Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორელოვკა - სოფელი ფოტოებში


10 დეკემბერს თბილისში გაიმართა გამოფენა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის პროექტისა „სოფლის ფოტოკლუბი - გორელოვკა“. გამოფენაზე ფოტოკლუბის გორელოვკელმა წევრებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ექვსთვიანი პროექტი, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა, დასასრულს მიუახლოვდა, ნათელა გრიგალაშვილი იმედოვნებს, რომ გორელოვკაში სოფლის ფოტოკლუბი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. ამის იმედი აქვთ გორელოვკელ ახალბედა ფოტოგრაფებსაც.

გორელოვკაში არასდროს ვყოფილვარ. იქაური, ინტერნეტში გაბნეული, ფოტოები კი მინახავს. აი, მაგალითად, ცისფერი, ხის რიკულებიანი, რუსულ-უკრაინულ ყაიდაზე ნაშენები კოპწია სახლი. თხელი ფუნჯით მოხატული დარაბები, ფერადი ძაფებით მოქარგული სუფრები, წინსაფრები, თავსაფრები და ხელსახოცები, სამოვრები, ბლინები და, რაც მთავარია, ელექტროგადამცემ ბოძებზე დაბუდებული წეროები. აი, მე ასეთი გორელოვკა მინახავს ფოტოებზე - გორელოვკა, რომელიც რუსეთიდან გადმოსახლებული დუხობორების რელიგიურმა დაჯგუფებამ მე-19 საუკუნის შუა წლებში დააარსა; გორელოვკა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის რაიონში მდებარეობს. 90-იანი წლებიდან დუხობორების უმეტესობამ საქართველო დატოვა. თუმცა გორელოვკაში ისევ არიან დუხობორები. ისევ დგას ფუნჯით მოხატული სახლები. წეროებიც ისევ იშენებენ ელექტროგადამცემ ბოძებზე ბუდეებს.

გორელოვკა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ფოტოებშიც მინახავს. ეს სხვანაირი გორელოვკაა. ჭორფლიანი გოგოსა და მზისგან გაშავებული მამამისის პორტრეტები. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი დუხობორი, ანუ სულისთვის მებრძოლი ქალები - ქალები, რომლებიც ირეალური სამყაროდან გადმოსულ ადამიანებს უფრო ჰგვანან, ვიდრე თბილისიდან სამი-ოთხი საათის სავალზე მცხოვრებ ადამიანებს. ნათელა გორელოვკის ხშირი სტუმარია. იმათი ცხოვრების წესი, იმათ ტრადიციები, ყოველდღიურობა კარგად შეისწავლა და გორელოვკაში სოფლის ფოტოკლუბის გახსნაც გადაწყვიტა. სოფლებში ფოტოკლუბების გახსნის იდეა ნათელას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაუჩნდა. ეს, ალბათ, ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარეო, მეუბნება ნათელა, რომელიც სოფელში დაიბადა და მხატვრობის სიყვარული ნელ-ნელა ფოტოგრაფიის სწავლის სურვილში გადაეზარდა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ სოფელში, იმ გარემოში, სადაც ის ცხოვრობდა და სადაც, ფოტოაპარატიც კი უცხო ხილი იყო, ბევრს ვერაფერს ისწავლიდა. ასე ფიქრობს ახლაც და სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებს, ვისაც ფოტოგრაფია უყვარს და სოფლებში ცხოვრობენ, ფოტოგრაფიის შესწავლის საშუალება მისცა.

ცოტა რთული რეგიონია. არის უნდობლობა. დავდიოდი ოჯახ-ოჯახ, სკოლებში. ვუხსნიდი რას ნიშნავდა ეს ფოტოკლუბი. მიწევდა მათი სახლებიდან გამოყვანა. ისინი საკმაოდ მძიმე გარემოში ცხოვრობენ. უამრავი ყოფითი პრობლემები აქვთ...
ნათელა გრიგალაშვილი

ასე შეიქმნა რამდენიმე თვის წინ გორელოვკაში სოფლის ფოტოკლუბი, სადაც ქართველი, სომეხი და რუსი სხვადასხვა ასაკის 12 ადამიანი ფოტოგრაფიის სწავლის სურვილმა გააერთიანა. მათგან ყველაზე უმცროსი 15 წლის თამარია, ყველაზე უფროსი კი - 62 წლის მაშა. არ ყოფილა ადვილი მათი შეკრება:

„ცოტა რთული რეგიონია. არის უნდობლობა. დავდიოდი ოჯახ-ოჯახ, სკოლებში. ვუხსნიდი რას ნიშნავდა ეს ფოტოკლუბი. მიწევდა მათი სახლებიდან გამოყვანა. ისინი საკმაოდ მძიმე გარემოში ცხოვრობენ. უამრავი ყოფითი პრობლემები აქვთ. მძიმე შრომაში არიან ჩაბმულები. და მათ ამ კლუბის და ფოტოგრაფიის მეშვეობით აღმოაჩინეს, რომ მათ გარშემო არსებობს მშვენიერი სამყარო. ჩემი ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო. ისინი შორს არსად მიდიოდნენ, ისინი თავიანთ ჩვეულებრივ ცხოვრებას იღებდნენ. მათ დაინახეს, რომ თურმე მათ ახლოს არსებობს მშვენიერი სამყარო. სოფელ გორელოვკაში ამჟამად არაფერი არ ხდება. არის სამი სკოლა და რამდენიმე მაღაზია. ამიტომ მე ვიფიქრე, რომ მათთვის დიდი დახმარება იქნებოდა, თუკი ისწავლიდნენ ფოტოგრაფიას. ჩავდიოდი თვეში ერთხელ, თითო კვირით. შევიძინეთ ფოტოაპარატები და ერთობლივად დავდიოდით გადაღებებზე“, - ჰყვება ნათელა.

ნათელა გრიგალაშვილი
ნათელა გრიგალაშვილი

ნათელა იმ ბიჭზე მიამბობს, რომელსაც ფოტოკლუბში მისვლა დააგვიანდა და მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხა კლუბს, როცა ჯგუფი შევსებული იყო. ყოველ დილით მიდიოდა თურმე ნათელასთან და ჯგუფში ჩართვას სთხოვდა. ერთ დილასაც, ნათელამ მისცა ფოტოაპარატი და უთხრა, წადი, გადაიღე ფოტოები და თუ მომეწონება რომელიმე, იარე ჩვენს კლუბშიო. დღის ბოლოს ბიჭმა ნათელას ფოტოები მიუტანა. უბრალოდ ფოტოები არა, ძალიან კარგი ფოტოები. ეს ბიჭი ზებურია. ზებური დავლაძე, 16 წლის. ის ახლა თბილისში, ფოტოკამერაგადაკიდებული, კედელზე ჩამოკიდებულ თავის ფოტოსთან დგას და შორიდან აკვირდება გორელოვკას ფოტოკლუბის გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს. ეს მისი პირველი ინტერვიუა და ნამზეურ სახეზე ეტყობა, რომ ნერვიულობს. პირი უშრება. სოფლის სურნელი დაჰკრავს - ცოტა შეშის, ცოტა ნახირის. ბეჭებში იმართება, ფოტოკამერას ისწორებს და ზუსტად იმ ინტონაციით, როგორითაც სკოლის მოსწავლეები გაკვეთილს ჰყვებიან ხოლმე, თავისი ამბის მოყოლას იწყებს - რას იღებს, როგორ იღებს, ვის უღებს ფოტოებს:

გამოფენა
გამოფენა

„ნათელა რომ ჩამოვიდა, იმწუთას რაღაც პრობლემები მქონდა, ბებია გარდამეცვალა და ვერ მივედი. რო მივედი, მითხრა, არ არის ადგილიო. რამდენიმე დღე დავდიოდი და მერე ფოტოაპარატი მომცა და გადავიღე ფოტოები და გამიმართლა. დილაობით ადრე ვდგები, გაკვეთილებს ვიმეორებ, მასწ., და სკოლაში მივდივარ. ჩემებსაც ვეხმარები სახლში, მასწ., ადამიანების გადაღება მიყვარს, პორტრეტების. დედასაც ვუღებ ხოლმე ფოტოებს, მაგრამ არ უყვარს ფოტოების გადაღება ხოლმე, მაგრამ მაინც ვუღებ. გარბის ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვახერხებ გადაღებას“, - ამბობს ზებური.

