„კაბელების საქმის“ მსჯავრდებულები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 27 იანვრის ღამეს დატოვეს, თავიანთი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. უზენაეს სასამართლოს ისინი, სააპელაციო სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ერთი თვის განმავლობაში მიმართავენ, თუმცა ეჭვობენ, რომ მათი სიმართლის დამდგენი ზედა ინსტანცია მაინც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება.
სააპელაციო სასამართლოს 26 იანვრის განაჩენის მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რისთვისაც ორკვირიანი ვადა არსებობს, დაცვის მხარე უზენაეს სასამართლოს მიმართავს. ადვოკატი ლევან სამუშია ფიქრობს, რომ ამ ინსტანციაში დავის შემდეგ დღის წესრიგში დადგება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩივილი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ადვოკატი ნაადრევად მიიჩნევს ისეთ საკითხებზე მსჯელობას, როგორიცაა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების განაცდურისა და მორალური ზიანის კომპენსაცია, სამსახურებრივი რეაბილიტაცია და ასე შემდეგ.
შეწყალება თავისთავად ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი და აღიარება იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ უკანონო პატიმრები და პოლიტიკურ პატიმრობაში და დევნაში იმყოფებოდნენ. ამიტომ ამ თვალსაზრისით შეწყალება მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეწყალებას დღეს, როდესაც უკვე ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები სულ მალე დატოვებდნენ საპატიმროს, სრულიად სხვა ფასი აქვს ...დავით ბაქრაძე
“ნუ, სამსახურში სად გადაწყვეტენ, როგორ გადაწყვეტენ, ეს ინდივიდუალურად მათი გადასაწყვეტია, მათ არანაირი შეზღუდვა არ გააჩნიათ და მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება ძველ თანამდებობებზე დაბრუნებას, ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის მაისში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე და გიორგი ლობჟანიძე ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულა და შვიდწლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით უფლების ჩამორთმევა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ ორი დღის წინ ისინი დამნაშავედ ცნო არა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და, საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად, 7 წლის ნაცვლად, 1 წლითა და 6 თვით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან მათ საპატიმრო დაწესებულებაში 1 წელი და 4 თვე უკვე გატარებული ჰქონდათ, რეალურად გათავისუფლებამდე მხოლოდ ორი თვეღა რჩებოდათ. პრეზიდენტის შეწყალების აქტით კი, რომელიც 27 იანვარს გამოიცა, ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ:
“ერთადერთი იმედი იმის გვქონდა, რომ პრეზიდენტი მიიღებდა სრულიად სწორ, მართებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივად. მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რაც დღევანდელ დღეს რეალურად დადგა, იმიტომ რომ ის არის ქვეყნის მთავარსარდალი, მან სრულიად იცოდა ეს საქმე როგორი პოლიტიზებული იყო, როგორი მიმართულებით მიდიოდა და მე მინდა მადლობა გამოვხატო. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა შტოს. მთავრობას მივმართავ, რომ მიხედოს სასამართლო ხელისუფლებას. იქ სამართლიანობა თუ არ დაიმკვიდრებს, ისე ქვეყანა ვერ განვითარდება. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც სხვა შტომ ვერ გააკეთა, აღასრულა კანონიერება“, განაცხადა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისთანავე ყოფილმა პატიმარმა, გიზო ღლონტმა.
პრეზიდენტის განცხადებაში კი, რომელიც წინ უძღოდა შეწყალების აქტს, ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმე“ მიმდინარეობის მთელი პროცესის განმავლობაში აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე და რომ პროცესის ვერც ერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება, რასაც არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. განცხადებაში განმარტებულია, რომ სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად შეწყალების აქტის გამოცემას. ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა, თავის მხრივ, დააზუსტა, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის „კაბელების საქმის“ მსჯავრდებულებს პირადად არ მიუმართავთ:
“ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო დამოუკიდებლად. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ამ ვითარებაში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ ადამიანების მიერ პატიმრობაში გატარებული თითოეული დღე ქმნიდა უსამართლობის განცდას მთელს საზოგადოებაში“.
ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიენიჭა. ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმეში“ ბრალდებულების დაკავებიდან რამდენიმე დღეში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა,ირაკლი ალასანიამ, მაღალჩინოსნების დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითა და მმართველი პარტიის მხრიდან ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევის მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ განცხადებას ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება და „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლა მოჰყვა. „კაბელების საქმის“ პოლიტიკურ შეფერილობას, თავის მხრივ, პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, სადავოდ არც სამოქალაქო სექტორში მიიჩნევდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ძველ აზრზე რჩება მას შემდეგაც, რაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს:
“თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პირებს არ ჰქონდათ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. ამას ვერ ამტკიცებდა პროკურატურა. თვეების განმავლობაში ვერ შეძლო პროკურატურამ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოედგინა ამ პირთა ბრალეულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ საქმე მაინც წაიღო სასამართლოში. ეს ადამიანები თვეების განმავლობაში ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლო სისტემისთვის და ის ცვლილებაც, რომელიც სააპელაციო სასამართლომ განახორციელა, თითქოს გადაკვალიფიცირება საკითხის, აჩვენებს იმას, რომ სასამართლომ მაინც ბოლომდე არ აიღო პასუხისმგებლობა“.
ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ სააპელაციო სასამართლომ სცადა ისე შეეფუთა საქმე, თითქოს ბოლოს ისევ სასამართლომ გამოასწორა დაშვებული შეცდომა. ის, რომ ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი და ყველაზე სამართლიანი პრეზიდენტის ნაბიჯი გამოდგა, სადავო არ არის პოლიტიკური ოპოზიციისთვის. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, ფიქრობს, რომ პრეზიდენტს „კაბელების საქმეში“ მსჯავრდებულები უფრო ადრე უნდა შეეწყალებინა:
“შეწყალება თავისთავად ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი და აღიარება იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ უკანონო პატიმრები და პოლიტიკურ პატიმრობაში და დევნაში იმყოფებოდნენ. ამიტომ ამ თვალსაზრისით შეწყალება მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეწყალებას დღეს, როდესაც უკვე ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები სულ მალე დატოვებდნენ საპატიმროს, სრულიად სხვა ფასი აქვს და ეს რომ პრეზიდენტს გაეკეთებინა ერთი თვის წინ ან თუნდაც ერთი კვირის წინ, ამ შეწყალების ფასი, პრაქტიკულიც და პოლიტიკურიც, იქნებოდა ბევრად უფრო მაღალი“.
შეწყალების, როგორც ჰუმანური აქტის, საწინააღმდეგო, თავის მხრივ, არაფერი აქვთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა ამ აქტით ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს მიაყენა დარტყმა. დეპუტატმა გიორგი კახიანმა განაცხადა:
“თავად ამ აქტის წინააღმდეგ არ შეიძლება პრეტენზია არსებობდეს, მაგრამ რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც თან ახლდა ამ აქტის გამოცხადებას, ვფიქრობ, რომ ესეთი განცხადებები აზიანებს ინსტიტუციებს, არ შეიძლება საუბარი პოლიტიზებაზე საკითხის, როდესაც შესაბამისი არანაირი საფუძველი არ არსებობს, სასამართლო არის დამოუკიდებელი“.
გიორგი კახიანისგან განსხვავებით, სასამართლოს - მათ შორის, უზენაესი სასამართლოს - დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარებათ „კაბელების საქმის“ მსჯავრდებულებსა და მათ დამცველებს. ქვედა ინსტანციებში იმედგაცრუების შემდეგ, ისინი ახლა ზედა ინსტანციაში შეეცდებიან იმის დამტკიცებას, რომ არა მარტო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილშიც უდანაშაულონი არიან.