მოედანი, რომელიც დღეს ლადო გუდიაშვილის სახელს ატარებს, დაახლოებით 600-წლოვან ისტორიას ითვლის. მოედანს ჯერ აბასის, შემდეგ ალავერდოვის სახელი ერქვა. მის გარშემო ძირითადად ე.წ. ბანიანი სახლები იდგა, თუმცა უკვე მე-19 საუკუნიდან იქ თბილისური ტიპის აივნიანი სახლების მშენებლობა დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო სახლი, რომელსაც დღეს მწვანე სარეაბილიტაციო ბადე აქვს შემოხვეული, 1820-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თბილისური ტიპის ნაგებობა, რომელიც დღემდე შემორჩა ქალაქს. მას „ლიტერატურული საქართველოს“ შენობას უწოდებდნენ და იქ ცხოვრობდა რუსი მწერალი მიხეილ ლერმონტოვი.
გუდიაშვილის მოედანი, შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულში ქალაქის ერთ-ერთ მთავარ საჯილდაო ქვად იქცა. ერთ მხარეს იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, რიგითი მოქალაქეები და მეორე მხარეს კი იყო მთავრობის მიერ ინიცირებული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც, დარგის ექსპერტთა თქმით, მოედანს საფრთხეს უქადდა. ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორები ჯერ კიდევ 2007 წლიდან აპროტესტებდნენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტს და მიაჩნდათ, რომ იმ წლებში არსებული პროექტი გუდიაშვილის მოედანსა და მის ტერიტორიაზე არსებულ ათობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გაანადგურებდა. „გაამაგრე გუდიაშვილი!“ - ამ გზავნილით 2012 წლიდან პერმანენტული აქციები დაიწყო გუდიაშვილის მოედანზე. აქციის მონაწილეები მაშინ თბილისის განვითარების ფონდისა და ინვესტორისაგან მოედნის ავთენტიკურობის შენარჩუნებას მოითხოვდნენ. საბოლოოდ, 2014 წელს, „ტფილისის ჰამქარსა“ და მაშინდელი მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, დავით ნარმანია, მერობის შემთხვევაში, პირობას დებდა, რომ გუდიაშვილის მოედანს ისტორიულ იერსახე შეუნარჩუნებდა.
თითქმის ორი წლის თავზე, 2016 წელს, „ICOMOS საქართველომ“, ანუ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნულმა კავშირმა, შეიმუშავა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციის გეგმა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა გუდიაშვილის ბედი და მოქალაქეებსა და დარგის ექსპერტებს გაუჩნდათ იმედი, რომ გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის პროცესში ავთენტურ სახეს შეინარჩუნებდა. კომპანია „ICOMOS“-მა კონსერვაციის გეგმა ტერიტორიის მულტიდისციპლინური კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. შესაბამისად, ამ პროექტმა განსაზღვრა არა მხოლოდ ის, თუ როგორ უნდა აღდგენილიყო და შენარჩუნებულიყო ამა თუ იმ შენობისა და ქუჩის იერსახე, არამედ თავის თავში მოიცვა რეკომენდაციებიც, რომელთა მიხედვითაც უნდა განვითარდეს ისტორიული უბანი სამუშაოების დასრულების შემდეგ.
სწორედ ამ გეგმას ეყრდნობა თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც თებერვლის ბოლოდან გუდიაშვილის მოედნის მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს. ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარედ მდგარი შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ისტორიულ ქვემო კალაში მდებარე არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას. თბილისის მერიის მიერ 50 მილიონი ლარით დაფინანსებული ორწლიანი პროგრამა 30-მდე შენობის - მათ შორის 20 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - რეაბილიტაციას გულისხმობს. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სარეაბილიტაციო პროგრამა სრულად დაეყრდნობა „ICOMOS საქართველოს“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რაც, მისი თქმით, გარანტი იქნება მოედნის ავთენტურობის შენარჩუნებისა:
„70 მისამართზე შემუშავდა კონსერვაციის გეგმა და განისაზღვრა პირველი ეტაპისათვის განსახორციელებელი მისამართების ნუსხა. გარდა ამისა, გავაკეთეთ შენობების დროებითი გამაგრებები, რადგან მოედნის ტერიტორიაზე არის რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ამის პარალელურად, გავაკეთეთ კომუნიკაციების რეაბილიტაცია. გაკეთებულია დრენაჟისა და სანიაღვრე სისტემები. ახლა კი იწყება შენობების რეაბილიტაცია“.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გუდიაშვილის მოედანზე სამშენებლო კომპანიები „ანაგი“ და „ინსი“ განახორციელებენ. სწორედ ეს კომპანიები აწარმოებენ ამჟამად ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გიორგი ბაიდარაშვილის თქმით, აღნიშნულ კომპანიებზე არჩევანი შეჩერდა მათ მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის დიდი გამოცდილების ნიადაგზე.
თავად სარეაბილიტაციო პროექტის მიმართ არ აქვს პრეტენზიები ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირადად მონაწილეობდა გუდიაშვილის მოედნის გადარჩენის პროცესში. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც „ICOMOS საქართველომ“ შეიმუშავა, მაღალპროფესიულ დონეზეა შექმნილი და სრულად აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც მოედანს იერსახეს შეუნარჩუნებს. მისი თქმით, ახლა იწყება პროცესი, რომელიც საჭიროებს მონიტორინგის მაღალ ხარისხს, რათა სამუშაოები სწორედ გაწერილი გეგმის მიხედვით წარიმართოს.
„საჭიროა მეტი ყურადღება, რომ ასეთი ხანგრძლივი პროცესი, ბრძოლა, რომელიც საზოგადოების ძალისხმევის შედეგად მოვიგეთ, შესაბამისი შედეგითვე დასრულდეს. ამის წინაპირობა არის. უბრალოდ, ახლა გვჭრდება მონიტორინგი, რომ ავთენტურობის ყველა ნიშნის დაცვით შევინარჩუნოთ მოედანი. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მოედანი, რომელიც ავთენტური სახით არის შემორჩენილი თბილისში და არა მარტო არქიტექტურული თვალსაზრისით, არამედ ურბანული თვალსაზრისითაც. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მოედანს ჩვენი აქციებითა და აქტიურობით შევძინეთ კიდევ სხვა ფუნქციაც - საგამოფენო და საპრეზენტაციო ფუნქცია. ეს არის არა მარტო კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო სივრცე. მიმაჩნია, რომ რესტავრაციის დასრულების შემდეგ მთლიანად მოედანს უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“, - ამბობს თამარ ამაშუკელი.
27 თებერვალს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, გუდიაშვილის მოედანი დაათვალიერა თბილისის მერმა კახა კალაძემ და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართულნი იყვნენ გუდიაშვილის მოედნისთვის ბრძოლაში:
„ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. მართალია, სარეაბილიტაციო პროცესის გახსნის საზეიმო ღონისძიება რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ მუშაობა დაიწყო. მინდა ვთქვა, რომ პროექტის დეტალების შემუშავებისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორების რეკომენდაციები, სწორედ ამიტომ გაიწელა დროში სამუშაოების დაწყება. რეაბილიტაციის პროექტი, ცხადია, ამით არ დამთავრდება. ძველ თბილისს სჭირდება მოვლა-პატრონობა და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“.
როგორც თბილისის განვითარების ფონდი განმარტავს, რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობათა ფასადებს, არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც,რომლებიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი.