Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ბილდტი: ”ველით საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების შემდგომ განვითარებას”


მარცხნიდან: კარლ ბილდტი, მაია ფანჯიკიძე, ნიკოლაი მლადენოვი და იაცეკ მიხალოვსკი.
მარცხნიდან: კარლ ბილდტი, მაია ფანჯიკიძე, ნიკოლაი მლადენოვი და იაცეკ მიხალოვსკი.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ბულგარეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ახალი ხელისუფლების სამომავლო გეგმები და საქართველოს ურთიერთობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან - ეს ის საკითხებია , რომელთაც საქართველოში ვიზიტით მყოფი დიპლომატები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ.

ორდღიანი ვიზიტის მიწურულს ბულგარეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და პოლიტოლოგებს შეხვდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრების მთავარ მისიაზე რადიო თავისუფლებას
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ესაუბრა: ”ასეთი შეხვედრები ზოგი მითის მსხვრევასაც ემსახურება”, - გვეუბნება ის და ამ ზოგიერთი მითის შინაარსს განმარტავს:

”გაისმის ხოლმე მითები, რომ უცხოეთის მთავრობას ატყუებენ საქართველოს ელჩები უცხოეთში. და როცა ამგვარი შეხვედრები არის ღია და გამჭვირვალე და ჩამოსულები არიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ისინი ყველანაირ ინფორმაციას მიიღებენ ყველა მხრიდან და აღარ გაჩნდება არანაირი კითხვის ნიშნები იმის თაობაზე, რომ ვიღაცას ატყუებენ ან არ ატყუებენ. ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, კარგია, რადგან სწორედ პირადად მათგან მოვისმენთ შთაბეჭდილებებს”, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

უცხოელმა დიპლომატებმა თავიანთი შთაბეჭდილებები საქართველოს თაობაზე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთხელ გამოხატეს და საჯაროდაც გამოთქვეს კმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება და მოსახლეობა მხარს ევროპულ გზას უჭერს.
ჩვენ განვიხილეთ შემდგომი სტრატეგია საქართველოსი, ნატოსი და პარტნიორი ქვეყნების ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ...
ირაკლი ალასანია

დიპლომატების შეხვედრების გრაფიკი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. 13 დეკემბრის პირველი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შედგა. შეხვედრაზე სამხედრო ურთიერთობათა საკითხები და სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი ალასანიამ განმარტა, სამხედო ურთიერთობები ძირითადად ტრენინგებსა და განათლების საკითხებს მოიცავს:

”ჩვენ ვართ პარტნიორები ნატოსთან ერთად ავღანეთში. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილეთ შემდგომი სტრატეგია საქართველოსი, ნატოსი და პარტნიორი ქვეყნების ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის. გარდა ამისა, განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებიც”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა მოჰყვა: ”ძველი მეგობრები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერები”, - ასე დაახასიათა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბულგარელი და შვედი კოლეგები ნიკოლაი მლადენოვი და კარლ ბილდტი და ასევე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი იაცეკ მიხალოვსკი. პოლონეთთან, ბულგარეთსა და შვედეთთან ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი დინამიკა და საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მისულმა სტუმრებმა მასპინძელ მაია ფანჯიკიძესთან ერთად განიხილეს.

”ჩვენ საქართველოში არაერთხელ ვყოფილვართ, უკანასკნელად კი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვსტუმრობდით თქვენს ქვეყანას, რათა გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის”, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდ დარბაზში კარლ ბილდტმა და კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიზნისა, რომელიც ევროპული ინტეგრაციისკენ სვლას გულისხმობს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ კარლ ბილდტი, მიუხედავად დემოკრატიულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა, საქართველოს ახალ ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტს სთხოვს.
ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ გავეცნოთ ახალი ხელისუფლების გეგმებს. რასაც გვინდა, რომ განსაკუთრებული ინტერესით დავაკვირდეთ, ეს არის ის, თუ როგორ მოხდება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირება ...
ნიკოლაი მლადენოვი

“ხაზი მინდა გავუსვა, რომ კვლავაც რჩება ადგილი მომავალ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ველით საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების შემდგომ განვითარებას”, - აცხადებს კარლ ბილდტი.

”ჩვენ აბსოლუტურად ვართ დარწმუნებულნი, რომ საქართველოს მოსახლეობა, არა აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას და პარტიას ემხრობა ის, სავსებით მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გაძლიერებას და, ამასთანავე, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას”, - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა სწორი არჩევანი, იყოს ევროპის ნაწილი:

”ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ გავეცნოთ ახალი ხელისუფლების გეგმებს. რასაც გვინდა, რომ განსაკუთრებული ინტერესით დავაკვირდეთ, ეს არის ის, თუ როგორ მოხდება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირება, როგორ გაუმკლავდებიან ისინი გარდამავალ სიტუაციას, რათა შეძლონ იმ საკითხების უზრუნველყოფა, რაც საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს: სამართალი, ჯანდაცვა, განათლების რეფორმა და, საბოლოოდ, ეკონომიკური წინსვლა და სტაბილურობა”, - ამბობს ნიკოლაი მლადენოვი.

კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა - ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოში ვიზიტით მყოფმა დიპლომატებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება და სწორედ კანონის შესაბამისად აღსრულებას გაუსვეს ხაზი გახმაურებული დაკავებებისა და დაკითხვების კომენტირებისას.

დიპლომატები 12 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი სწორედ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას, კერძოდ კი, გახშირებულ დაკავებებსა და დაკითხვებს შეეხო.
XS
SM
MD
LG