თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა განახლდა და გადაიდო. 1 აპრილს სასამართლო სხდომა ძირითადად ასევე ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მოპოვებული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ.
იმის გამო, რომ საქმის მასალები საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, ე.წ. „კაბელების საქმეზე“ სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. დილით დაწყებული სასამართლო სხდომა მალევე შეწყდა და დღის სამ საათზე განახლდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე ბრალდების მტკიცებულებებს გაეცნო. სასამართლო სხდომის განახლებამდე ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხს დააყენებდა:
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი მტკიცებულებები კანონის დაცვით არის მოპოვებული და სასამართლომ აბსულუტურად ყველა დასაშვებად უნდა ცნოს. რაც შეეხება ბრალდების მტკიცებულებებს, შინაარსში ვერ შევალ, დაცვის ტაქტიკიდან გამომდინარე, მაგრამ არაერთი მტკიცებულება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონის უხეში დარღვევით არის მოპოვებული და, შესაბამისად, სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ცნოს“.
ჩვენ სასამართლოში შუამდგომლობას დავაყენებთ ყველა მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ეს მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით...ნინო აღლემაშვილი
პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, ბრალდების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება კანონთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია. ამდენად, სასამართლოზე მათი დაუშვებლობის საკითხი ვერ განიხილება. ამასთან, ნინო აღლემაშვილის განცხადებით, ეს მტკიცებულებები საშუალებას არ ტოვებს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დაისვას:
„ჩვენ სასამართლოში შუამდგომლობას დავაყენებთ ყველა მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ეს მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. სხვადასხვა დაინტერესებული პირის მხრიდან კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის საქმე მტკიცებულებების გარეშე, მაგრამ მინდა გითხრათ ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს არის ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეფუძნება თავდაცვის სამინისტროდან მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და ამ დოკუმენტებთან მიმართებით ჩატარებულ საექსპერტო კვლევის შედეგებს“.
წინასწარი პატიმრობის სხვა ფორმით შეცვლასთან დაკავშირებით საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ სასამართლოს ამის დრო დარჩება. სხვა შემთხვევაში საკითხი მომდევნო სასამართლო სხდომებზე დადგებაო, განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
წინასწარი პატიმრობის შეცვლის საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მნიშვნელოვანია პატმრობის საკითხის განხილვაც:
„მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელ განხილვაზე დარჩება იმის დრო, რომ განიხილონ შუამდგომლობა, რომელიც არის შესული და რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და დეპუტატები იმ თხოვნით, რომ ეს ხალხი გამოუშვან ციხიდან და გამოძიება და პროცესი ასე გაგრძელდეს. ან, თუკი კიდევ ერთხელ გადაიდება ეს წინასასამართლო პროცესი, ის დაინიშნება არა ორი კვირის მერე, არამედ ხვალ ან ზეგ, რადგან ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. ეს ხალხი, 5 თვეზე მეტია, უკვე უკანონოდაა ციხეში“.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების გახმაურებული საქმე ეხება 2013 წელს ჩატარებულ ტენდერს, რომელშიც, გამოძიების თანახმად, სამინისტრომ უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიანიჭა, სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა კი 4 102 000 ლარი შეადგინა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა.
სახელმწიფოს შესყიდვების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხს პროცესის გახსნამდე, 1 აპრილს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, პროკურატურის, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვა კაბელების საქმეზეც იბადება.
ე.წ. „კაბელების საქმეს“ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც. თავისუფალმა დემოკრატებმა ეს საკითხი 14 აპრილს საქართველოში ვიზიტად მყოფი დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზეც დააყენეს, განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ალექსი პეტრიაშვილმა:
„პირველ რიგში დავაყენეთ საკითხი, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების უკანონო პატიმრობას და იმედი გამოვთქვით, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“.
ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებული სასამართლოს სხდომა 27 აპრილისთვის გადაიდო.