Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანი.
ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს აუცილებლად შეუსრულებს საქართველოში მცხოვრებ სომხებს, გაღრმავდება ორი ქვეყნის ურთიერთობები და საქართველო ეცდება ხელი შეუწყოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას - ასეთი იყო საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების 17 იანვარს ერევანში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის ძირითადი აქცენტები. თუმცა ბიძინა ივანიშვილსა და ტიგრან სარქისიანს კვლავაც მოუწიათ გაეკეთებინათ განმარტებები მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა საკმაოდ ხმაურიანი გაუგებრობა, რაც წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტს სომხეთში.

”ჩვენ საერთო ბაზარი უნდა ავაშენოთ”, - სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამ სიტყვებმა, როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დიდი მოწონება დაიმსახურა. 17 იანვარს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ორ პატარა ქვეყნას - სომხეთსა და საქართველოს - ერთობლივი დიდი ბაზარი მეტად დიდ სარგებელს მოუტანს:

”ნებისმიერ წარმოებას სჭირდება დიდი რაოდენობის მომხმარებელი და ამ მხრივ ძალიან კარგი იქნება, თუკი ჩვენ მაქსიმალურ ინტეგრირებას გავაკეთებთ ჩვენი ბაზრების და ეს გააიოლებს ეკონომიკის აღზევებას. ჩვენი ახალი ხელისუფლება, ჩვენი ახალი გუნდი მაქსიმალურად მომზადებულია იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობები ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის და, პირველ რიგში, ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაიზარდოს, გაიზარდოს საქონელბრუნვა და ა.შ.”.

სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების და, მათ შორის, უპირატესად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების დიდ რესურსს ხედავს სომხეთის პრემიერ-მინისტრიც. როგორც ტიგრან სარქისიანმა უთხრა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს, სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მზადებას ეკონომიკური კომისიის სხდომის მოსამზადებლად და დაიგეგმება ორმხრივად სასარგებლო საკითხების განხორციელება. აქვე ვთქვათ, რომ პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საბაჟო პუნქტების ერთობლივად მართვის შესახებ და ასევე 2013–2014 წლებში თანამშრომლობის პროგრამას საქართველოსა და სომხეთის კულტურის სამინისტროებს შორის.

ორი ქვეყნის ურთიერთობათა გაღრმავების ჭრილში განიხილება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხიც. თუკი ტიგრან სარქისიანის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ეს საკითხი საგანგებო მნიშვნელობისაა და ამიტომ განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ქართული, ასევე სომხური მხარისგან. საკითხის დადებითად გადაწყვეტას ბიძინა ივანიშვილი შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა ძირითად ხელშემშლელ ფაქტორად რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ ისევ არსებულ დიდ პრობლემებს ასახელებს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ ქართული მხარის პოზიცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებულია ...
ტიგრან სარქისიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საკმაოდ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტმა პრესკონფერენციაზე ხელახლა წამოსწია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული გაუგებრობის თემა. ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ქართულ მედიაში დამახინჯებით განმარტეს. საუბარია 10 იანვარს ლიტვის პარლამენტში გამართული შეხვედრისას მაია ფანჯიკიძის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს ამ გამოსვლაში საერთოდ არ უხსენებია მთიანი ყარაბაღი, საკითხი მედიამ სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მავანს აწყობდა სიტუაციის დაძაბვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის წინ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატა მადლიერება საქართველოს დაბალანსებული და სწრაფი რეაქციის გამო:

”დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ ქართული მხარის პოზიცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება ამ საკითხის დამახინჯება და ამიტომ მადლიერი ვარ, რომ თბილისმა ოპერატიულად იმოქმედა ამგვარი დამახინჯების საწინააღმდეგოდ და ძალიან სწრაფად გამოხატა საქართველოს პოზიცია”.
ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ მათ მაქსიმალურად იგრძნონ თავი საკუთარ სამშობლოში. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით ...
ბიძინა ივანიშვილი

საკითხის კვლავაც წამოწევით უკმაყოფილების მიუხედავად, კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ”ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისთვის. მე შევხვდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს და მისი მოსაზრება ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრს გადავეცი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც 17 იანვარს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მედია დაინტერესდა, შეეხება წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის მიცემულ დაპირებებს. ბიძინა ივანიშვილმა დიდი მადლიერებით გაიხსენა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების მხარდაჭერა წინასაარჩევნო მწვავე ბრძოლაში და თქვა, რომ ისინი დაპირებულზე ბევრად მეტსაც მიიღებენ:

”ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ მათ მაქსიმალურად იგრძნონ თავი საკუთარ სამშობლოში. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით და გავაკეთებთ მასზე მეტს, რომ მათ ღირსეულად იცხოვრონ საკუთარ სამშობლოში.”

აღსანიშნავია, რომ, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 17 იანვარს ასევე შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის. სერჟ სარგსიანმა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. ოფიციალური წყაროების ცნობით, საუბრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის კეთილმეზობლური პოლიტიკა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის პრეზიდენტის ერთობლივი სადილი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG