დღეს საკმაოდ აქტიურად მსჯელობენ იმაზე, აისახა თუ არა ლარის კურსის ვარდნა საქონლის ფასებზე და მოჰყვება თუ არა ამას ინფლაციური პროცესები. ლარის კურსის ვარდნა 18 ნოემბრისთვის დაიწყო და მას შემდეგ დღემდე გრძელდება.
გუშინ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ნოემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში დეფლაციური პროცესია - ინფლაცია „-1“-ს შეადგენს.
ციფრების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ გასულ თვესთან მიმართებაში ასეთი მაჩვენებელი ძირითადად ტრანსპორტისა და საწვავ-საპოხი მასალის გაიაფებამ გამოიწვია, კერძოდ: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 0,9-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,10 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზეც (-1,7 პროცენტი).
მოსახლეობას ნოემბერში უფრო იაფი უჯდება ასევე გართობა, ვიდრე უჯდებოდა წელს, ოქტომბერში. კერძოდ, გართობისა და კულტურის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 0,5-პროცენტიანი კლება, რამაც თვის ინფლაციაზე -0,04 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფზე: აუდიო-ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები, რემონტის ჩათვლით (-1,6 პროცენტი).
სამაგიეროდ, გასულ თვესთან შედარებით, გაძვირებულია ალკოჰოლური ნაწარმი და სიგარეტი - ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით. ცხადია, ეს ზრდა მომავალ წელს, აქციზის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება.
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია და 2,8 პროცენტს შეადგენს.
უნდა ითქვას ისიც, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე ნოემბერშიც გაზრდილია და 2,8 პროცენტს შეადგენს. ამ ზრდაში ძირითადი წილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე მოდის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გზარდილი ჯანდაცვის მომსახურების ფასებიც. კერძოდ: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,2 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,90 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (4,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-3,8 პროცენტი).
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4,8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,53 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (7,9 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი).
მოსალოდნელია, რომ, წინასაახალწლო პერიოდის გათვალისწინებითაც, დეკემბერში ინფლაცია უფრო მაღალი მაჩვენებლით იყოს, თუ, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ნავთობის ფასის კლების მიმდინარე პროცესი ადეკვატურად არ აისახა ქართული საწვავის ფასებზე ანლარის კურსი არ დასტაბილურდა, რაც ნაკლებ მოსალოდნელია მოკლე პერიოდში, და ამან ინფლაციური პროცესები ქვეყანაში არ შეაკავა.