Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ჯონ ბასს მოუსმინა


ჯონ ბასი
ჯონ ბასი

დღეს, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თურქეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატურებზე იმსჯელა. სხდომის თავმჯდომარემ, სენატორმა კრის მერფიმ შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ ელჩ ბასს საქართველოში მოღვაწეობის დროიდან იცნობს. სენატორმა მერფიმ ხაზი გაუსვა მის შთამბეჭდავ დიპლომატიურ კარიერასა და კრიზისების მართვის უნარს. ელჩმა ბასმა სხდომის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და შესავალ სიტყვაში დეტალურად მიმოიხილა, რის გაკეთებას აპირებს, თუკი კონგრესი თურქეთში ელჩად დაამტკიცებს.

ჯონ ბასმა თურქეთს შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი უწოდა, თუმცა აღნიშნა რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ასეთი რთული. მისი თქმით, ამერიკა და თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ერაყის, სირიისა და ირანის საკითხებზე. თურქეთი, ამერიკის მსგავსად, მხარს უჭერს ფედერალური პრინციპით მოწყობილ ერთიან და დემოკრატიულ ერაყს, საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგას ირანის სანქციების საკითხში და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც სირიის კონფლიქტის დასრულებასა და ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგების აღმოფხვრას ემსახურება.

ელჩობის კანდიდატ ჯონ ბასის აზრით, თურქეთის სამხრეთის საზღვრებზე გამეფებული მღელვარების ფონზე, [თურქეთი] უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს დანარჩენ მეზობლებს - ისრაელს, სომხეთსა და კვიპროსს. ბასმა მოუწოდა თურქეთს, დაალაგოს ურთიერთობები ისრაელთან და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ისედაც ძლიერი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ამასთან, მან შეაქო თურქეთის მთავრობა კონსტრუქციული როლისათვის, რომელსაც ის კვიპროსის სამშვიდობო პროცესში თამაშობს. საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა მოუწოდა თურქეთსა და სომხეთს, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას, რომელსაც ორივე ხალხი იმსახურებს. მისი თქმით, მარტში, ეთნიკური სომხების მკვლელობების წლისთავზე, პრემიერ ერდოღანის მიერ გამოთქმული სამძიმარი აჩენს იმედს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების მოგვარება შესაძლებელია.

ჯონ ბასმა მოუწოდა თურქეთს, როგორც რეგიონის ერთ-ერთ უძველეს დემოკრატიულ სახელმწიფოს, დაიცვას თავისუფალი მედია, განამტკიცოს კანონის უზენაესობა, მიანიჭოს მეტი უფლებები ქალებს და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას, რადგან ეს ნაბიჯები ქვეყანაში არა მხოლოდ თავისუფლების ხარისხს გაზრდის, არამედ მას ეკონომიკურ აღმავლობაშიც დაეხმარება. ჯონ ბასის თქმით, ქვეყნის მომავალი თურქეთის მოქალაქეების ხელშია, თუმცა შეერთებული შტატები აქტიურად გააგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად ბრძოლას.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც სენატორმა ჯონ მაკეინმა ბატონი ბასისაგან მოითხოვა პასუხი კითხვაზე: პრესისა და სოციალური მედიის შეზღუდვის ბოლოდროინდელი მაგალითები, აგრეთვე პრემიერ ერდოღანის მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების მცდელობა ნიშნავს თუ არა, რომ თურქეთი ავტორიტარიზმისაკენ მიექანება. ჯონ ბასი შეეცადა არადიპლომატიური კითხვისათვის გვერდის ავლას, მაგრამ სენატორი მაკეინი დაიმუქრა, რომ თუ ვერ მოისმენდა კონკრეტულ პასუხს - კის, ანა არას - აიპლომატის კანდიდატურას ელჩის პოსტზე მხარს არ დაუჭერდა. თითქმის ოთხწუთიანი დაძაბულობა ჯონ ბასის განმარტებით დასრულდა, რომ თუ მედიის თავისუფლების შეზღუდვა დაკანონდება, ეს იქნება ცხადი ნიშანი, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.

XS
SM
MD
LG