Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყვეტილი აქცია - ჰომოფობიის წინააღმდეგ


17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეეები ლგბტ ჯგუფის წევრების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ და შესაბამისი შინაარსის პლაკატებითა და ფერადი დროშებით თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გეგმავდნენ, მაგრამ რუსთაველზე "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა და მათმა თანამოაზრე სასულიერო და საერო პირებმა ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაუკეტეს და აქციის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

”არ უნდა გადავიდეთ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. თუ შეძახილები იქნება და ლანძღვა-გინება, არ გამოვეხმაუროთ. თუ აგრესია წამოვა, პატრულს დავურეკოთ, მშვიდად ჩავიდეთ თავისუფლების მოედნამდე” -
ამ ინსტრუქციების შემდეგ ფილარმონიასთან შეკრებილი ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული სამშვიდობო აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა ხელში ფერადი დროშები და ჰომოფობიის საწინააღმდეგო პლაკატები დაიჭირეს და გეზი რუსთაველისაკენ აიღეს. ნათია გვიანიშვილი, მიხეილ ხალიბეგაშვილი და მათი მეგობრები ჰომოფობიას აპროტესტებდნენ.

ტერმინი "ჰომოფობია" ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში განმარტებულია როგორც „ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ წინასწარ განწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის". ჰომოფობიის აღნიშნული განმარტება და ამ მოვლენის რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმსა და სექსიზმთან გათანაბრება ნათლად მიგვანიშნებს, თუ რაოდენ აუცილებელია ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა.
დაპირისპირება ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00
გადმოწერა
შეწყვეტილი აქცია - ჰომოფობიის წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00
გადმოწერა

”იმ ადამიანებისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ქვეყანა თანასწორობის პრინციპებზე უნდა იყოს აგებული და ყველა მოქალაქე თანასწორია, ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ლგბტ თემი დღეს, თუნდაც საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და გარიყულია.”

”მეც შემხებია ჰომოფობია, როგორც ლგბტ თემის წევრს, და დისკრიმინაციაც მიგრძვნია. ეს გამოიხატება ჩვენ მიმართ აგრესიულ ქცევასა და საუბარში, იმაში, რომ ვერ ხერხდება საზოგადოებასთან ინტეგრაცია. პრობლემაა სამსახურის შოვნა... არადა, სიძულვილის დრო არ არის - ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, რომ სიძულვილს მასში ამდენი ადგილი დავუთმოთ.“

”როცა არჩევანის წინაშე ვდგავარ - სიყვარულსა და სიძულვილს შორის რომელი ავირჩიო, ცხადია, სიყვარულს ვირჩევ. როცა ჰომოფობი ვარ, ეს დისკომფორტს მარტო იმ ადამიანს კი არ უქმნის, რომლის მიმართაც ამ სიძულვილს გამოვხატავ, არამედ მეც უფრო დაბოღმილი ვხდები და შებოჭილად ვგრძნობ თავს.”

‘მე გეი ვარ’ და მსგავსი პლაკატები პატარა ბავშვებს რომ დააჭერინეთ, ეგ, თქვენი აზრით, სწორია? ....
პირველად მსვლელობა მის მონაწილეებთან მისულმა ქალმა გააპროტესტა. ის აქციის მონაწილეებს დაშლას სთხოვდა და გარყვნილების პროპაგანდაში ადანაშაულებდა:
”თქვენი ადგილი სხვაგან არის, სხვაგან დაამტკიცეთ ეგ თქვენი სიყვარული...”

მალე სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ. "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა აქცია ჯერ კოსტავას ქუჩაზე შეაჩერეს:

” ‘მე გეი ვარ’ და მსგავსი პლაკატები პატარა ბავშვებს რომ დააჭერინეთ, ეგ, თქვენი აზრით, სწორია? არასწორი სექსუალური ცხოვრებისაკენ რომ უბიძგებთ ადამიანებს, მაგის ქადაგება დანაშაულია. აბა, ერთი მშობლებს შეეკითხეთ, რას გეტყვიან...”

მალე რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირებმა იმატეს, მათ ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს, გვერდით თანამოაზრეები - მათ შორის, ქუჩაში გამვლელებიც - ამოიყენეს და აქციის მონაწილეებს გავლის საშუალება აღარ მისცეს. დაპირისპირებაც, პირობითად ”სიყვარულის სახელით”, ამ დროს დაიწყო.

”მამაოს კურთხევით, მშვიდად და წყნარად იყავით”...
”ძირს ლგბტ! ძირს გეები!”’
”შენთვის იბრძოდა აღმაშენებელი? სარკეში ჩაიხედეთ”...
” ჩვენ თქვენი მართლმადიდებელი ძმები ვართ”...
”რასაც თქვენ აკეთებთ, ცოდვაა. სახლში რაც გინდათ, ქენით”...

სიტყვიერი შელაპარაკება მალე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პრაქტიკულად სასულიერო პირების და მათთან მყოფი ადამიანების ალყაში აღმოჩნდნენ. სალამძღავ სიტყვებს მათი მისამართით არც უბრალო გამვლელები იშურებდნენ. ლგბტ ჯგუფის წევრები და მათი მეგობრები კი დახმარებისათვის პოლიციაში რეკავდნენ. პატრული დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა და ჯერ აქციის ერთი მონაწილე დააკავა, მას შემდეგ კი, რაც მეორემ გზის გადაკეტვა სცადა, კიდევ ორი მონაწილე წაიყვანა პატრულის მანქანით.

როგორც იქცევა ხოლმე ჩვენი მოსახლეობის ექსტრემისტული ნაწილი, ვინც თავს მორწმუნეებს უწოდებს, დღესაც ისე მოიქცა - აგრესიულად ...
ეკა აღდგომელაშვილი
დაახლოებით ერთ საათში სამივე დაკავებული გამოუშვეს, თუმცა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელმა ეკა აღდგომელაშვილმა პოლიციის მუშაობა არაეფექტურად შეაფასა, ხალხის რეაქცია კი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

”როგორც იქცევა ხოლმე ჩვენი მოსახლეობის ექსტრემისტული ნაწილი, ვინც თავს მორწმუნეებს უწოდებს, დღესაც ისე მოიქცა - აგრესიულად. ეს მოულოდნელი არც ყოფილა, მაგრამ პოლიცია ხომ ქვეყანაში იმისთვის არსებობს, რომ ასეთი ფაქტები აღკვეთოს და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს?!”

აქციის ორგანიზატორებმა მასში მონაწილეთა უსაფრთხოებისათვის აქცია შეწყვიტეს. თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ, ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ”იდენტობის” სახელით, საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შევიდა, რომლითაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე მომხდარი ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.

მანამდე კი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ”საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებებითა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება ნებისმიერი სახის სიძულვილისგან და სადაც ყველა თანასწორი იქნება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG