Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოში საიმპიჩმენტო პროცედურა მეორედ დაიწყო


გორის საკრებულოში მორიგი საიმპიჩმენტო პროცედურა დაიწყო. საკრებულოს წევრების ოპოზიციური ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 4 კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს. შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს აპარატში უკვე შევიდა. საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თამარ თედლიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სამართლებრივად მათ არგუმენტების დასახელება არ ევალებოდათ და ამას საკრებულოს სხდომაზე გააკეთებენ.

ქალაქის საკრებულოში საიმპიჩმენტო პროცედურა გასული წლის აგვისტოშიც დაიწყო, მაგრამ საქმე კენჭისყრამდე არ მისულა, რადგან ოპოზიციამ მოთხოვნა უკან გაიტანა. იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების დაგროვება ვერ ხერხდებოდა, კენჭისყრაზე საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში კი იმავე მოთხოვნას 3 თვის განმავლობაში ვეღარ დააყენებდნენ. გასულ წელს ოპოზიცია, საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად, მერის იმპიჩმენტსაც მოითხოვდა, თუმცა ამჟამად ეს მოთხოვნა გაქრა. მერის გადასაყენებლად 15-კაციან საკრებულოში 10 მომხრეა საჭირო. საიმპიჩმენტო პროცესი საკრებულოში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა. პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, იოსებ ფალელაშვილმა, ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობა და პარტია ერთდროულად დატოვა. ამის შემდეგ ისედაც უმცირესობაში მყოფ მმართველ კოალიციას საკრებულოში 5 წევრი დარჩა. ფალელაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება პარტიაში არსებული უსამართლობით ახსნა.

მისი გადაწყვეტილება მისივე თანაგუნდელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით გაღიზიანდა გორში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი. მისი თქმით, ფალელაშვილის წასვლით პარტია იწმინდება და ბევრი არაფერი დაუკარგავთ.

ფალელაშვილსა და ზურაბიშვილს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ორი ლიდერის დაპირისპირების გამო პარტია „ქართული ოცნება“ გორში პარტიულ კონფერენციას ვერ ატარებს, რადგან ზურაბიშვილის თავმჯდომარეობას ფალელაშვილი ეწინააღმდეგებოდა. შიდაპარტიული დაპირისპირების დროს ფალელაშვილი და ზურაბიშვილი საკრებულოს სხდომებზე ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებდნენ, პარტია კი მათ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაიყო. ფალელაშვილის პარტიიდან წასვლამ ოპოზიცია კვლავ გაააქტიურა. საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება, მმართველ კოალიციას აქამდეც დაკარგული ჰქონდა უმრავლესობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მინდია გოდერძიშვილის აზრით, ფალელაშვილი იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა. მისი აზრით, მმართველი კოალიცია საქმის კეთების ნაცვლად დროს და ენერგიას შიდაპარტიულ კინკლაობაზე ხარჯავს.

მართალია, მმართველ კოალიციას უმრავლესობა დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ვერც ოპოზიცია ახერხებდა თემატური უმრავლესობის შექმნას, რადგან „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენლები ხშირად თავს იკავებდნენ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან - ისინი კომისიების ხელმძღვანელებიც იყვნენ და ამიტომ კოალიციის წარმომადგენლები თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. დღევანდელი საიმპიჩმენტო პროცედურით კი კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა: ახალმა ოპოზიციურმა ჯგუფმა იმ კომისიების თავმჯდომარეების იმპიჩმენტიც მოითხოვა, რომლებსაც ლეიბორისტები და „ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ და ამით მათგან გამიჯვნა დაიწყო. ახლა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 5 წევრი ჰყავს. 8 კაცი გროვდება „ქართული პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“, ნაციონალებისა და უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის იოსებ ფალელაშვილის სახით, რაც 15-კაციან საკრებულოში საიმპიჩმენტო პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საკმარისია.

XS
SM
MD
LG