Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება ბათუმის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკების აღდგენა


ბათუმის საკათედრო ტაძარი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ჩამოშლილი ფრესკების აღსადგენად პროექტის შემუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც უნდა შეირჩეს საუკეთესო წინადადება ტაძრის მხატვრობის აღდგენის მეთოდოლოგიისა და მისი ღირებულების შესახებ.

ამ სამუშაოების შესასრულებლად სააგენტომ ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენი თანხაა საჭირო ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების აღდგენა-რესტავრაციისთვის:

ბათუმის საკათედრო ტაძარი

  • ბათუმის საკათედრო ტაძარი XX საუკუნის დასაწყისში კათოლიკე მრევლისთვის აშენდა, ტაძრის კედლები კი იტალიელმა ფერმწერებმა მოხატეს.
  • ტაძარი ბოლშევიკების დროს დაიხურა და ეკლესიის შენობაში ჯერ არქივი განთავსდა, შემდეგ კი მაღალი ძაბვის ლაბორატორია ამუშავდა.
  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1989 წელს, ტაძარი მართლმადიდებელ მრევლს გადაეცა და მისი მფლობელი დღესაც საქართველოს საპატრიარქოა.
ბათუმის საკათედრო ტაძარი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

„ტენდერის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება, თუ რა თანხაა საჭირო ტაძრის აღდგენა-რესტავრაციისთვის. სააგენტო მოითხოვს ამ თანხის გათვალისწინებას 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, რითაც დავიწყებთ საკათედრო ტაძრის აღდგენა-რესტავრაციას“.

ბათუმის საკათედრო ტაძარში ფრესკების დაზიანების მიზეზი შენობის გადახურვა აღმოჩნდა. შესაკეთებელი სახურავიდან წვიმის დროს ჩამოსულმა წყალმა ფრესკების დიდი ნაწილი ჩამორეცხა და განსაკუთრებით ტაძრის აღმოსავლეთ კედლის მხატვრობა დააზიანა. რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ამბობს რომ, საკათედრო ტაძრის კედელზე ჩამოშლილი ფრესკა პირველად 8 წლის წინ ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის გადაღების დროს შენიშნა:

„ტაძრის ანტრესოლზე ვიყავი ზემოთ, ძალიან ახლოს უშუალოდ მომიწია დაკვირვება და მაშინ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ფრესკები. ამის შემდეგ პერიოდულად შევდიოდი, ვაკვირდებოდი, ფოტოებს ვუღებდი ჩამოშლილ ფრესკებს, მასშტაბი სულ უფრო იზრდებოდა და დაზიანების ხარისხიც მატულობდა წლების განმავლობაში. როგორც ამბობდნენ, ეს იყო გადახურვის ბრალი, საიდანაც წვიმის დროს წყალი ჟონავდა. ტაძრის დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლების მხატვრობა საშინელ მდგომარეობაშია!“

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ტაძრის სახურავი, საიდანაც წყალი ჟონავდა და ფრესკებს წლების განმავლობაში აზიანებდა, ადგილობრივმა ეპარქიამ რამდენიმე თვის წინ შეაკეთა. სააგენტოს ინიციატივით, ბათუმში „სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვიზუალური დათვალიერებით ადგილზე შეისწავლეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის წაშლილი მხატვრობა. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნანა კუპრაშვილი ამბობს, რომ ფრესკების აღდგენა-კონსერვაცია შესაძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია ეს პროცესი დროში არ გაიწელოს, რადგან, მისივე თქმით, ტაძრის მოხატულობა ყოველდღე უფრო მეტად ზიანდება:

„მხატვრობის ფერწერული ფენა ზოგან საერთოდ დაკარგულია, ბევრ ადგილას აქერცლილია და ძალიან მალე ჩამოცვივდება. ამავე დროს, თვითონ ნალესობა, რაზეც მხატვრობაა, ისიც გაფხვიერებულია და გამომარილებაც საკმაოდ შეიმჩნევა. არის, აგრეთვე, ბიოლოგიური დაზიანებებიც. ისეთი მდგომარეობაა, რომ ყოველდღიურად დანაკარგი ყველა ვარიანტში იქნება და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს!“

ბათუმის საკათედრო ტაძარი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

ბათუმის საკათედრო ტაძარი XX საუკუნის დასაწყისში მეცენატ სტეფანე ზუბალაშვილის შემწეობით კათოლიკე მრევლისთვის აშენდა, ტაძრის კედლები კი იტალიელმა ფერმწერებმა მოხატეს. თავდაპირველად ეკლესია კათოლიკე მრევლს ეკუთვნოდა. ტაძარი ბოლშევიკების დროს დაიხურა და ეკლესიის შენობაში ჯერ არქივი განთავსდა, შემდეგ კი მაღალი ძაბვის ლაბორატორია ამუშავდა. ამ პერიოდში ფრესკები საგრძნობლად დაზიანდა, მისი რესტავრაცია კი გასული საუკუნის 80-იან წლებში სპეცილისტების ჯგუფმა შეძლო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1989 წელს, ტაძარი მართლმადიდებელ მრევლს გადაეცა და მისი მფლობელი დღესაც საქართველოს საპატრიარქოა, თუმცა ტაძარი დღემდე ინარჩუნებს დასავლეთ ევროპის კათოლიკური ეკლესიებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ გოტიკურ-რომანულ არქიტექტურულ სტილს. როგორც ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილი ამბობს, ბათუმის საკათედრო ტაძრის არქიტექტურა, მხატვრული ღირებულების გარდა, სწორედ შენარჩუნებული ავთენტურობის გამოა მნიშვნელოვანი:

„გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, ფორმით, თავისი პროპორციებით, კედლის არაჩვეულებრივი წყობით. ქუთაისის ფერადი ქვაც არის გამოყენებული, ვიტრაჟები აქვს.. ანუ სამშენებლო ტრადიცია, კულტურა და მხატვრული სახე ამ ტაძარს აქვს გამორჩეული საქართველოში. თანაც, მეტ-ნაკლებად თავდაპირველი სახით მოღწეული, საეკლესიო არქიტექტურის და კედლის მხატვრობის ავთენტური ნიმუშია. მისი მოხატულობა რენესანსულ-კლასიცისტურ ტრადიციებს ეფუძნება, მოდერნის სტილის ელემენტებსაც შეიცავს. ეს არის ერთიანი ანსამბლი არქიტექტურისა და ფრესკული მხატვრობის, ერთ პერიოდში შექმნილი და ავთენტური სახით მოღწეული, და სწორედ ეს არის ამ ძეგლის განსაკუთრებულობა და მისი ღირებულება, რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება“.

ბათუმის საკათედრო ტაძარი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

XS
SM
MD
LG