Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთში ფერმერები პრობლემებზე ჩივიან


საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოების დასაწყებად იმერეთში გამოდარებას ელოდებიან. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმერეთში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, მათ ნაწილს კუთვნილი ბარათები ჯერჯერობით არ მიუღია. სოფლად მცხოვრები ოჯახები წელს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის დასამუშავებლად ორი სახის ვაუჩერს მიიღებენ: 50 ლარის ღირებულების აგრობარათს, რომლითაც სასუქისა და სამუშაო იარაღების შეძენას შეძლებენ, და ხვნის ბარათს, რომლითაც მიწას დაამუშავებენ. აგრობარათი 0,25 ჰექტარი მიწის ფართის მფლობელს ეკუთვნის, ხვნის ბარათი - 1,25 ჰექტარი მიწის მფლობელს.

რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, რომ იმერეთის სოფლებში მწირი მიწებია და მოსახლეობა დიდ ფართებს არ ფლობს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვისაც მიწის დიდი ნაკვეთი ჰქონდა, გაყო და მიწის მხოლოდ იმ ნაწილს ამუშავებს, რისთვისაც ხვნის ბარათს მიიღებს. იმერლების თქმით, აგრო და ხვნის ბარათები სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის შეღავათია, თუმცა საკმარისი არ არის.

იმერეთის რეგიონის 2014-21 წლების განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორი ორიენტირებულია კომლის სასურსათო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და არა სარეალიზაციო პროდუქტის წარმოებაზე. ოჯახური მეურნეობების სიმრავლეს და ფერმერული მეურნეობების განუვითარებლობას იმერეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიებისა და მეთოდების სიძველე განაპირობებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფერმერული მეურნეობის განვითარებას აგროსესხით შეეცადა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხნარში მცხოვრებმა კახაბერ ხვარეშიამ 12 ათასლარიანი აგროსესხი რამდენიმე თვის წინ გამოიტანა ბანკიდან. როგორც თავად ამბობს, სესხი მსხვილფეხა პირუტყვის შესაძენად დასჭირდა, ფერმისთვის ინფრასტრუქტურა კი საკუთარი ხარჯით მოაწყო. კახაბერ ხვარეშიას თქმით, სესხის აღებისას სირთულეები შეხვდა, ბანკმა მისთვის სასურველი თანხა - 20 ათასი ლარი - არ დაუმტკიცა და საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ თანხის მხოლოდ ნაწილი მისცა, რომლითაც 6 სული მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინა.

კახაბერ ხვარეშიას თქმით, პირველ ეტაპზე, სესხის - 450 ლარის - დაფარვის შემდეგ, მოგება არ რჩება, თუმცა ფერმერული მეურნეობის გაფართოებას მაინც აპირებს და რამდენიმე თვეში აგროსესხის გაზრდის მოთხოვნით კვლავ ბანკს მიმართავს.

XS
SM
MD
LG