Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკო - ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია, ცხენბურთი


იუნესკო გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უწყებაა, რომელიც განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამებითაა ცნობილი. თუ რომელიმე ძეგლი, შენობა ან ტრადიცია, კერძი ან თამაშობა იუნესკოს მისიის სიაშია, მას არათუ გაქრობის საფრთხე აღარ ემუქრება, არამედ გაძლიერება, პოპულარიზება და დაცვა გარანტირებული აქვს. 2-დან 7 დეკემბრამდე ბაქოში იმართება წევრების შეხვედრა, რომელზეც მიიღება გადაწყვეტილება, რომელ ძეგლს, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის რომელ ნიმუშს აღიარებს გაეროს სააგენტო. ამ შეხვედრაზე, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე, გადაწყდა ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

იუნესკოში ამ იდეის წარდგენას წინ უძღოდა დიდი კამპანია, საქართველოს მთავრობის წევრთა აქტიურობით დაწყებული და ქვევრის ღვინისა და, საერთოდ, ღვინის მოყვარულთა სიბეჯითით დამთავრებული. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ასევე კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ, შესაბამისი განკარგულებები გასცეს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

იუნესკომ 2003 წელს მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნიეს ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ფესტივალები და ხალხური რეწვა.

სიას რომ გადახედოთ, სადაც შეტანილია ან რეგისტრაციას ელოდება მსოფლიოს კულტურის საგანძური, ბევრ უკვე ცნობილ ნიმუშს ნახავთ - ადამიანის გენიალურ ქმნილებებს, კულტურების მიერ შექმნილ საოცრებას. წელს არაერთმა ქვეყანამ - აზერბაიჯანმა, მაკედონიამ, ირანმა თუ მოლდავეთმა და სხვებმა - გადაწყვიტა გაეროს ამ უწყებას მიმართოს და მომავალში დასაცავად რეგისტრაციაში გაატაროს ესა თუ ის კულტურული ძეგლი, მატერიალური თუ არამატერიალური. იუნესკოს კულტურის სექტორის სპეციალისტს, ჰელენა დრობნას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა აუცილებლობად მიაჩნია:

„თაობიდან თაობაზე მათი გადაცემა უნდა ხდებოდეს. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა მუდმივად უნდა იქმნებოდეს და შემდეგ მისი განახლება უნდა ხდებოდეს თემების მიერ, იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც მან იდენტობის და უწყვეტობის განცდა უნდა მიანიჭოს. ეს არის ზეპირსიტყვიერება, საშემსრულებლო ხელოვნება, ტრადიციული ხალხური რეწვა, სოციალური ჩვევები, რიტუალები, ცოდნა და პრაქტიკული დამოკიდებულება ბუნებასა და სამყაროსთან“.

როგორც გითხარით, იუნესკომ 2003 წელს აამოქმედა ეს კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მას მერე ორგანიზაციაში ასობით განაცხადი შევიდა, რომელთა ავტორები მოითხოვენ მათი ცეკვისა თუ სიმღერის, კერძისა თუ თამაშის, რიტუალისა თუ შენობის აგების ტრადიციის დაცვას. ბოლო ხანებში შეტანილ განაცხადებში მასშტაბებით და გასაქანით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტრადიციული მემკვიდრეობის მიღებას სთხოვენ იუნესკოს მფარველობის ქვეშ. არამატერიალურ მემკვიდრეობას სხვა სპეციფიკა აქვს, ვიდრე იუნესკოს საგანძურს. ამ შემთხვევაში იუნესკოში შესაბამისი ფენომენის წარდგენა მარტივი და იოლი არაა, საკმაოდ დამღლელი პროცესია. კულტურული ობიექტი უნდა იყოს საზოგადოებისთვის არსებითი, უნდა ვითარდებოდეს და თაობები უნდა ჰქონდეს გამოვლილი. ამასთან, ის არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ადამიანის უფლებებს. შესაბამისი ქვეყანა თვითონაც უნდა ადასტურებდეს, რომ მას უვლის, მისთვის ზრუნავს და დამოუკიდებლად იცავს. იუნესკოს სიაში მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ავტომატურად დააფინანსებს შესაბამის ობიექტს. სარგებელი სხვაგვარადაც გამოიხატება - კულტურის ობიექტი პოპულარული ხდება არა მარტო მსოფლიოში, ხშირად თვითონ რეგიონშიც, ამბობს დრობნა:

„ნამდვილი სარგებელი ისაა, რომ იზრდება ლოკალურად, რეგიონალურად, ასევე მთელ სახელმწიფოში და მსოფლიოში ამა თუიმ ობიექტის მიმართ ცნობიერება. მოკლედ, იდეა ისაა, რომ გაიზარდოს ცნობიერება, გაიზარდოს დაფინანსება, დაიცვან ეს ობიექტები. ადგილობრივმა და ქვეყნის ხელისუფლებმა შეიძლება თანხაც გამოყონ, მათ შეუძლიათ იუნესკოს მიმართონ დაფინანსების თხოვნით“.

წელს ათეულობით ქვეყანამ გაგზავნა განაცხადი იუნესკოში შესაბამისი ობიექტების რეგისტრირების მიზნით და სიაშიც მოხვდა. მათ შორის, მაგალითად, ბელგიელებს სურდათ, რომ კრევეტების დაჭერის მათი წესი კულტურულ მემკვიდრეობად გაფორმებულიყო, ისევე როგორც თურქეთი ფიქრობს ყავის სმის ტრადიცია დაიცვას საერთაშორისო დონეზე, სამხრეთი კორეა ერთ კერძს სთავაზობს საერთაშორისო თანამეგობრობას. იქვეა უკრაინული პატრიკივკა, შეგნობების ფერით მოხატვის ტრადიციული მანერა; მოლდავეთში კაცები სიმღერით რომ შემოივლიან ოჯახებს და მღერიან, ეს ტრადიციაც მოხვდა ამ სიაში და სხვ. ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციას ქართველებს აწი, იმედია, ვეღარავინ შეედავება. აი, ირანს, მაგალითად, გამოუჩნდა მეტოქე ცხენბურთის საკითხში. ცხენბურთი, ძველი სპარსული თამაში, რომელსაც დღეს აზერბაიჯანის ტრადიციულ თამაშსაც უწოდებენ, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც დაუყოვნებლივ მხარდაჭერა და ხელშეწყობა ესაჭიროება. ეს გადაწყვეტილება ბაქოში ზემოხსენებულ სესიაზე მიიღეს. სპარსულად და, შესაბამისად, აზერბაიჯანულადაც, თამაშს, ცხენბურთს, ჩოვქანი ეწოდება. ის აზერბაიჯანელ მომთაბარეებს შორის ყოფილა პოპულარული, მათ შორის, ვინც, აზერბაიჯანული ვერსიით, მოკლეფეხება ყარაბაღულ ცხენზე მჯდომი თამაშობდა. ახლა აზერბაიჯანმა გაინაღდა, სულ მცირე, იუნესკოს დონეზე, რომ ეს თამაში, მისი ვერსია, აზერბაიჯანულ ეროვნულ თამაშად იქნა ცნობილი. თავიდანვე პროტესტი გამოთქვა ირანმა, სადაც, ირანული ვერსიით, ცხენბურთს უხსოვარი დროიდან თამაშობენ. ირანელები თვლიან, რომ ცხენბურთი საერთაშორისო თამაშია და არ შეიძლება მისი ერთი ერის თამაშად აღიარება. ირანელი პუბლიცისტი სადეყ საიდი, რომელმაც წიგნი დაწერა ცხენბურთის ისტორიაზე და, ალბათ, იცის, რას ამბობს, „სი-ენ-ენ-თან“საუბარში აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა, ასე ვთქვათ, მიითვისა ცხენბურთი:

„არ დავიჯერე. გეუბნებით, ნონსენსია. ეს იგივეა, შოტლანდიური ვისკი ირანულ ეროვნულ სასმელად რომ გავატარო რეგისტრაციაში. მაქვს ამის უფლება? ცხადია, არა“.

იუნესკოს მიაჩნია, რომ მისი არამატერიალური ძეგლების სია გულისხმობს გარკვეული თემების - და არა ქვეყნების - კულტურულ მემკვიდრეობას. მიზანი ისიცაა, რომ ცალკეული ქვეყნების ბუნებრივი მრავალფეროვნება გამოჩნდეს. რაჰმან ბადალოვი, ბაქოელი ფილოსოფოსი და ხელოვნების ექსპერტი, ფიქრობს, როს ზოგიერთი ქვეყანა იუნესკოს სიების მსგავს შესაძლებლობას ნაციონალისტური გრძნობების დასაკმაყოფილებლად იყენებს. ის იხსენებს დოლმის, ვაზის ფოთოლში გახვეული სხვადასხვა ნარევის - ხორციანისა თუ უხორცოს - თაობაზე კამათს აზერბაიჯანსა და სომხებს შორის. ორივე სამზარეულო თვლის, რომ დოლმა მისია, ეროვნული კერძია. ცხენბურთის რეგისტრირება აზერბაიჯანულ თამაშად, ბადალოვის აზრით, დროისა და ფულის ფლანგვაა:

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ იყენებს მთავრობა ბიუჯეტის თანხებს ბოროტად. მას ბევრი ფული აქვს და გასართობს ეძებს. მთავრობის კულტურის სფეროში ინიციატივების 99 პროცენტი უაზრობაა, უსარგებლოა. ეს მხოლოდ კოსმეტიკის, ნიღბის მიზნით კეთდება. არავითარი შინაარსი არა აქვს. მათ პოლიტიკური სარგებლის ნახვა სურთ და თავის უკეთესად წარმოჩენა“.

დაბოლოს, კიდევ ერთი-ორი მაგალითი არამატერიალური ძეგლისა, რომელსაც იუნესკო დაიცავს: ცხენბურთთან ერთად, ესაა მონღოლური კალიგრაფია, განსაკუთრებული წესი წერისა, როცა ასოები ერთმანეთს უკავშირდება ვერტიკალურად; ამავე სიაშია უგანდაში არსებული ტრადიცია ბავშვებისთვის სახელების დარქმევისა, რომელიც საფრთხის ქვეშაა და იუნესკოს მხარდაჭერას საჭიროებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG