Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთში აღინიშნა


ღვინის ექსპორტის მონაცემებში საექსპორტო ქვეყნების სამეულში უკვე ძალიან მყარად იკავებს ადგილს ჩინეთი. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა 2016 წლის სადღეისო შედეგები, რომლის თანახმადაც, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 მილიონ 156 ათასი ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 42 %-ით აღემატება.

თუმცა სტატისტიკა იმასაც მოწმობს, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება შემცირებულია. კერძოდ, 42 %-იანი რაოდენობრივი ზრდის პირობებში, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16 %-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. კერძოდ, ჩინეთში გაიზარდა 184 %-ით, უკრაინაში - 75 %-ით, ბელორუსში - 47 %-ით, რუსეთში - 45 %-ით, პოლონეთში - 34%-ით, ესტონეთში - 39 %-ით, ყირგიზეთში - 107 %-ით, აშშ-ში - 10 %-ით, იაპონიაში - 12 %-ით, დიდ ბრიტანეთში - 65 %-ით, ლატვიაში - 9 %-ით და სხვა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი - 14 664 610 ბოთლი, ჩინეთი - 3368 361, უკრაინა - 3 042 192, ყაზახეთი - 2 287 826 და პოლონეთი - 1 367 960.

როგორც ღვინის სააგენტოში აღნიშნავენ, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 მილიონ 805 ათასამდე ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31 %-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,03 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისა - ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 %-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 108,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 8 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 82 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

XS
SM
MD
LG