Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი: „ავადმყოფურ წარმოსახვას უსაზღვრო მოთხოვნები ახასიათებს“


გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

მოსკოვსა და სოხუმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უდიდესმა ნაწილმა და საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა როგორც ნაბიჯი აფხაზეთის ანექსიისაკენ. ამ აზრს არ იზიარებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელიც ასეთ განცხადებებს „ავადმყოფური წარმოსახვის“ გამოვლინებად მიიჩნევს. რუს დიპლომატს ჩვენი კოლეგა შახიდა იაკუბი ესუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ ავადმყოფურ წარმოსახვას ყოველთვის რაღაცნაირიუსაზღვრო მოთხოვნები ახასიათებს. საქმე ისაა, რომ, მგონი, თქვენ კარგად გახსოვთ ის ტრაგედია, რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. მაშინ მშვიდობიანი მოქალაქეები და რუსი მშვიდობის დამცველები დაიღუპნენ, რის შემდეგაც რუსეთი დაეხმარა სამხრეთ ოსეთს აგრესიის მოგერიებაში და მალევე, 2008 წლის აგვისტოში, ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ამის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში, რუსეთმა აფხაზეთთან ხელი მოაწერა მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას, რომელიც დღემდე მოქმედებს. სხვათა შორის, ამ ხელშეკრულების გარდა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ 80-მდე ორმხრივ დოკუმენტს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ. გავიდა ექვსი წელი და მხარეებმა გადაწყვიტეს წინა ხელშეკრულების სამართლებრივი ბაზა გაამყარონ ახალი ხელშეკრულებით, რასაც დღეს ეწოდება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“. არავითარ ანექსიაზე საუბარი არ არის. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე დოკუმენტი, რომელშიც საუბარი იმაზეა, რომ გავაფართოოთ თანამშრომლობა პრაქტიკულად ყველა სფეროში. ასე რომ, გამოგონილი თეზისები რაღაც ანექსიის, შთანთქმისა თუ ექსპანსიის შესახებ იმ ადამიანებს უნდა მივაწეროთ, რომლებიც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მსგავს პროგრამებს ქმნიან.

საქართველო, როგორც ჩანს, კომფორტულად ვერ გრძნობს თავს იმის გამო, რომ დაკარგა საკუთარი ტერიტორიების მეხუთედი, პირველ ყოვლისა, იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიზეზით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, ჩვენ ვდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რათა მოვაწესრიგოთ ურთიერთობები იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური კავშირების არარსებობის პირობებში. ასეთი საქმიანობა წარმოებს და იგი შემდგომშიც გაგრძელდება. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოზე, რადგან დიპლომატიური კავშირები რუსეთთან მან გაწყვიტა და ჩვენ არ გვევალება დიპლომატიურ ურთიერთობათა აღდგენის ინიცირება. ვინც გაწყვიტა, ამ კავშირების აღდგენაც მასვე ევალება. მაგრამ ვერ დავსხდებით ზღვის ნაპირზე და ვერ დაველოდებით გამოდარებას. ჩვენ ვაწესრიგებთ ურთიერთთანამშრომლობას იმ სფეროებში, რომლებიც აუცილებელია ჩვენორ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისათვის, რათა შეძლონ ურთიერთობა, ესტუმრონ ერთმანეთს, შეიკრიბონ გარკვეულ კონფერენციებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე. ეს მუშაობა ჩვენ შორის გრძელდება იმ დოზით, რა დოზითაც თითოეული მხარეა ამისთვის მზად. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მხარე, ჩემი კოლეგა ზურაბ აბაშიძე, და რუსეთის მხარე - მათ შორის, მეც - მზად ვართ ასეთი მუშაობისათვის და გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG