Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონჯოლის კრეფის სეზონი


ერგნეთის შეხვედრა
ერგნეთის შეხვედრა

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბოლო დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა. 14 პირი ამ დრომდე ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. უმრავლესობა ჯონჯოლის კრეფის დროს რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ბროლოსანისა და წეღვერის მიმდებარე ტერიტორიებთან გელა წოწოლაშვილი და ივანე მულაძე დააკავეს. ჯონჯოლის კრეფის სეზონზე ძირითადად ხაშურისა და საჩხერის რაიონის იმ მცხოვრებლებს აკავებენ ხოლმე, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ჯონჯოლის საკრეფად მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 30-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული. გასულ წელს იმავე პერიოდში დაკავებების რაოდენობამ 65-ს გადააჭარბა. ერგნეთის წინა შეხვედრაზე ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ მოსალოდნელი დაკავებების შესახებ ქართული მხარე წინასწარ გააფრთხილა და ქართველ სამართალდამცავებს ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილებისკენ მოუწოდა. დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაგლოითიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დაკავებების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

ხოხ გაგლოითიმ დღესვე შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ აზიანებენ მავთულხლართებს და ღობეებს ამოუცნობი შეიარაღებული პირები. ეს პირები ეგრეთ წოდებულ საზღვართან განთავსებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირაო, განაცხადა გაგლოითიმ და ქართული მხარე პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამ ბრალდების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ განაცხადა, რომ მოწოდებულ ვიდეომასალაში ამ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება და არც ადგილმდებარეობის დადგენაა შესაძლებელი. ენუქიძემ ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული დავით ბაშარულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების გადმოცემის ხელოვნურ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ქართული მხარე დიდი ხანია ერგნეთის შეხვედრებზე უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვისა და რომან შიტიკოვის მოძებნას ითხოვს, ოსური მხარე კი მათ ყოფნას ცხინვალის იზოლატორში კატეგორიულად უარყოფს. შალვა ენუქიძე აცხადებს, რომ არსებობენ მოწმეები, რომლებმაც ისინი ცხინვალში ნახეს. მისი აზრით, ოსური მხარე ყველა ზემოთ აღნიშნული შემთხვევისას ხელოვნურად ქმნის ჰუმანიტარულ პრობლემებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებლები არაერთხელ გააფრთხილეს, ჯონჯოლის კრეფისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ გადავლენ რუსეთის მესაზღვრეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე, თუმცა, გაფრთხილების მიუხედავად, დაკავებების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღესვე ერგნეთის შეხვედრაზე გაირკვა, რომ ბოლო ხანებში დაკავებულები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 24 ივნისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG