეიძლება მის პირად გამოცდილებაშია ეს ყველაფერი, ან რამდენიმე მოარული ანეგდოტი არსებობს ამის შესახებ... მხოლოდ უბირი ადამიანი, რომელსაც ღირსება არ გააჩნდა, იმას შეეძლო კომფორტულად ეგრძნო თავი ჯარში, მაგრამ არა იმ ადამიანს, რომელიც ერუდირებულია, რომელსაც აქვს სათუთი, ფაქიზი გრძნობები, ინტერესები. ამიტომ ჯოჯოხეთად იქცა კარლოსთვის ეს ჯარი.

„ღმერთო! შენ დაწყევლე და გაანადგურე ეს ადგილი! ეს ბოროტი ძალადობა!“ „ნუთუ არაფრისთვის ვიყავი საჭირო, აქ რომ მოვხვდი?“ „მე მართლა ძალიან ცუდად ვარ. ლამის მართლა დავიჯერო, რომ არავინ მიყვარს, მაგრამ ეს ხომ ტყუილია!“ „ღამით ნერვები ისე მეშლება უსუსურებისგან, ტირილი, ყვირილი ან გაგიჟება მინდა.“ აი, ასეთი მძიმე განწყობა სულ გასდევს დღიურს. ერთგან იგი ასეთ რამესაც კი წერს: „მე თითქმის გადავწყვიტე თავის მოკვლა, მაგრამ სისხლის და ხელის გაფუჭების მეშინია. თავის მოკვლა არ მინდა, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა“. მაგრამ კარლო ამ ჯოჯოხეთშიც კი ცხოვრობს დატვირთული, მრავალფეროვანი ცხოვრებით და ეს შველის მას. სრულიად ჩაკეტილ სივრცეშიც კი რაღაც სასწაულებით ახერხებს მუდამ ის იკითხოს და იმას უყუროს, რაც აინტერესებს და მერე იფიქროს ამაზე, აანალიზოს. როგორც სოფიკო ქებურიამ გაიხსენა, ლევან ჭოღოშვილს მიუწერია მისთვის, შენი წერილებიდან კაცი იფიქრებს, ჯარიდან კი არა, ლონდონის სამეფო ბიბლიოთეკიდან მწერო. საერთოდ, მეგობრების თუ ახლობლების წერილები ერთ-ერთი მთავარი მაშველი რგოლია კარლოსთვის ამ სიტუაციაში. სულ ელოდება და ძალიან უხარია მათი მიღება, ზოგიერთი დღიურშიც გადააქვს. ეს წერილები საშუალებას აძლევს კვლავ გრძნობდეს იმ სივრცეს, რომლიდანაც ასე მოულოდნელად და ასე უღმერთოდ ამოგლიჯეს; კვლავ გააგრძელოს დაკვირვება პროცესზე, რომელიც თანამედროვე ქართულ მხატვრობაში მიმდინარეობს და, რაც მთავარია, ცდილობს ობიექტურად შეხედოს იმას, თუ რას აკეთებს თავად, საკუთარი პოეზიისა თუ მხატვრობის ნიშან-თვისებებს ჩასწვდეს. ამ მხრივ, ჩემთვის ფრიად საინტერესო იყო ის ლექსები, რომლებიც დღიურს ასევე თავიდან ბოლომდე მიჰყვება. აქ ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ ყალიბდება მისი პოეტური ხელწერა. ეს ტექსტები არათანაბარია, არცთუ იშვიათად გაურანდავია და ხშირად კარლო მეორე დღესვე იწუნებს წინა დღეს დაწერილს, მაგრამ მაშინვე ახალს წერს და სწორედ ამ აქტიურ პროცესში ჩნდება და იკვეთება ის მისი უნიკალური პოეტური ხმა, რომელიც მისი საუკეთესო ლექსებიდან კარგად ვიცით. აქ ჩნდება მისი ლექსები ცნობილი ციკლიდან „ღარიბი სიზმრები“, თუმცა, ლექს-სიზმრების გარდა, ის მუდამ აფიქსირებს თავის ნამდვილ სიზმრებსაც და იმ უცნაურ კოლაჟში, რომელიც მას დღიურის წერისას თავისდაუნებურად გამოუვიდა, სიზმრები კიდევ ერთი მთავარი კომპონენტია. ყოველივე ამას ყოველდღიური აუტანელი ყოფის აღწერა გასდევს, ამ აუტანელ ყოფაში კი ერთადერთი სუსტად მბჟუტავი პოზიტივი ჯარისკაც იუსიფთან თითქმის ყოველდღიური ჩაის სმის რიტუალია.

აი, ასეთია კარლო კაჭარავას ჯარის დღიური, ოღონდ ეს მე მოგიყევით ასე დალაგებულად. არ იფიქროთ, წიგნს რომ გადაშლით, ისიამოვნებთ მისი კითხვით. გაიტანჯებით, გაცოფდებით, ასჯერ მოგინდებათ დაანებოთ თავი და თუ ბოლოში მაინც გახვალთ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ავტორის სამყარო გაინტერესებთ ძალიან. საქმე ისაა, მბეჭდავმა ტექსტი რომ აკრიფა, მასში არავის ჩაუხედავს, ისე დააკაბადონეს და გააქანეს სტამბაში. იმდენი უპასუხისმგებლო გამომცემლობაა საქართველოში და საუკეთესო გამომცემლობებიც კი ხანდახან ისე მოუწესრიგებლად სცემენ წიგნებს, რომ თითქოს რაღა უნდა გვიკვირდეს, მაგრამ თურმე უარესზე უარესიც არსებობს. რატომ მოხდა ასე? მოვუსმინოთ სოფიკო ქებურიას.

ჯარის დღიურებში უმეტესწილად მისი ნააზრევი, ფიქრები, ალუზიები, ლექსები, პოემები შევიდა და ცოტაა დოკუმენტურად იმ სიტუაციის აღწერა, რაც იქ ხდება. და იქ დოკუმენტურად აღწერს სად დადის, რას ნახულობს. ეს არის გაუთავებელი აქციები, მხატვრების კომპანიაში რაღაც ამბები, მსჯელობა, გამოფენები, შეხვედრები სახელოსნოებში, გაუთავებელი სმა, ღამის გასათევის ძებნა, ჩვეულებრივი ის რეალობა, რომელიც იმ პერიოდის ახალგაზრდა მხატვარს შეიძლებოდა რუსეთში ჰქონოდა...
სოფიკო ქებურია

სოფიკო ქებურია: კარლოს ძალიან წვრილი ხელწერა ჰქონდა, ამიტომ ძალიან დიდხანს ვამზადებდი წიგნს. მე, უბრალოდ, რედაქციას გადავეცი. მოვუნიშნე დღიურიდან: აქედან აქამდე, პირველ ნომრად ეს, მერე ეს, მერე ეს და ა.შ. გავუშვი გამომცემლობაში და მე არ გამაკეთებინეს კორექტურა. ვიფიქრე, რომ გამომცემლობას, რა თქმა უნდა, ჰყავს კორექტორი და უკვე პრეზენტაციის წინა დღეებში, როცა წიგნი გადავშალე, მინდოდა, რომ ნაცარი დამეყარა თავზე, იმიტომ რომ შიგ იყო ძალიან ბევრი კორექტურული შეცდომა. ეს კორექტურული შეცდომები ზოგჯერ შინაარსსაც უკარგავს ტექსტს. შეიძლება, მაგალითად, მიხვდეს მკითხველი, რომ უორსოლის ნაცვლად უორჰოლი იგულისხმება, მაგრამ, დავუშვათ, „სიდნეიში“ წერია, ამ დროს „სილნეიში“ (сильнейший) უნდა იყოს, სიდნეი კი ქალაქია და შეიძლება სხვაგან წავიდეს მკითხველის ფიქრი და ასოციაცია. იმდენია ასეთი კორექტურული შეცდომა, რომ ფაქტიურად ეს წიგნი, მე თუ მკითხავთ, არის დასამალი. მიუხედავად ამისა, ვეღარ იშოვი, უკვე რარიტეტად არის ქცეული. ყოველ შემთხვევაში, თუ ხელმეორედ გამოიცემა, ამას სერიოზული ხელოვნებათმცოდნის კორექტურა სჭირდება...

მე დავამატებდი, რომ კარგი იქნება, თუ გამოცდილი პოეტიც გაარედაქტირებს იმ დიდ პოეტურ კორპუსს, რომელიც ამ წიგნშია. კარლო კაჭარავას ხომ ეს ლექსები დასაბეჭდად არ მოუმზადებია. თავისთვის ჩაინიშნა და ასეთ დროს ელემენტარულად არასწორმა პუნქტუაციამ შეიძლება აქცენტები შეცვალოს, სათქმელი არიოს, ზუსტად დასმულმა ერთმა წერტილმა ან ტირემ კი ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოს. როცა გარდაცვლილი ავტორის ტექსტზე მიდის მუშაობა, პასუხისმგებლობა ორმაგი უნდა იყოს, ხოლო საარქივო მასალაზე, საერთოდ, - ათმაგი. ამჯერად კი, სამწუხაროდ პირიქით მოხდა. ერთი სიტყვით, აუცილებლად საჭიროა ამ წიგნის თავიდან გამოცემა, ხოლო დანარჩენ დღიურებზე მუშაობის უკეთ წარმართვა, მით უმეტეს, რომ ახალი წიგნი უკვე მზადდება. მოვუსმინოთ ერთხელაც სოფიკო ქებურიას.

სოფიკო ქებურია: ამჯერად უკვე აღარ ვენდე გამომცემლობას და ჩემი ხელით ავკრიფე ეს ტექსტი. ასე რომ, გპირდებით, ასეთი უხეში შეცდომები აღარ იქნება. ეს არის მოსკოვის, სენეჟის, ლენინგრადის, პარიზის და მადრიდის დღიურები, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. ჯარის დღიურებში უმეტესწილად მისი ნააზრევი, ფიქრები, ალუზიები, ლექსები, პოემები შევიდა და ცოტაა დოკუმენტურად იმ სიტუაციის აღწერა, რაც იქ ხდება. და იქ დოკუმენტურად აღწერს სად დადის, რას ნახულობს. ეს არის გაუთავებელი აქციები, მხატვრების კომპანიაში რაღაც ამბები, მსჯელობა, გამოფენები, შეხვედრები სახელოსნოებში, გაუთავებელი სმა, ღამის გასათევის ძებნა, ჩვეულებრივი ის რეალობა, რომელიც იმ პერიოდის ახალგაზრდა მხატვარს შეიძლებოდა რუსეთში ჰქონოდა. ნუ, მადრიდსა და პარიზში შედარებით მოწესრიგებული აქვს საყოფაცხოვრებო საკითხები.

XS
SM
MD
LG