Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინის ექსპორტის ტენდენციები


რუსეთი განაგრძობს ქართული ღვინის ექსპორტში წამყვანი პოზიციების დაკავებას. დღეის მონაცემებით, მას ღვინის ექსპორტში უკვე 66 პროცენტი უკავია. ცხადია, დადებითი ეფექტის გარდა, ეს შეიცავს საფრთხეებსაც, რაც ამ ბიზნესის რუსეთის ბაზარზე ზედმეტი დამოკიდებულებით შეიძლება გამოიხატოს. რამდენად რეალურია ეს საფრთხე, როგორია არსებული სტატისტიკა და როგორი სტრატეგიით ხდება ღვინის საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის ზრუნვა საქართველოში?

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 6 თვეში (იანვარ-ივნისი) მსოფლიოს 34 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 26 მილიონ ბოთლზე მეტი შეადგინა, რაც 136%-ით მეტია, წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი, სადაც რუსეთი ლიდერობს 66%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში.

ამასთან, წლის პირველ ნახევარში ბრენდის ექსპორტმა 10 ქვეყანაში დაახლოებით 5.5 მილიონი ბოთლი შეადგინა. ბრენდის ექსპორტი თანხაში 20 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 3 მილიონი ბოთლი, მეორე ადგილს, 2 მილიონი ბოთლით, რუსეთი იკავებს.

2014 წლის პრიორიტეტულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანია საქართველოს ღვინის სააგენტომ შემდეგი პრინციპით დაგეგმა: ცნობადობის ამაღლება, მომხმარებელთა ინფორმირება და სწორი აღქმა, პროდუქტის დეგუსტაცია და ლოიალური სეგმენტის შექმნა.

სტრატეგიულ ბაზრებად დასახელდა შემდეგი ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, აშშ, პოლონეთი, ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

აღნიშნულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციონირება ხდება ღვინის ენთუზიასტებისთვის, პროფესიონალებისთვის, ნოვატორებისთვის და გურმანების სეგმეტში, რომელთა ასაკია 25 წელი და ზევით. კონკრეტული უპირატესობებია ქართული აბორიგენული ჯიშები და სიახლე საექსპორტო ბაზრებზე, ღვინის დაყენების უნიკალური ქვევრის მეთოდი, კულტურული ვაზის 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია და განსხვავებული, მიმზიდველი ტურისტული ადგილმდებარეობა. ქართული ღვინის ძირითად კონკურენტებად გამოიყოფა: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრალია და ჩილე.

საინტერესოა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ლოკომოტივის როლი სააგენტომ რუსეთის ბაზარს მიანიჭა. რამდენად სწორი იყო ეს გათვლა, ამას ასოცირების ხელმოწერის შემდეგ რუსეთში ბაზრის ღიაობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გაგვცემს პასუხს.

დასავლეთ ევროპაში წამყვანი ქვეყნის ფუნქცია სააგენტომ დიდ ბრიტანეთს მიანიჭა, როგორც აღნიშნულ სფეროში მოდის განმსაზღვრელსა და ღვინის უდიდეს იმპორტიორ ქვეყანას, და აგრეთვე პოლონეთს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ბაზარს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელშიც ქართული ღვინისა და, ზოგადად, საქართველოს ცნობადობა და პოზიტიური აღქმის ხარისხი დღითი დღე იზრდება.

ჯერჯერობით ე.წ. „წამყვან“ ქვეყნებში - რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში - ღვინის ექსპორტი იზრდება. რამდენადაც დივერსიფიცირებული იქნება ეს ბაზარი, მით მეტია ღვინის მრეწველობის სტაბილური განვითარების შანსი საქართველოში. თუმცა მოახერხებს თუ არა ამ დივერსიფიცირების შენარჩუნებას, ამას უახლოესი წელი გვაჩვენებს.

XS
SM
MD
LG