ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის სიკეთით საქართველოს 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამ ეტაპზე არ არსებობს სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე, თუმცა საყურადღებოა ორი კატეგორიის თავშესაფრის მაძიებლების მიერ შექმნილი პრობლემები - ამ შინაარსის განცხადებები მიხეილ ჯანელიძემ 19 თებერვალს გააკეთა ვროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც, მრავალ სხვა საკითხთან ერთად, სავიზო ლიბერალიზაციის გამოწვევებზეც მსჯელობდნენ. მინისტრი აცხადებს, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უვიზო რეჟიმის მოქმედების პროცესში გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით. საგანგებოდ გამოიკვეთა კრიმინალის თემა. საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა მწვავე შეფასებები.ისინი მიიჩნევენ, რომ გამოვლენილი პრობლემები “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
ექვსი წელია, მართავს „ქართული ოცნება“ ამ სახელმწიფოს და ერთადერთი, რის ექსპორტსაც ეწევით ევროპაში, ეს არის კრიმინალი, იმიტომ რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა გადაიქცა კრიმინალურ დერეფნად...სალომე სამადაშვილ
„ძირითადად იკვეთება ორი ჯგუფი - ის, ვინც აზიანებს დღეს გარემოს და შესაბამისად, ხელს უწყობს სტატისტიკის ზრდას. პირველ ჯგუფში არიან ისინი, ვინც თავშესაფარს იყენებს კრიმინალური აქტივობების განსახორციელებლად. ეს არის შემაწუხებელი. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები დიდი არ არის, ეს მაინც იწვევს გარკვეულწილად შეშფოთებას. მეორე ჯგუფში არიან ისინი, ვინც თავშესაფრის მიღებას სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ცდილობს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და იქვე განმარტა, რომ სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება არ წარმოადგენს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველს და ამ კატეგორიის მიგრანტები, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ზარალდებიან:
„ჩვენ, მაგალითად, ვიცით შვედეთის სტატისტიკა, სადაც თავშესაფრის მიღებაზე (საქართველოს მოქალაქეების) დაახლოებით 1000-მდე განაცხადი იყო შესული გასულ წელს და არც ერთი არ დაკმაყოფილდა. ეს ადამიანები, ზოგ შემთხვევაში, სახლებსაც კი აგირავებენ ან სესხულობენ თანხას, რომ წავიდნენ. მათ ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ მიიღებენ საუკეთესო პირობებს და, საბოლოო ჯამში, ისინი იმასაც კარგავენ, რაც ჰქონდათ და ისე ბრუნდებიან. თავშესაფრის მიცემა ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება ადამიანის უფლებების კუთხით პოლიტიკური უფლებებით შევიწროება... არც სავიზო ლიბერალიზაცია და არც თავშესაფარი არ ემსახურება სოციალური პირობების დაკმაყოფილებას“.
საუბრების დაწყება იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციას შეიძლება შეექმნას საფრთხე, არის თუ არა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით?..ირმა ნადირაშვილი
თავშესაფრის მოთხოვნაზე დადებითი პასუხის მიღება განსაკუთრებით ძნელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს. ამ ჩამონათვალში შედის, მაგალითად: ბულგარეთი, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია და ავსტრია. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გრძელდება მუშაობა სხვა ქვეყნებთანაც, რათა, შეძლებისდაგვარად, მსგავსი ნაბიჯი გადაიდას მათ მიერაც. ამასთან, მიხეილ ჯანელიძის თქმით, გააქტიურდება მუშაობა ევროპოლთან 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში და განსაკუთრებით - გერმანიასთან, საიდანაც წამოვიდა შეშფოთების სერიოზული ტალღა საქართველოდან ჩასულ თავშესაფრის მაძიებლებსა და კრიმინალურ ინტერესებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეს შეეხება გერმანიის მიწას - ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას.
ევროპოლთან მუშაობის გააქტიურება ერთ-ერთ რეკომენდაციად არის დასახელებული ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 2017 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა. რეკომენდაციების ჩამონათვალშია ასევე: ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის რეფორმის დასრულება, ტრანსსასაზღვრო სამართალდამცავი ღონისძიებებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის გაგრძელება და გაძლიერება, ძალისხმევის გაძლიერება ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის აღსრულების მიმართულებით და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების დამტკიცება, მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
19 თებერვლის სხდომაზე ოპოზიციამ მინისტრს ზოგადი ხასიათის, არა კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული, გამოსვლა არაერთი საკითხის განხილვისას დაუწუნა. ამასთან, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის ჭრილში, გაისმა მწვავე კრიტიკის შემცველი შეკითხვები და შეფასებები. დეპუტატები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კრიმინალის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ.
„ექვსი წელია, მართავს „ქართული ოცნება“ ამ სახელმწიფოს და ერთადერთი, რის ექსპორტსაც ეწევით ევროპაში, ეს არის კრიმინალი, იმიტომ რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა გადაიქცა კრიმინალურ დერეფნად“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
„მინდა გამოვთქვა დიდი იმედი, რომ ასეთი შედეგი არ დადგება, მაგრამ თავისთავად საუბრების დაწყება იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციას შეიძლება შეექმნას საფრთხე, არის თუ არა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით, და თქვენ, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, აცნობიერებთ თუ არა ამ პასუხისმგებლობას?“ - ეს უკვე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის მიერ დასმული შეკითხვაა.
ამ შეკითხვაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხია „არა“. მიხეილ ჯანელიძის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ გარკვეულწილად კრიმინალთან დაკავშირებული სტატისტიკაც გაიზრდებოდა და „ეს სავიზო ლიბერალიზაციის მიღებამდე ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტში რისკებშიც იყო მითითებული“:
მე დარწმუნებული ვარ, რომ არ დადგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი... რამდენიმე კრიმინალს არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს დიდი სიკეთე შეაჩერონ, და ასევე ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, რომ ამით ისარგებლონ...მიხეილ ჯანელიძე
„საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს ევროპული სახელმწიფოებისთვის საფრთხეს კრიმინალის კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ დონეზე როგორც ევროკავშირთან, ასევე წევრ ქვეყნებთან და წევრ ქვეყნებში კი - რეგიონულ დონეზე. ეს თანამშრომლობა არის წარმატებული. ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების წუხილის საგანს წარმოადგენენ, ზუსტად ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში აგებენ პასუხს იმ კრიმინალურ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი სჩადიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ დადგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი... რამდენიმე კრიმინალს არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს დიდი სიკეთე შეაჩერონ, და ასევე ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, რომ ამით ისარგებლონ“.
ახლახან საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ იგეგმება ზომების გამკაცრება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რეადმისიის ხარჯი თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისრებათ. ასევე გამკაცრდება გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები და გააქტიურდება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.