Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI: თანამდებობის პირთა პრემიები გაზრდილმა ხელფასებმა ჩაანაცვლა


28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების სისტემის ანალიზი წარადგინა. 100-მდე საჯარო დაწესებულებიდან მოგროვილი მონაცემის საფუძველზე ირკვევა, რომ ის თანხა, რომელსაც ადრე თანამდებობის პირები პრემია-დანამატების სახით იღებდნენ, ახლა ხელფასებად ერიცხებათ.

IDFI-ს მიერ საშტატო ნუსხების ანალიზით იკვეთება რეალობა, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ კანონმა ვერ დაარეგულირა თანამდებობათა იერარქიის შესაბამისი ხელფასების პრაქტიკა. მაგალითად, 2018 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შსს-ს, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ხელფასები მათი მოადგილეების ხელფასზე ნაკლები იყო და 6 250 ლარს შეადგენდა, თუმცა მინისტრები ამ ანაზღაურებას ახალი კანონის მიღებამდეც იღებდნენ ხელფასთან ერთად პრემია-დანამატების სახით.

მინისტრების ხელფასის მაქსიმუმი, კანონით, 8 500 ლარია, მათი მოადგილეების კი - 7 500. ამჟამად მინისტრების სარგო მაქსიმუმზე დაბალია, მათი ზოგიერთი მოადგილის ხელფასი კი ზღვარს უტოლდება. კვლევის ავტორები ამგვარ რანჟირებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

პროექტის ხელმძღვანელი ლევან ავალიშვილი აცხადებს, რომ ახალმა კანონმა რეალური ცვლილებები ვერ მოახდინა ანაზღაურებების კუთხით.

„ლევან ავალიშვილი კვლევის შედეგებზე“
please wait

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00
გადმოწერა

მთავრობის გარდა კვლევაში შედარებულია პარლამენტართა შრომის ანაზღაურება 2017 წელს კანონის მიღებამდე და 2018 წელს კანონის მიღების შემდეგ. აქაც შემოსავლები უცვლელი რჩება. ის, რაც 2017 წელს პრემია-დანამატებად გაიცა, 2018 წელს ხელფასების სახით არის გაცემული.

ახალი კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ არ ეხებათ სახელმწიფო კომპანიებს, მარეგულირებელ კომისიებსა და სხვა უწყებებს. მათი ხელმძღვანელი პირები საჯარო სექტორში ყველაზე მაღალ ხელფასებს იღებენ. დეკლარაციის მიხედვით, შრომის ყველაზე მაღალ ანაზღაურებას 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე იღებდა (341 700 ლარი 12 თვეში) .

კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2018 წლის დასაწყისში მიიღო, მიზნად ისახავდა საჯარო სექტორში პრემიებისა და დანამატების საკითხის დარეგულირებას, რაც ბოლო ხანებში საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG