გორის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, თამარ თედლიაშვილმა, საკრებულოს სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმარების კომისიას ცენტრალური მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭების ინიციატივით მიმართა. საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ მერიის წინ არსებულ უსახელო მოედანს ევროპის სახელი არაერთი მიზეზის გამო უნდა მიენიჭოს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 2010 წლის ივნისამდე იოსებ სტალინის ძეგლი იდგა. გორელებიც ამ მოედანს სტალინის სახელს უწოდებდნენ, მაგრამ სამართლებრივად ეს მოედანი უსახელო იყო. თედლიაშვილის ინიციატივას სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა. განსაკუთრებით სტალინისტები და კომუნისტები აქტიურობენ და თედლიაშვილის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. კომპარტიის ლიდერი, ალეკო ლურსმანაშვილი, თედლიაშვილს ისტორიის ცოდნას უწუნებს.
გორელების ერთი ნაწილი - განსაკუთრებით ახალგაზრდები - თედლიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, მოედანს რომელიმე გამოჩენილი ქართველი მოღვაწის სახელი ეწოდოს.
მოედნის გარდა, თამარ თედლიაშვილი სადგურის დასახლებაში ქარხნის ქუჩისთვის ანა სოლოღაშვილის სახელის მინიჭებასაც ითხოვს. მისი თქმით, პირველი რესპუბლიკის პარლამენტის ქალი დეპუტატის სახელი გორში ერთ-ერთ ქუჩას აუცილებლად უნდა ერქვას, თუმცა ქარხნის ქუჩაზე ცოტას თუ სმენია სოლოღაშვილის მოღვაწეობის შესახებ.
თედლიაშვილის ინიციატივის შესახებ საკრებულოს კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს და, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის სახელდების სახელმწიფო კომისიაში გაიგზავნება. კომისია საკუთარ დასკვნას დაწერს. საბოლოოდ კი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ უნდა მიიღოს. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრის ინიციატივაზე საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს.
საკრებულოს წევრის აზრით, იმ დროს, როცა რუსეთი ქალაქის ცენტრალურ მოედანს ბომბავდა, ევროკავშირი რუსეთ-საქართველოს ომის შეჩერებას ცდილობდა, ომის შემდეგ კი სწორედ ევროპა დაეხმარა ქვეყანას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში. თედლიაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობის შენარჩუნებაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამსახურებაა და ქალაქმა ევროპის მიმართ მადლიერება მთავარი მოედნისთვის მისი სახელის მინიჭებით უნდა გამოხატოს.