Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულო - „აბსურდის თეატრი“


გორის საკრებულოს ბიუროს სხდომა
გორის საკრებულოს ბიუროს სხდომა

გორის საკრებულოს ბიუროს სხდომა საკრებულოს წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველისგან თანამშრომლების გათავისუფლების გამო ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ. გორის საკრებულოში ხმაური დილიდან დაიწყო.

საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატის ხუთი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა და ბრძანებაში მოტივად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ჩაწერა. გათავისუფლებულ თანამშრომლებს მერიისა და საკრებულოს მოხელეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს, ილია მეტრეველმა კი თავისივე გადაწყვეტილება რამდენიმე საათში შეცვალა და გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინა. ამასობაში საკრებულოს შვიდმა წევრმა რიგგარეშე საკრებულოს სხდომის მოწვევისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით განცხადება დაარეგისტრირა. ჯერ გათავისუფლებული და შემდეგ სამსახურში აღდგენილი ანა პაპელიშვილი აცხადებს, რომ გათავისუფლებაც და აღდგენაც აბსურდული მოტივით მოხდა.

ბიუროს სხდომა კი ხმაურით დაიწყო.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამარ თედლიაშვილმა პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა დატოვა, მის პროტესტს საკრებულოს სხვა წევრებიც შეუერთდნენ, ბიუროს სხდომა კი ჩაიშალა.

მეტრეველი საკრებულოს წევრებს პასუხს არ სცემდა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური კონსულტაციის შემდეგ მიიღო. იგი არ ასახელებდა, ვისთან გამართა მოლაპარაკებები.

საკრებულოს წევრმა პაპუნა კობერიძემ მეტრეველს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა და საკრებულოში შექმნილ ვითარებას აბსურდის თეატრი უწოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მინდია გოდერძიშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილის „ქართული პარტია“ და „ქართული ოცნება“ გარიგებულები არიან, რაც თავმჯდომარეს ყველაფრის კეთების უფლებას აძლევს. მისი აზრით, ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

დღის ბოლოს უკვე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს სამმა წევრმა თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე შეტანილი განცხადება უკან გაიწვია ისე, რომ მიზეზი არ აუხსნიათ. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენება საკრებულოს ერთ მესამედს, ესე იგი 5 კაცს, შეუძლია, ხელმომწერებს შორის კი მხოლოდ 4 ადამიანი დარჩა. შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგში ვეღარ მოხვდება და ილია მეტრეველისთვის უნდობლობის გამოცხადება არ შედგება. საკრებულოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტია“ და პარტია „ქართული ოცნება“ გორში ალიანსში არიან.

XS
SM
MD
LG