ზებურის მაშინ ავიწყდება მიკროფონის შიში და „მასწ“-იდან მეც მისნაირ ადამიანად მაშინ ვიქცევი, როცა ის კედელზე გამოკიდებულ თავის ფოტოებს მათვალიერებინებს. ის თავისნაირ ბიჭებს იღებს, თავის მეგობრებს. მწვანე მინდორზე ბიჭი ყირაზე გადადის. იქით, მეორე ფოტოზე, ველოსიპედიანი ბიჭი მოჩანს. მოსწონთ მეგობრებს ჩემი ფოტოებიო, უხარია ზებურის.

ვიღებ ფოტოაპარატს და მინდორში გავდივარ. იმდენი ახალი რამ გავიგე, ისეთი საინტერესოა. ამ სოფელში დავიბადეთ, გავიზარდეთ, მაგრამ ჩვენი მხარე არ გვცოდნია. დავდივარ ხოლმე და, ამ მინდვრების შემხედვარე, ბავშვობას ვიხსენებ, როგორ ვცხოვრობდით...
მარია ბელოუსოვა

62 წლის მაშა, ანუ მარია ბელოუსოვა, ზუსტად ისე ზის საგამოფენო დარბაზში, კედელთან, პატარა სკამზე, როგორც თავისი კოპწია სახლის წინ, ხის სკამზე, მუხლებზე ხელებდაწყობილი, ბეჭებში გამართული, გზისკენ მომზირალი. მაშას კალთაში ფოტოკამერა უდევს. ნამზეური ხელებით მაგრად აქვს ჩაბღუჯული. ლოყები წითლად უელავს. თმა უკან, კეფაზე აქვს აკრული. ცისფერი თვალები უციმციმებს. მაშა ფოტოკლუბის ყველაზე ხანდაზმული წევრია. მაშა გორელოვკაში დაიბადა. ორი შვილი ჰყავს. ორივე რუსეთში ცხოვრობს. გორელოვკაში ახლა მარტოა. ქათმები ჰყავდა, მაგრამ ისინიც ვიღაცამ მომპარაო, წუხს. სახლის საქმეებს რომ მოამთავრებს, იღებს ფოტოაპარატს და გორელოვკას ორღობეებში, მინდვრებში მიდის სასეირნოდ. ყვავილებით მოქარგულ სუფრაზე ბლინები, ფაფა, მურაბა და ხელსახოცები დევს. მაგიდა ორ კაცზეა გაშლილი. ეს მარიას ფოტოა:

„ვიღებ ფოტოაპარატს და მინდორში გავდივარ. იმდენი ახალი რამ გავიგე, ისეთი საინტერესოა. ამ სოფელში დავიბადეთ, გავიზარდეთ, მაგრამ ჩვენი მხარე არ გვცოდნია. დავდივარ ხოლმე და, ამ მინდვრების შემხედვარე, ბავშვობას ვიხსენებ, როგორ ვცხოვრობდით, როგორ მუშაობდნენ ჩვენი მშობლები. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. შეწყდა. ახლა აღარ არის ის ცხოვრება. აღარ ვცხოვრობთ ისე მხიარულად. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ფოტოების გადაღება. აი, მივდივარ ქუჩაში, ვხედავ ბატკანს და ვუღებ ფოტოს. ძროხას მოვკრავ თვალს, იმასაც გადავუღებ ფოტოს. კარგი ფოტოაპარატია და ფოტოებიც კარგი გამომდის“, - მეუბნება მაშა.

გამოფენა
გამოფენა

27 წლის კარინე გურგერიანი ხუთი წელია ოჯახთან ერთად თბილისიდან გორელოვკაში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ გორელოვკაში თბილისისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო, მეუბნება, რომ იქაურობა ძალიან შეუყვარდა. ფოტოგრაფია მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა, ეს ოცნება კი გორელოვკაში, ფოტოკლუბში აიხდინა. სხვა ფოტოკლუბელების მსგავსად, კარინეც გორელოვკას ყოველდღიურობას იღებს. ფოტოებს მათვალიერებინებს:

„ესენი ჩემი დისშვილები არიან. ესენი ჩემი სიძე და მისი დის ოჯახი. ტბაზე ნავით სეირნობენ. მიყვარს პეიზაჟების გადაღება. ხალხის გადაღებაც მიყვარს. საინტერესოა ადამიანების გადაღება, როცა ისინი ისვენებენ“, - ამბობს კარინე.

აი, ეს ჩემი სახლია. მეზობლიდან მოვდიოდი და დავინახე, როგორ მიჰყავდა მამას თავისი შვილი ციგით. მომეწონა და გადავიღე. თან, ნახე, აქ რა კარგად ჩანს თოვლი...
თამრიკო ბერიძე

თამრიკო ბერიძე ფოტოკლუბის ყველაზე პატარა წევრია. ის 15 წლისაა. პირველი ფოტო, რომელსაც გამოფენაზე ვამჩნევ, სწორედ მისია. ცისფრად შეღებილ კლასში, მწვანე დაფასთან, ოქროსფერი წვიმით თავზე, პატარა, 6-7 წლის გოგო დგას. თეთრი სიფრიფანა კაბა და ყავისფერი, უხეში ზამთრის ფეხსაცმელი აცვია. იცის, რომ თამრიკო ფოტოს უღებს. წელში გამართული დგას და ობიექტივში იყურება. კედელზე ფერადი ნახატები კიდია. მხოლოდ სკოლის მოსწავლე თუ გადაუღებს ასეთ ფოტოს სკოლის მოსწავლეს, იმიტომ რომ ეს მისი ცხოვრებაა. ამ ფოტოს გვერდით „ზამთრის გორელოვკა“ კიდია. ველოსიპედიან კაცს ციგით პატარა ბიჭი მიჰყავს:

„აი, ეს ჩემი სახლია. მეზობლიდან მოვდიოდი და დავინახე, როგორ მიჰყავდა მამას თავისი შვილი ციგით. მომეწონა და გადავიღე. თან, ნახე, აქ რა კარგად ჩანს თოვლი. ბავშვობიდან ვოცნებობდი ფოტოგრაფობაზე. ახლა, ნათელას დახმარებით, ამიხდა ეს ოცნება. ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ სოფლის ცხოვრება მეტად“, - ამბობს თამრიკო.

იმ ფოტოებზე, რომლებიც გორელოვკის ფოტოკლუბელებმა თბილისში ჩამოიტანეს, ნაკლებად ჩანს ფერადი, მოხატული სახლები. ეს შეულამაზებელი გორელოვკაა. რეალური. ისეთი გორელოვკა, რომელშიც დამწყებ ფოტოგრაფებს უწევთ ცხოვრება. ყოველდღიური პრობლემებით, ხანდახან უჟმური ამინდით, ხანაც მზიანი ამინდით. ისეთი პორტრეტებით, მიმიკას რომ არავინ აკონტროლებს - გულიანი სიცილით თუ ნამდვილი სევდით. ალბათ, გაუმართლათ ამ ფოტოგრაფებს. ისინი ფოტოგრაფებისათვის ყველაზე საინტერესო, ძვირფას გარემოში ცხოვრობენ - იქ, სადაც თითოეული წამი ფოტოში შეგიძლია მოაქციო.

XS
SM
MD
LG