Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰომოსექსუალისტთა“ შეთქმულება


ღრმა ბავშობიდან დაშინების ორი ფორმულა დამამახსოვრდა, რომელიც ეზოში თუ ქუჩაში, შემდეგ კი სკოლაშიც არაერთხელ მსმენია. პირველი ეხებოდა „მორფინისტებს“, რომლებიც თურმე ბნელ სადარბაზოებსა და ეზოებში იყვნენ ჩამალულები და შპრიცმომარჯვებულები ელოდნენ თავიანთ მსხვერპლთ, რათა მორფის შეშხაპუნებით სხვებიც გაემორფინისტებინათ.

ღრმა ბავშობიდან დაშინების ორი ფორმულა დამამახსოვრდა.

მეორე „გაფრთხილება“ უკვე თბილისის 67-ე სკოლაში შესვლისას მივიღე, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა და მას „ებრაულ“ სკოლასაც ეძახდნენ. 6 წლის ასაკში გავიგე, რომ არსებობენ ებრაელები, რომლებიც თურმე ქრისტიან ბავშვებს იტაცებენ, კლავენ და მათი სისხლისგან მაცას ამზადებენ.

ჩემი სტუდენტობისას (1988-1993) უკვე არა დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვები, არამედ ზრდასრული და ცნობილი ქართველი ადამიანები – „საზოგადო მოღვაწეები“ და ინტელიგენტები, ყოფილი საბჭოთა ფუნქციონრები და დისიდენტები, მღვდლები და მათი ახლადგასამწყსოებული „მორწმუნენი“ – ერთხმად ალაპარაკდნენ ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებებზე. საქართველოს საფრთხე თანაბრად ემუქრებოდა კრემლისა და ქემალისტური თურქეთისაგან, მასონებისა და სექტანტებისგან, „აფსუა სეპარატისტებისა“ და „ოსი ექსტრემისტებისაგან“, ადგილობრივი და საზღვარგარეთ მცხოვრები სომხებისაგან... ყველა ამ შეთქმულს ერთი მიზანი ამოძრავებდა: ქართველი ერის ჭეშმარიტების გზიდან აცდენა და გადაგვარება!

90-იანი წლების გარიჟრაჟზე კი საქართველო ახალი მტრის აღმოჩენას შეუდგა „ჰომოსექსუალისტების“ სახით. განსხვავებით ყველა სხვა კატეგორიის შეთქმული მტრისგან, ისინი არიან ადგილობრივი, საკუთარი ერის წარმომადგენლები, რომლებიც, ალბათ ეშმასა და სატანასთან უშუალო წილნაყრობით, უმწიკვლო ქართველი ერის გარყვნა-გადაგვარებას ლამობენ. უკანასკნელ წლებში კი ჰომოფობია, შეიძლება ითქვას, რომ მთავარ ქართულ, თანაც სრულიად ზეპარტიულ სოციალურ ფობიადაც იქცა, რომელშიც თანაბრად არიან ჩართულნი მორწმუნეებიც და ურწმუნოებიც, ტრადიციონალისტებიც და „ლიბერალებიც“, მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც – ყველა თავისებურად, თავის ენასა და ტერმინოლოგიაზე ავლენს და გამოხატავს თავის სიძულვილსა თუ ანიმალურ შიშს „ჰომოსექსუალისტების“ მიმართ. ჰომოფობია, შეიძლება ითქვას, ქართველთა ერთობის ერთადერთ ფაქტორადაც იქცა. ამ ერთ საკითხში ყველა თავისებურად თანხმდება და მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა ხშირად მხოლოდ ტერმინოლოგიურ დებატებამდე დაიყვანება. თუ ტრადიციონალისტებისა და მორწმუნეებისათვის ჰომოსექსუალობა
ადამიანის სექსუალური „სიჯანსაღე“, მისი ორიენტაციის „ნორმალურობა“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სექსუალური გემოვნების სასარგებლოდ და არა მის წინააღმდეგ არჩევანია.

ცოდვაა, რომელიც „ლოცვის გაძლიერებით“ უნდა აღმოიფხვრას, „ლიბერალები“, მთელი მათი ლიბერალურობის ორიენტაციისა და ხარისხის მიხედვით, რაციონალური და პრაგმატული არგუმენტებით განსჯიან: „ისინი“ – ანუ ჰომოსექსუალები არ არიან არც დამნაშავეები და არც საზოგადოებრივად სახიფათო ელემენტები. რა მათი ბრალია, რომ ასეთებად დაიბადნენ?! მათ ხომ არჩევანის საშუალებაც არა ჰქონიათ?! ეს ხომ მათ არ აურჩევიათ? მათშიც არიან ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი, მათაც შეუძლიათ სიყვარული და ერთგულება, მაღალი ზნეობა და სიქველე... ბოლოს და ბოლოს, უმცირესობებზე, როგორც ეგზოტიკურ მცენარეებზე ზრუნვა ხომ ლიბერალიზმის ამოსავალი პრინციპია, რომელიც გრანტებითა და ინვესტიციებითაც გვამდიდრებს!

საბოლოო ჯამში, ტრადიციონალისტურ და ლიბერალურ ჰომოფობიაში არსობრივი სხვაობა არ არის: ორივესათვის არსებობს „ჩვენ“, ანუ „ნორმალურები“ და „ისინი“ – საძულველი თუ საყვარელი უმცირესობა, რომლის არსებობას უმრავლესობას საკუთარი უმრავლესობის ძალით ტკბობისა და ამ ძალასთან იდენტობის საშუალებას აძლევს. განსხვავება კი ამ „სხვათა“ მიმართ დამოკიდებულებაშია: ტრადიციონალისტს სჭირდება უმცირესობა, რომელზედაც იძალადებს „თავის თემობის წესითა“ და ამით საკუთარი უმრავლესობასთან თვითიდენტიფიკაციით განხორციელდება. „ლიბერალი“ კი სიამაყითაც იტყვის, რომ ის იმდენად ტოლერანტია, რომ თვითონ კი ჰეტეროსექსუალია, მაგრამ მას ჰომოსექსუალებთან მეგობრობაც შეუძლია და ოსკარ უაილდსაც სიყრმითგან ეტრფოდა. პირველი თუ კრძალავს და ებრძვის, მეორე მის ჩარჩოებში ჩასმას და სტიგმატიზაციას ცდილობს. დასაშვები და მისაღები ის მხოლოდ გარკვეულ სივრცეში, გარკვეულ და მკაცრად განსაზღვრულ „ტოლერანტობის“ წესებსა და საზღვრებშია.

ჩემი აზრით, ლიბერალური ჰომოფობია ბევრად უფრო დიდი თვალთმაქცობა და გროტესკია, ვიდრე ანიმალურ ინსტინქტებზე აგებული ირაციონალური ზიზღი და სიძულვილის იდეოლოგიები, რომლებსაც არც არანაირ ჰუმანიზმსა და ამაღლებულ იდეალებზე არა აქვთ პრეტენზია. ლიბერალური ჰომოფობია კი, რომელიც ხშირად არარეფლექტურობისა და სააზროვნო დიაპაზონის სივიწროვის შედეგიცაა, თავად თავისუფლების იდეის კარიკატურას ქმნის და თავად ამ იდეას ავულგარულებს. წარმოვიდგინოთ ფროიდი ან აინშტაინი – XX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ინტელექტუალები, რომლებმაც 30-იან წლებში ხმა აიმაღლეს ჰომოფობიის წინააღმდეგ და ჰომოსექსუალთა ავადმყოფებად, კრიმინალებად, ცოდვილებად თუ ამორალურებად შემრაცხავი ყველა კანონისა თუ დებულების გაბათილება მოითხოვეს, საკუთარი სიტყვა იმაზე საუბრითა და ხაზგასმით რომ დაეწყოთ, რომ, იცით, ჩვენ კი „ისეთები“ არა ვართ, პირიქით, ჭეშმარიტი ჰეტეროსექსუალები ვართ, მაგრამ მაინც არ მოგვწონს, რომ საბრალო ჰომოსექსუალებს ჩაგრავენ...

ადამიანი ინდივიდად მაშინ იბადება, როდესაც ის ჯოგურ აზროვნებასა და ცხოვრებას, თუ საჭიროა აჯანყების ფასადაც, მაგრამ არა ბოდიშის მოხდითა და თავის მართლებით, ემიჯნება.

აინშტაინი, ფროიდი და XX საუკუნის მრავალი სხვა მოაზროვნე სწორედ იმ დროს დაუპირისპირდა ჰომოფობიას, როდესაც თითქმის ერთდროულად სტალინის საბჭოთა კავშირსა და ჰიტლერის გერმანიაში ჰომოსექსუალობა კანონით აიკრძალა. ევროპულ ფაშიზმებში ჰომოფობიის ერთ-ერთი მთავარი თეორიული ბაზისი ფსევდომეცნიერება ევგენიკა იყო, რომელიც ადამიანების „ნორმალურებად“ და „ნაკლოვანებად“, „ლამაზებად“ და „მახინჯებად“, „ჯანმრთელებად“ და „ავადმყოფებად“ დაყოფა-დახარისხებას ეფუძნებოდა. რადგანაც ჰომოსექსუალობა „განკურნებას“ არ ექვემდებარება, რადგანაც მას, როგორც კანის ფერს ან გარეგნობას არ ირჩევ, ის შენს ნებას არ გამოხატავს – ფაშიზმისათვის ეს უკვე ასეთი უკურნებლების განადგურების სანქცია იყო.

ფაშიზმისგან განსხვავებით, საბჭოური ჰომოფობია ადამიანთა იმ უმცირესი კატეგორიის ჩაგვრისა და დისკრიმინაციისაკენ იყო მიმართული, რომლებიც ისეთები არ არიან, როგორც ყველანი, ანუ ერთგვარი „კონტრრევოლუციური“ ელემენტი, რომლის არსებობაც ერთსახოვანი უმრავლესობის ღირსებას ლახავს. უმცირესობის გამოჩენა უმრავლესობის მიერ „თავის თემობის წესითა“ დასაკუთრებულ საჯარო სივრცეში უკვე უმრავლესობის უფლებაზე თავდასხმის ტოლფასია. ამ ლოგიკით, უმრავლესობის წმინდათა წმინდა უფლება უმცირესობის ჩაგვრაა. როდესაც ყოფილ საბჭოთა პოლიტპატიმარს „ჰომოსექსუალიზმი“ სძულს, მაგრამ თავი კი ადამიანის უფლებათა დამცველი ჰგონია, რადგანაც ერთ დროს თავად იყო რეჟიმის მსხვერპლი, საკუთარ თავზე იწვნია რეპრესიები, ეს მისთვის ჭეშმარიტების ფლობის თავისთავად ცხადი არგუმენტია. მაგრამ საბჭოთა დისიდენტების საკმაოდ დიდ ნაწილს ვერ გაუცნობიერებია, რომ სწორედ მისი აზროვნება და სტერეოტიპებია იმ ტოტალიტარული სისტემის პროდუქტი, რომელსაც ერთ დროს ის თავად უპირისპირდებოდა. ჰომოფობია, რომელიც მისგან გამოსჭვივის, მას სტალინისაგან აქვს ნასწავლ-ნამემკვიდრევი და საკუთარი ჰომოფობიით ის სტალინიზმს აცოცხლებს და იცავს.

ჰომოსექსუალური ცხოვრება, ისევე, როგორც ჰეტერო-, ბი- თუ ტრანსსექსუალობა, ადამიანის პირადი არჩევანი, მისი ნების თავისუფლების გამოხატულებაა. უმრავლესობის მიერ არმიღებული და არშეწყნარებული ცხოვრების ფორმის არჩევა, თანაც არათავისუფალ და არალიბერალურ საზოგადოებებში, რომელთა ერთ-ერთი ნიმუშიც საქართველოა, ყოველთვის დიდ პიროვნულ გაბედულებასთან და ნების სიმტკიცესთანაა დაკავშირებული. ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანის საშუალება – გაჰყვეს საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებს, გაბედოს ისეთად ყოფნა, როგორიც არის, ან უარი თქვას საკუთარ ინდივიდუალურ და განუმეორებელ სახეზე და თავისუფლებისგან გაქცევით უმრავლესობაში აითქვიფოს და წაიშალოს, ერთხელ ნაბოძები სიცოცხლე სხვისი, მისთვის სიამოვნებისა და სიხარულის არმომტანი ცხოვრებით იცხოვროს. ნებისმიერი სახის „პროპაგანდა“, რომელიც ადამიანს დაეხმარება, გაბედოს, რომ თავისი ცხოვრება და საქმიანობა საკუთარ და არა უმრავლესობის მიერ თავსმოხვეულ სურვილებსა და ინტერესებს შეუსაბამოს, მხოლოდ მისასალმებელი და ყველაზე მეტად ჰუმანურია.

დაბოლოს, დღემდე ჰომოსექსუალობის წარმოშობის არანაირი ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც თეორიათა უმრავლესობა თანხმდება, არის ყოველი ადამიანის პირველადი, ანუ პოტენციური ბისექსუალობა, რომელიც შემდგომში ჰეტერო-, ჰომო- თუ ბისექსუალობის ფორმად ვითარდება. ზოგი საკუთარ სექსუალურ გემოვნებასა თუ მიდრეკილებას სქესობრივი მომწიფებისთანავე პოულობს, ზოგი უკვე ზრდასრულ ასაკში. ადამიანის სექსუალური „სიჯანსაღე“, მისი ორიენტაციის „ნორმალურობა“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სექსუალური გემოვნების სასარგებლოდ და არა მის წინააღმდეგ არჩევანია, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ის უმრავლესობისათვის. ადამიანი კი ინდივიდად მაშინ იბადება, როდესაც ის ჯოგურ აზროვნებასა და ცხოვრებას, თუ საჭიროა აჯანყების ფასადაც, მაგრამ არა ბოდიშის მოხდითა და თავის მართლებით, ემიჯნება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG