Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი მხარე არ არის, მისთვის ხელის შეშლა ისჯება


სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მიმართავს მთავარ პროკურატურას და მოითხოვს დროულად და ეფექტურად გამოიძიოს 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართულ უნივერსიტეტის თვითმმართველობის აქციაზე „ლიბერალისა“ და „პალიტრა ტვ“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტები.

ადამიანის უფლებათა სახლის იურისტის ეკა ქობესაშვილის თქმით, საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს და, ისიც, არაეფექტურად.

გამოცემა „ლიბერალის“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას კოლეგებთან ერთად აშუქებდა. სწორედ ამ აქციაზე წაართვეს მას ფოტოაპარატი და დაუზიანეს. ბასტი მგალობლიშვილთან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა „პალიტრა ტვ-ს“ ჟურნალისტსაც, რომელსაც მობილური ტელეფონი წაართვეს. ბასტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ დღის მოვლენებს იხსენებს:

„14 მარტს, როდესაც სტუდენტთა და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციას ვაშუქებდით, რომელიც უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარეობდა, ნულოვანი სართულიდან გავყევით ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც შემოვიდა შენობაში, ავიდა პირველ სართულზე და შეუერთდა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციას. როცა ავედით აქციის ტერიტორიაზე, დაიწყეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. ჩემს თანამშრომელს ყელში ხელი მოუჭირეს და მობილურის წართმევას ცდილობდნენ, მე წამართვეს კამერა და ძირს დაანარცხეს და დაზიანდა კამერა. იქ კიდევ ორი ჟურნალისტი იყო, ერთ-ერთს დაზიანება ჰქონდა ლავიწის ძვლის არეში და მეორეს წაართვეს მობილური ტელეფონი“.

ხელშეშლა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ პროდუქტი უნდა დაზიანდეს. ხელშეშლა ნიშნავს, რომ ჟურნალისტს მუშაობისთვის უსაფრთხო გარემო არ ექმნება...
ნატა ძველიშვილი

ბასტი მგალობლიშვილის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქმე არა ნივთის დაზიანების, არამედ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით გამოიძიონ, რათა მას პრეცედენტული ხასიათიც ჰქონდეს და მედიის წარმომადგენლებმა მეტად დაცულად იგრძნონ თავი სხვადასხვა პროცესების გაშუქებისას.

ადამიანის უფლებათა სახლის იურისტის, ამ შემთხვევაში კი, ჟურნალისტთა ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის თქმით, ამ საქმეში ნივთის დაზიანება მეორეხარისხოვანია. საქმე, უმთავრესად, შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, რა მიმართულებითაც საქმის ძიება საერთოდ არ მიმდინარეობს და, ადვოკატის თქმით, მთავარი ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, მინიჭებული კვალიფიკაციის მიხედვითაც კი არ უწარმოებიათ ეფექტური გამოძიება.

„როგორც ვხედავთ, გამოძიება ჭიანურდება, დროული და ეფექტური გამოძიება არ წარმოებს და ზუსტად გამოძიების გააქტიურებას და ეფექტურად წარმართვას ვითხოვთ. მოწმის სახით მხოლოდ ჟურნალისტები არიან გამოკითხული, მათ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი, არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, გუშინაც კი არ იყო ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერები“.

სტუდენტობის აქცია
სტუდენტობის აქცია

ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა ისჯება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მუხლით ძალიან იშვიათად აღიძვრება ხოლმე საქმე ან, თუ აღიძვრება, შემდეგ კვალიფიკაციას უცვლიან, ამბობს საქართველოს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი. ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით, საქმე არასოდეს მისულა იქამდე, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის გამო ვინმე დასჯილიყო. ნატა ძველიშვილის თქმით, საზოგადოებაში არის მცდარი წარმოდგენა, რომ ჟურნალისტი მხარეა და თუ მან მოპოვებული მასალა გადაარჩინა, ე.ი. მისთვის ხელი არავის შეუშლია, რაც არასწორია:

„უნივერსიტეტში მიმდინარე აქციის გაშუქებისასაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყოს 154-ე მუხლით. ფაქტია, რომ ჟურნალისტი იმყოფებოდა აქციაზე იმისთვის, რომ გაევრცელებინა ინფორმაცია და არა იმისთვის, რომ მხარე იყო და არა იმიტომ, რომ რომელიმე მხარის იდეას იზიარებდა ან არ იზიარებდა. ხელშეშლა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ პროდუქტი უნდა დაზიანდეს. ხელშეშლა ნიშნავს, რომ ჟურნალისტს მუშაობისთვის უსაფრთხო გარემო არ ექმნება“.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. საქმის გამოძიება ამ ეტაპზე ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა სახლი პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, საქმეს კვალიფიკაცია დროულად შეეცვალოს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG