Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეცდომებს უშვებენ ჟურნალისტები


როგორ შეიძლება მოიგონო და გააშუქო ამბავი, რომელიც არ მომხდარა. ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა მოამზადა სახელმძღვანელო ფილმები, რომლებშიც ჟურნალისტების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები განიხილება. არაპროფესიონალიზმი, მიზანმიმართული ტყუილი, დაუდევრობა - ეს ის თემებია, რომელთაც ჩაგელიშვილი ამ ფილმში ეხება.

„თი სტუდიამ“ დაფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ შექმნეს პროექტი - „სასწავლო ფილმები ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების დამკვიდრებისთვის“. სახელმძღვანელოები დამწყები ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა. ფილმი არის ერთგვარი ნოველა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები და რა შეცდომებს უშვებენ ექსტრემალურ ვითარებაში - ნაჩვენებია როგორც გაზეთის, ასევე ტელევიზიის რედაქცია. ფილმის ავტორი თომა ჩაგელიშვილი ამბობს, რომ მაყურებელმა, ანუ სტუდენტმა, უნდა განსაზღვროს, სად რომელი სტანდარტი დაარღვია რედაქციამ:

„ამ სცენარში ჩვენ სპეციალურად დავუშვით რამდენიმე შეცდომა. ხაფანგები გვაქვს დაგებული, რათა ფილმის დასრულების შემდეგ იყოს დისკუსია, დაუშვეს თუ არა ჟურნალისტებმა შეცდომა. შემდეგ, ამავე ფილმის მეორე ნაწილში, მედიაექსპერტები განმარტავენ, თუ რა შეეშალა რედაქციის ამა თუ იმ თანამშრომელს“.

რამდენიმე აუდიტორიაში ვაჩვენეთ ეს ფილმები და აღმოჩნდა, რომ ფილმები არის ადვილად გასაგები და ახლოს სტუდენტებთან, რადგან ქართულ სინამდვილეს ასახავს...
ხატია ჯინჯიხაძე

ფილმები უფასოდ ვრცელდება. პედაგოგებს შეუძლიათ ისინი სასწავლო პროცესში გამოიყენონ. „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორის მოადგილე ხატია ჯინჯიხაძე ამბობს, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელს, სადაც ჟურნალისტიკა ისწავლება, ფილმებს საჩუქრად გადასცემენ:

„რამდენიმე აუდიტორიაში ვაჩვენეთ ეს ფილმები და აღმოჩნდა, რომ ფილმები არის ადვილად გასაგები და ახლოს სტუდენტებთან, რადგან ქართულ სინამდვილეს ასახავს. ეს არის რეალური ისტორიები, თუმცა მოდიფიცირებული. ფილმები იწვევს ინტერესს და ცოცხალ დისკუსიას“.

ორიოდე სიტყვა იმაზე, თუ რა ხდება ფილმში, რომელიც 28 იანვარს, პროექტის პრეზენტაციისას, თომა ჩაგელიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უჩვენა. სიტუაცია, რა თქმა უნდა, მოდელირებულია და ყველა იმ შეცდომას აერთიანებს, რომელიც ჟურნალისტმა შეიძლება დაუშვას.

კერძოდ, რედაქცია იგებს ამბავს ქალის მკვლელობის შესახებ. ჟურნალისტი კანონდარღვევით იღებს პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ მკვლელობის ადგილს და იქ აღმოჩენილი სანთლების მიხედვით დაასკვნის, რომ მკვლელობა სექტანტმა ჩაიდინა. ეს მოკლე შინაარსია, ფილმში კიდევ ბევრი რამ მოხდა.

ფაქტი ერევათ ინტერპრეტაციაში და არ ცდილობენ ამბისთვის საჭირო ყველა წყაროს მოძიებას, სიმართლის დადგენას. პირდაპირ ჩათვლიან, რომ ეს ასეა და მერე ამაზე აგებენ ისტორიას...
ნინო ჯაფიაშვილი

მედიაექსპერტი ნინო ჯაფიაშვილი ამბობს, რომ ამ ფილმშიც და, ზოგადად, ჟურნალისტიკაშიც მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ჟურნალისტები ამა თუ იმ მოვლენის საკუთარ ინტერპრეტაციას ფაქტად ასაღებენ, რასაც შემდეგ სავალალო შედეგი მოსდევს. მაგალითისთვის ნინო ჯაფიაშვილმა გაიხსენა რუსთაველი მანიაკის შემთხვევა, როდესაც ქალების სერიული მკვლელობის გამო დააკავეს ადამიანი, რომელიც შემდეგ უდანაშაულო აღმოჩნდა:

„ფაქტი ერევათ ინტერპრეტაციაში და არ ცდილობენ ამბისთვის საჭირო ყველა წყაროს მოძიებას, სიმართლის დადგენას. პირდაპირ ჩათვლიან, რომ ეს ასეა და მერე ამაზე აგებენ ისტორიას. ჩემი აზრით, ძალიან დიდი პრობლემაა კრიტიკული აზროვნების არარსებობა და ინტერპრეტაციის გასაღება ფაქტებად, ხან განზრახ და, უფრო ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებლად“.

რა არის შეცდომების მიზეზი? ცუდი განათლება, ზეწოლა ჟურნალისტზე თუ კონკურენცია, რომელიც გიბიძგებს თავი სკანდალური ახალი ამბებით გაიტანო? ნინო ჯაფიაშვილი ამბობს, რომ ყველანაირი შემთხვევა არსებობს და თითოეულ შეცდომას თავისი მიზეზი აქვს, თუმცა, მისივე თქმით, თითოეულ მედიაპროდუქტზე იმდენი ადამიანი მუშაობს, რომ შეცდომა, წესით და რიგით, გამორიცხული უნდა იყოს:

„კონკურენციამ შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა ჩაგადენინოს. სატელევიზიო ჟურნალისტები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ის, რომ სიუჟეტი საღამოს ცხრა საათისთვის უნდა გქონდეს მზად, უკვე ძალიან დიდი სტრესია. ის, რომ პირველი უნდა იყო, ესეც ძალინ მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც ამბობენ, შენ ფულს იმაში კი არ გიხდიან, რომ პირველმა თქვა ტყუილი, არამედ იმაში, რომ თქვა სიმართლე!“

იარსებებს, რა თქმა უნდა, ისეთი საინფორმაციო მასალები, რომელსაც თავად მოქალაქეები გაავრცელებენ, მაგრამ სანდოობის ხარისხი განპირობებული იქნება იმ სტანდარტებით, რომელსაც ჟურნალისტები გამოიყენებენ...
ზვიად ქორიძე

ეს სახელმძღვანელოები სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალისტიკაში მოვლენ ან უკვე იქ არიან, მედია ტანდარტებს უკეთ იცნობდნენ. მედია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალიან დინამიკური და ცვალებადია. ამასთან, ეს სფერო მუდმივად ვითარდება, თუნდაც, ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მოთხოვნები და გამოწვევები, რომელიც დღეს ჟურნალისტიკის წინაშე დგას, ხუთი წლის შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ნინო ჯაფიაშვილი ამბობს, რომ არასოდეს დადგება დრო, როცა სკანდალი არავის დააინტერესებს, მაგრამ მედიაორგანიზაცია მაინც ღირებულებებსა და სანდოობის მოხვეჭაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ტექნოლოგიების - თუნდაც, სოციალური ქსელების - განვითარებამ ჟურნალისტიკას სტანდარტებზე უარი ვერ ათქმევინა:

„იარსებებს, რა თქმა უნდა, ისეთი საინფორმაციო მასალები, რომელსაც თავად მოქალაქეები გაავრცელებენ, მაგრამ სანდოობის ხარისხი განპირობებული იქნება იმ სტანდარტებით, რომელსაც ჟურნალისტები გამოიყენებენ. ყოველ შემთხვევაში, ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ჟურნალისტიკას არ ათქმევინა უარი სტანდარტებზე“.

ზვიად ქორიძეს მაგალითად მოჰყავს პატრულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალა. მედიაექსპერტი ამბობს, რომ ამ მასალას შესაძლოა ძალიან ბევრი მნახველი ჰყავდეს, მაგრამ თავისი ხარისხით ის არ არის მედიაპროდუქტი:

„აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მედიის წინაშე, რომ არ წაჰყვე ტექნოლოგიურ მეინსტრიმს და არ თქვა, რომ მთავარია მე ახლა ეს დროზე გადავიღო, ჩავაგდო ან სხვისი გადაღებული გავავრცელო. ჯობია ზედმეტი საათი თუ ორი საათი - თუნდაც, მთელი დღე - დავხარჯო, მაგრამ უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია მოგაწოდო და სანდოობა შევინარჩუნო. აი, ეს არის დღეს, ალბათ, მთავარი“.

ზვიად ქორიძე ლაპარაკობს ასევე ბლოგინგზე. მისი თქმით, არსებობს სხვადასხვაგვარი ბლოგები, ქართულ მედიაში კი ყველაზე მეტად ისეთი სახის ბლოგებია გავრცელებული, რომელშიც ბლოგერის პირადი აზრი და ემოციებია გადმოცემული:

„ხშირად - განსაკუთრებით, სკანდინავიის ქვეყნებში (ახლა ეს ტენდენცია ბრიტანეთშიც წამოვიდა) - ბლოგინგი აღარ არის მხოლოდ მოვლენების ემოციური შეფასება. ბლოგი შეიძლება იყოს, მაგალითად, მკვლელობის გამოძიება ან რამე სხვა ჟურნალისტური გამოძიება -თუნდაც, სამეცნიერო თემატიკა... ალბათ, ნელ-ნელა გადავალთ იმ სტადიაზე, როცა ჩვენს ბლოგოსფეროში შემოვა ანალიტიკური სტატიები. უკვე ამისი დრო მოვიდა“.

მისივე თქმით, სამომავლოდ მედია მივა იქამდე, რომ ჟურნალისტი თვითრეალიზებადი გახდება, ანუ თავად შექმნის პროდუქტს და სოციალურ ქსელებში თავადვე გაყიდის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG