Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი ფრანცისკე საქართველოში – მშვიდობაზე, მსოფლიოს გასაგონად!


ქალდეველთა კათოლიკურ ეკლესიაში სტუმრობის დასასრულს რომის პაპმა ცაში გაუშვა თეთრი მტრედი
ქალდეველთა კათოლიკურ ეკლესიაში სტუმრობის დასასრულს რომის პაპმა ცაში გაუშვა თეთრი მტრედი

რომის პაპი ფრანცისკე თბილისშია... ჩამოფრენის წუთიდან ბაქოში გამგზავრებამდე საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შეხვედრები, წირვა, საუბრები... რა მნიშვნელობა აქვს და რას მოასწავებს რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტი საქართველოსა და კავკასიაში? რა არის მისი მიზანი და მთავარი სათქმელი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის? მარინა ვაშაყმაძემ პაპზე და მის ამჟამინდელ ვიზიტზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების სტუდიაში მიიწვია თამარ გრძელიძე, თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან.

მოდი, პირდაპირ შთაბეჭდილებებით დავიწყოთ. აი, თვითმფრინავი ჯდება და… გამოდის რომის პაპი.

საოცრად კარგი დახვედრა იყო აეროპორტში. ძალიან კარგად იმუშავა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო გიორგი ვაშაკიძე, რომელმაც შეუძლებელი გააკეთა, იმიტომ რომ ვატიკანის მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან რთულია. ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე. პაპი ჩამოვიდა და ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩამოჰყვა - ასევე, მისი ანტურაჟი, ხალხი რომის კურიიდან.

პაპს დახვდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩვენი ეკლესიის მეთაური იქ იყო და მიესალმა თავის სულიერ ძმას, იმიტომ რომ იყო რაღაც მღელვარება წინასწარ, მარგინალური ჯგუფების გამოსვლები და ჯერ განცხადება რომ გააკეთა საპატრიარქომ, უკვე კარგი იყო და შემდეგ კი ის, რომ თვითონ მოვიდნენ დასახვედრად. რამდენიმე მიტროპოლიტი და სინოდის წევრებიც იყვნენ პატრიარქთან ერთად.

თამარ, თქვენ აღნიშნეთ, არ არის იოლი ვატიკანის მოთხოვნების დაკმაყოფილებაო. რამდენ ხანს მზადდება ხოლმე ასეთი ვიზიტები და რა ტიპის მოთხოვნები არის ხოლმე?

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდება ხოლმე ვიზიტი. მაგალითად, ეს სტუმრობა ოფიციალურად მაისში გამოცხადდა და მას შემდეგ უკვე სამჯერ იყო მოსამზადებელი ჯგუფი ჩამოსული ვატიკანის ჯგუფთან ერთად. ასევე, ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ დაცვისა და სხვა სერვისების წარმომადგენლები. მოთხოვნები ძალიან მაღალია და შესრულების ხარისხიც არის უმაღლესი. გარდა ამისა, ვატიკანში კვირა არ გავა, რომ ერთი ან ორი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი არ ჩამოვიდეს. და პაპიც ყოველთვის მზად არის სამოგზაუროდ. კი თქვა თავიდან, მე ბევრს არ ვივლიო, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, 20 ქვეყანაში იყო უკვე. ასე რომ, პაპიც ბევრს დადის და, შესაბამისად, ყოველთვის მზად არიან. თუმცა ეს გუნდი, რომელიც მას ახლა ჩამოჰყვა, როგორც ამჟამინდელი ადმინისტრაციის უფროსი, მონსენიორ რუედა, ასევე, პაპის საინფორმაციო სამსახურების უფროსი, გრეგ ბერკი, - ორივენი ახლები არიან. ბერგისთვის, მაგალითად, ეს პირველი დიდი ვიზიტია, მაგრამ დიდი ხნის ჩამოყალიბებული სისტემა არსებობს უკვე ვატიკანში, ამიტომ მათთვის ეს აღარ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა შემსრულებლისთვის ეს ძალიან რთულია.

პაპი ფრანცისკე შარშან, ივნისში, სომხეთს ეწვია, ახლა საქართველოში ჩამოვიდა და აქედან ბაქოში მიდის. რას ნიშნავს და რას მოასწავებს მისი ეს კავკასიური ვიზიტები?

პირველ ყოვლისა, ამის მიზეზი ის არის, რომ სომხეთში, განსაკუთრებით, და საქართველოშიც, მას ჰყავს კათოლიკე მრევლი, მაგრამ კათოლიკე მრევლი სხვა ქვეყნებშიც ჰყავს და, თან, გაცილებით მეტი. ამდენად, მისი ინტერესის სფეროში შემოდის კათოლიკური ცენტრიდან დაშორებული ქვეყნები. ფაქტია, რომ ჯერ იტალიაშიც არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტით. არც საფრანგეთში ყოფილა (სტრასბურგში იყო ჩასული, მაგრამ ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა საფრანგეთში). მეორე მიზეზი ის არის, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა იყო სომხეთის მხრიდან, რომ პაპი მოეწვიათ. ეს მოწვევა ისე არ ხდება... სომხეთის პრეზიდენტი იყო ჩასული ვატიკანში, შემდეგ მათი ეკლესიის წინამძღოლი, ასევე, ეპისკოპოსები და ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ პაპის მოწვევის. ამან, მე მგონი, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

იმან, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყო 2015 წლის აპრილში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში, განსაზღვრა ის ფაქტი, რომ პაპი საქართველოში ჩამოვიდა. და მერე აზერბაიჯანიც... რადგან ეს ერთი რეგიონია, კავკასია. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანთან, გაგიკვირდებათ და, კარგი ურთიერთობა აქვს ვატიკანს, თუმცა ამჟამად იქ, მგონი, მხოლოდ 200 კათოლიკე ცხოვრობს. მაგრამ სახელმწიფოებრივ დონეზე კარგი ურთიერთობა აქვთ.

საქართველოს ელჩი ვატიკანში თამარ გრძელიძე
საქართველოს ელჩი ვატიკანში თამარ გრძელიძე

პაპის ვიზიტი გრძელდება, მაგრამ თამარ გრძელიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან, იმ მთავარ სათქმელზე საუბრობს, რომელიც ქართველმა ხალხმა უკვე მოისმინა წმიდა საყდრის მეთაურისგან:

ძალიან კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტის სასახლეში. პაპის სიტყვა ნამდვილად კარგად იყო შედგენილი. იგი ყურადღებით მოეკიდა იმ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის მნიშვნელოვანია. მისი პირველი აქცენტი საქართველოს ქრისტიანულ წარსულზე იყო და ქრისტიანულ ფესვებზე...

პაპის კიდევ ერთი ნათქვამი მოვისმინეთ, ძალიან ნიშანდობლივი: „თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებსო, თქვა მან. ანუ ის, რაც, მართლაც, არის აღსანიშნავი, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსი, - სულ რომ ვამბობთ ხოლმე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და ასე შემდეგ... - აი, ეს გვითხრა, ჩამოსვლისთანავე.

დიახ, ნამდვილად ეს იყო მისი მეორე სერიოზული მესიჯი. კარგია, რომ ისინი ასე აღიქვამენ საქართველოს და მისი გეოპოლიტიკური არსი გააზრებული აქვთ. სხვათა შორის, ძალიან გულზე მოსახვედრი იყო ჩვენთვის, რომ საქართველოს ჰიმნის ტექსტი ახსენა - „სახატე მთელი ქვეყანა“... შემდეგ ბუნებაც აღნიშნა: ასეთი ლამაზი ქვეყანაა საქართველოო. დამოუკიდებლობაზე თქვა, რომ 25 წელია საქართველო დამოუკიდებელია და ამას, რასაკვირველია, თავისი სირთულეებიც ახლავს თანო.

ძალიან საინტერესო იყო, როგორ კონტექსტში მოიხსენია პაპმა სუვერენული უფლებების პატივისცემა და ანგარიშის გაწევა. ეს იყო ყველაზე სერიოზული პოლიტიკური გზავნილი მის გამოსვლაში პრეზიდენტთან მიღებაზე. როცა ეს ვიზიტი მზადდებოდა, ვიცოდით, რომ პაპი ვერ ახსენებდა სიტყვას „ოკუპაცია“, იმიტომ რომ ეს მის ლექსიკონში არ ჯდება. ეს, შესაძლოა, სხვამ უფრო თქვას, აი, მაგალითად, წმიდა საყდრის პრემიერ-მინისტრმა. პაპის ლექსიკონი კი ეს არ არის. მაგრამ, სამაგიეროდ, ეს სათქმელი დაშიფრულია და ის, რაც მან თქვა, „რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა და თითოეულის სუვერენული უფლებების პატივისცემა“, რეალურად არის იმაზე საუბარი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპირებულია და იქედან გამოსული მოსახლეობა თავშესაფრის მაძიებლად არის დარჩენილი.

მით უმეტეს, რომ ყოველთვის არის ხოლმე მის სიტყვებსა და გამოსვლებში დევნილებისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერა და საქართველო, სადაც ამდენი დევნილია, ალბათ, მართლაც, იქნებოდა ამ თვალსაზრისით მისი ყურადღების საგანი...

დიახ, ახლა პაპი, რასაკვირველია, მთლიანად გადართულია დევნილების პრობლემაზე, რადგან მართლა ძნელია, ალბათ, რომ რელიგიური ლიდერი შეშფოთებული არ იყოს იმ ადამიანების ბედით, რომლებიც გამორბიან საომარი სიტუაციებიდან და რთული ვითარებიდან. პაპის პირველი გასვლა, როდესაც იგი რომის ეპისკოპოსი გახდა, ლამპედუზაში იყო. იტალიაში წავიდა, იმიტომ რომ იქ, ნავების ჩაძირვის შედეგად, ძალიან ბევრი დევნილი დაიღუპა. პაპმა ამას თავიდანვე დიდი ყურადღება მიაქცია და ახლა ხომ, განსაკუთრებით! კუნძულ ლესბოსზე იყო პატრიარქ ბართლომესა და ათენის მთავარეპისკოპოსთან ერთად. იქიდან სირიელი დევნილები რომში ჩამოიყვანა და დააბინავა. ძალიან სერიოზულად არის პაპი ამ პრობლემით შეშფოთებული.

პაპი ფრანცისკე, რომელმაც ნოვატორისა და რეფორმატორის სახელი დაიმკვიდრა, ბევრი თამამი წამოწყებითაა ცნობილი და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით მუდამ არის დაინტერესებული.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემა, რომელიც პაპს განსაკუთრებით აღელვებს, გარემოს დაცვაა. გასულ წელს მან ამ პრობლემებს საჯარო წერილი მიუძღვნა - Laudato Si. ეს გახლავთ პაპის ეგრეთ წოდებული ენციკლიკა, სადაც იგი მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავს: “საზოგადოებასა და კულტურაში არ უნდა მძლავრობდეს მოკლევადიან ან მსწრაფლ ფინანსურ მოგებაზე თუ ელექტორატის გულის მოგებაზე დაფუძნებული აზროვნებაო”. ეს სათქმელი მეტად აქტუალურად ჟღერს საქართველოშიც, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ.

პაპის ამ გზავნილის განხილვა წელსაც გაიმართა და თამარ გრძელიძე ამის თაობაზე თავის ბლოგში წერდა: „პაპის ახალი გზავნილი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ეხმიანება შარშანდელ ცირკულარულ წერილს და მის რამდენიმე მნიშვნელოვან თემას კვლავ აჟღერებს. გარდა ამისა, წლევანდელი გზავნილი, შარშანდელისგან განსხვავებით, დიდ ადგილს უთმობს კონსტანტინოპოლის პატრიარქების, დემეტრესა და ბართლომეს მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას. Laudato Si- ში მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ერთ ადგილას მოხსენიების, ხოლო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს არმოხსენიების გამო მეც გამოვთქვი გულისტკივილი“.

რა გულისტკივილი იყო ეს? - ვეკითხებით თამარ გრძელიძეს. ვთხოვთ, რომ ჯერ ეს გულისტკივილი გაგვიზიაროს , შემდეგ კი პაპის თანამედროვეობის მძაფრ შეგრძნებაზე ვისაუბროთ, იმაზე, თუ როგორ გამოთქვამს აზრს, მაგალითად, გარემოს დაცვაზე, იმაზე, რაც თანაბრად აწუხებს და ეხება ყველას ამქვეყნად, ცხადია, არა მხოლოდ კათოლიკე მრევლს.

მაგრამ ჯერ გულისტკივილზე ვილაპარაკოთ:

Laudato Si ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მართალია, ეს პაპის ენციკლიკაა, მაგრამ, როგორც თავად პაპი წერს, იგი მთელ სამყაროს მიმართავს, იმიტომ რომ ამ წერილის მიზანია დაიცვას ჩვენი საერთო სახლი - ჩვენი პლანეტა. ამ წერილში, გარდა სულიერი თუ რელიგიური თემებისა, სამეცნიერო მონაცემებიც არის მოტანილი და ამ მონაცემების საფუძველზეა ნაჩვენები, თუ რამდენად რთულია დღეს ვითარება გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

ჩემი გულისტკივილი კი ის იყო, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1989 წელს გამოაცხადა 1 სექტემბერი გარემოს დაცვის დღედ და ძალიან კარგი მსახურებაც დაიწერა ამასთან დაკავშირებით. ეს მოხდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თაოსნობით, მაგრამ გაზიარებული იყო საქართველოში. მე, მაგალითად, ხშირად გამიგია უწმინდესისგან, 1 სექტემბერს გარემოს დაცვის დღე აღინიშნებაო. 1 სექტემბერი იმიტომ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს საეკლესიო კალენდრის დასაწყისია. პაპის ენციკლიკაში მოხსენიებული იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ გამართული ერთ-ერთი კონფერენცია, მაგრამ გაკვრით. გარდა ამისა, მსოფლიო ეკლესიათა საბჭომ ძალიან დიდი როლი შეასრულა ეკლესიებში ამ თემის გაღვივებისა და პრობლემის აღძვრის თვალსაზრისით - და ეს, საერთოდ, არ იყო ნათქვამი. Laudato Si- ზე და იქაც ვთქვი, რომ არ მგონია, პაპმა ჩემი ნათქვამი გაიგო მაინცდამაინც და ეს გაითვალისწინა, მაგრამ ფაქტია, რომ იყო 1 სექტემბერს პაპის ეს საოცარი გზავნილი და მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან დიდი როლი და ადგილი დაეთმო ამ გზავნილში. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო.

პაპის ვიზიტის ფონზე, ბუნებრივია, ბევრი დაფიქრდა იმაზე, თუ რა ურთიერთობაა დღეისათვის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის. თამარ გრძელიძე ამბობს, რომ ეს დიდი და რთული თემაა და რომ დღეისთვის ელჩი ამას იტყვის:

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოავლინა ძალიან დიდი პატივისცემა და უწმინდესმა პაპი, მართლაც, ძმურად მიიღო. ასე მიმართა, რომ ძმები იყვნენ ანდრია და პეტრე, ანდრია პირველწოდებული და პეტრე მოციქული, ანუ ძმობის თემა შესთავაზა. ეს ძალიან კარგია ეკლესიებს შორის ურთიერთობისთვის. მე ამ შეხვედრას ბილატერალურ შეხვედრას ვუწოდებ და ეს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, ახლა რა მოჰყვება ამას... ჩვენ, საერთოდ, გვახასიათებს, რომ ყველა კარგად მივიღოთ სტუმართმოყვარეობის გამო, მაგრამ მერე არ მივსდიოთ ჩვენს ამ ინიციატივას თუ სტუმართმოყვარეობას. მაგრამ ვნახოთ, რა იქნება... ახლა ვიფიქროთ, რომ ეს არის დასაწყისი, მით უმეტეს, რომ პატრიარქმა ორჯერ თქვა შეხვედრაზე, ეს არის უნიკალური შემთხვევა, ისტორიული შემთხვევაო.

ჩვენ თვალს ვადევნებდით დასავლურ პუბლიკაციებს და პრესა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს. სწორედ ასე წერს, რომ ეს არის ნაბიჯი მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დაახლოებისთვისო...

ჰო, იმიტომ რომ ახლა - განსაკუთრებით, ბოლო წელიწადის განმავლობაში - პაპი ძალიან სერიოზულად არის კონცენტრირებული იმაზე, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მართლმადიდებელ ლიდერებთან. პატრიარქ ბართლომესთან მას საუკეთესო ურთიერთობა აქვს, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და თანამშრომლობენ. როგორც ვახსენე, ლესბოსზე ყოფნისას იგი, ასევე, შეხვდა ათენის მთავარეპისკოპოსს. შემდეგ ის ცნობილი შეხვედრა, რომელიც გაიმართა მოსკოვის პატრიარქსა და პაპს შორის... ნათელია ეს მიმართულება - მას სურს, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, და დღესაც ეს იყო... ეს ძალიან კარგია, მე მგონი.

მით უმეტეს, რომ პაპი ახლა ბაქოში მიდის და ამაზე კი იგივე დასავლური პრესა წერდა, რომ ეს უკვე ქრისტიანული და მუსლიმანური სამყაროს დაახლოებისთვის არის მნიშვნელოვანიო.

დიახ, თბილისში შეხვედრა კონფესიათა შორის ურთიერთობის თემაა და, რასაკვირველია, ბაქოში ეს არის რელიგიათა შორის ურთიერთობის საკითხი.

და მოდი, ზოგადად შევაფასოთ. რა ხდება ახლა. რა მოვლენის მომსწრეა საქართველო?

საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, იმიტომ რომ რომის პაპს დღეს მთელი მსოფლიო უყურებს და უსმენს. რამდენად ითვალისწინებენ მის ნათქვამს, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი პოპულარობა ძალიან დიდია. მისი ვიზიტი თუნდაც მხოლოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება საერთაშორისო „ახალ ამბებში“, როდესაც რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს, რომ ახლა სხვა საბაბია ამისათვის.

გარდა ამისა, რადიო „ვატიკანთანაც“ ვთქვი ეს და ახლაც ვამბობ: მე ასე ვხედავ, რომ სადაც მიდის პაპი, თან მიაქვს ეს თავისი გაწონასწორებული სულიერი სიხარული და მგონია, რომ მარტო კათოლიკეებს კი არა, ყველას, მთელ საქართველოს შეუძლია, რომ გაუზიაროს ეს სიხარული, რომელიც ნამდვილად სულიერია და მისი ლოცვით და სიკეთით არის გაჯერებული. და გარდა ამისა, მშვიდობის გზავნილია ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის. ჩვენ ხომ ურთულეს რეგიონში ვცხოვრობთ. ხშირად არ ითვალისწინებენ ამას ბოლომდე, მაგრამ ჩვენს გარშემო რაც ხდება, მეზობლების მეზობლებთან რაც ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პაპის გზავნილი რომ იყო მშვიდობა, ყურად უნდა იღოს ყველამ.

XS
SM
MD
LG