Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორს ევროპის მოედანი არ ექნება - სტალინისტების სიხარული


გორი
გორი

გორის ცენტრალურ მოედანს ევროპის სახელი არ დაერქმევა. ეს გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის სხდომაზე მიიღეს. ინიციატივით კომისიას საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ თედლიაშვილმა მიმართა და სტალინის ქუჩაზე არსებული უსახელო მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭება მოითხოვა, გარდა ამისა, იგი ქარხნის ქუჩისთვის ანა სოლოღაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივითაც გამოვიდა. კომისიამ თედლიაშვილის ინიციატივა დაიწუნა. შესაბამისად, საკითხი არც საკრებულოს სხდომაზე გავა და არც საქართველოს მთავრობის სახელდების კომისიას გაეგზავნება. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი არ არის და მასში მონაწილეობა ქალაქის საზოგადოებასაც უნდა მიეღო.

კომისიის გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად კომუნისტები და სტალინისტები ხარობენ. მათი აზრით, ქალაქის ხელმძღვანელებმა ამ გადაწყვეტილებით დაამტკიცეს, რომ სტალინს პატივს სცემენ. ნაზი სტეფანიშვილი დიდი ხანია კომპარტიის წევრია. სტალინის სიყვარულის გამო მან სახლში ბელადის მცირე მუზეუმიც მოაწყო, სადაც ბიუსტები, ფოტოები და წიგნებია თავმოყრილი. სტეფანიშვილი მიიჩნევს, რომ მოედანს ხალხმა მიანიჭა სტალინის სახელი და ის არ უნდა გადაერქვას.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 2010 წლის ივნისამდე საბჭოთა დიქტატორის 6- მეტრიანი მონუმენტი იდგა. ამ მოედანს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ავიაცია ბომბავდა. იყო მსხვერპლი. ამის შემდეგ წინა ხელისუფლებამ ძეგლი მოხსნა, მაგრამ ქუჩას სტალინის სახელი დარჩა. მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭების ინიციატორი, თამარ თედლიაშვილი, ამბობს, იმ დროს, როცა სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფო და მისი პოლიტიკური მემკვიდრეები ქალაქის ცენტრს ბომბავდნენ, ევროპა საქართველოს დახმარების ხელს უწვდიდა და გორელებმა ეს ამბავი უნდა დააფასონო.

საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ როსებაშვილის აზრით, ისტორიული კვალის წაშლა არ შეიძლება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მინდია გოდერძიშვილი კი ფიქრობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზოგადოებასთან კომუნიკაცია საერთოდ დაკარგა.

თავად იდეის ავტორი კომისიის წევრების არგუმენტებს იმის დასამტკიცებლად, რომ საკითხი საჯაროდ უნდა განიხილებოდეს, სუსტად მიიჩნევს. თედლიაშვილის თქმით, საკრებულოს წევრებს მაშინ, როცა ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმეს, საერთოდ არ გახსენებიათ საკითხის საჯარო განხილვა.

ამ საკითხზე მსჯელობა სოციალურ ქსელებშიც დაიწყო. იდეის ავტორს კომენტატორების ნაწილი აკრიტიკებდა და ლანძღავდა კიდეც, ნაწილი კი მხარდაჭერას უცხადებდა. გორის მცხოვრებთა მოსაზრებებიც ორ ნაწილადაა გაყოფილი.

ცენტრალური მოედნის სახელდების გარდა, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის. ისინი გორის მთავარ ქუჩას უკვე მარო მაყაშვილის ქუჩად მოიხსენიებენ. ეს ახალგაზრდები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებულ რეალობას მალე შეცვლიან და გორის ცენტრალურ ქუჩას საბჭოთა დიქტატორის სახელს ჩამოაცილებენ. მათ საკითხის აქტუალიზაციის სხვა გზა აირჩიეს. მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ვერაფერს შეცვლის, ამიტომ ცდილობენ ტოტალიტარიზმისა და ფაშიზმის სიმბოლოების დამდგენი კომისიის გააქტიურება გამოიწვიონ. კანონი „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ ასეთი კომისიის შექმნას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ახალგაზრდებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. კატო ქოთოლაშვილი აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში ეს საკითხი მაინც დადებითად გადაწყდება.

კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ მოქმედება საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა, რადგან არსებობს კანონი „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ, რომელიც ამ ტიპის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებათა აღმოფხვრას ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს არაერთ ქალაქსა თუ სოფელში დღემდე არსებობს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოს მატარებელი ელემენტები, მათ შორის, სტალინის არაერთი ძეგლი და ბიუსტი დგას არამარტო გორის მუნიციპალიტეტში. გორის ცენტრალური გამზირი სტალინის სახელობისაა და ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სწორედ კანონის მოთხოვნების აღსრულებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG